ჭურჭლის სარეცხის მანქანის პოპულარობა მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო და დღესდღეობით ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია მსოფლიოში. თუმცა, მიუხედავად ამ მოწყობილობის ასეთი წარმატებისა, მომხმარებელთა აზრი ორად იყოფა: არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჭურჭლის სარეცხ მანქანას კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს გამოგონებად მიიჩნევენ და ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ეს არის სრულიად უსარგებლო ნივთი, რომლის მნიშვნელობაც გადამეტებულია. მაგალითად, დედაჩემი ამ უკანასკნელი „ბანაკის“ წარმომადგენელია და დარწმუნებულია, რომ ხელით უფრო მარტივად და სწრაფად რეცხავს.
მაინც რომელ მხარესაა სიმართლე? ჩემი აზრით, ამ მხრივ ერთი კონკრეტული „სწორი პასუხი“ არ არსებობს, რადგან საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირადად მე, ამ შემთხვევაში ე.წ. „შუაშისტი“ ვარ. მაქვს ჭურჭლის სარეცხის მანქანა, ვიყენებ მას ძალიან კარგად, მაგრამ არანაირად არ ვთვლი, რომ ის სრულიად შეუცვლელი ნივთია. რატომ? ამ კითხვაზე პასუხს ქვემოთ მოცემულ პუნქტებში იპოვით:
ზომა
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით სხვადასხვა მოცულობის ჭურჭლის სარეცხის მანქანები გვხვდება ბაზარზე, არ არსებობს მოდელი (რესტორნის სპეციალურ ტექნიკას თუ არ ჩავთვლით), რომელიც სრულად დაიტევს წვეულების ან ოჯახური ვახშმის შემდეგ დაგროვილ ყველა სახის ჭურჭელს ერთ ჯერზე. თქვენ შეიძლება „ჩაატიოთ“ თეფშები და ჭიქები, მაგრამ დიდი ზომის ქვაბების, ტაფების და სხვა დამხმარე ჭურჭლის გარეცხვა მაინც ხელით მოგიწევთ. ან შეგიძლიათ დაელოდოთ თუ როდის გაირეცხება „პირველი ნაწილი“ და შემდგომ გარეცხოთ დარჩენილი ჭურჭელი, თუმცა როგორც ცნობილია, ჭურჭლის სარეცხი მანქანის მინიმალური სრულფასოვანი ციკლი დაახლოებით 1.5 საათს გულისხმობს (არსებობს ამაზე ხანგრძლივი რეჟიმებიც), შესაბამისად, დაცდა დიდხანს მოგიწევთ და თუ ჩემსავით მოუთმენელი ბუნება გაქვთ, ეს ვარიანტი თავიდანვე უნდა გამორიცხოთ.
მაგრამ სულ არაფერს ხომ ჯობია? რა თქმა უნდა, კი! პირადად მე, ჭურჭლის სარეცხ მანქანას ყოველთვის ვიყენებ დიდი სტუმრიანობის შემდეგ და მიუხედავად იმისა, რომ რაღაც რაოდენობის ჭურჭლის ხელით რეცხვა მაინც მიწევს, ყოველ ჯერზე ამ პროდუქტის გამომგონებლის ლოცვაში ვარ, რადგან 40 თეფშს და მილიონ დანა-ჩანგალს სათითაოდ რომ არ ვრეცხავ ხელით და სტუმრების წასვლიდან 15 წუთში „თავისუფალი ვარ ჯარიდან“, ეს უკვე უდიდესი დახმარებაა ჩემთვის.
ინდივიდუალური ცხოვრების წესი
ვერ ვიტყვი, რომ ჭურჭლის სარეცხ მანქანას ვიყენებ ყოველ დღე. არა იმიტომ, რომ მე უკეთ ვრეცხავ, ვიდრე მანქანა, არამედ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ მაქვს. ჩვენი ოჯახი 4 წევრისგან შედგება, აქედან ორი მცირეწლოვანი ბავშბია. შესაბამისად, ერთობლივი საუზმის ან სადილის შემთხვევაშიც კი არ გვიგროვდება იმდენი ჭურჭელი, რომ ღირდეს ტექნიკის გამოყენება. ვიცი, რომ ბევრი მიმართავს „დაგროვების“ პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ ოჯახის წევრები მთელი დღის მანძილზე ალაგებენ მანქანაში ჭუჭყიან ჭურჭელს და როდესაც ის შეივსება, მხოლოდ მაშინ რთავენ რეცხვის რეჟიმს. ჩემთვის ეს ვარიანტი არ მუშაობს, რადგან არ მომწონს, როდესაც ჭურჭელს საკვების ნარჩენები ახმება (რაც გარდაუვალია, თუ მას რამდენიმე საათით დავტოვებთ გაურეცხავს). თუმცა, ის, რომ მთელი დღე გასარეცხ ჭურჭელს ვერ ვუყურებ, ეს მხოლოდ ჩემი ახირებაა და სინამდვილეში, ამაში ტრაგიკული არაფერია. ასე რომ, ჭურჭლის მანქანის გამოყენების სიხშირე თქვენი ცხოვრების წესზეა დამოკიდებული და ამ წესს ადგენთ თავად თქვენ თქვენივე საჭიროებებიდან გამომდინარე.
კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ინდივიდუალური ცხოვრების წესზეა დამოკიდებული, არის ის თუ რამდენად ხშირად ამზადებთ სახლში საკვებს. თუ თქვენ უმეტესად იძახებთ ან მზა საკვებს ყიდულობთ, მაშინ ჭურჭლის სარეცხი მანქანა იდეალური და მარტივი გამოსაყენებელია ყოველდღიურობაში. თუმცა, თუ თქვენ უფრო ხშირად სახლში ამზადებთ საკვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ გასარეცხი გაქვთ არა მხოლოდ თეფშები, ჭიქები და დანა-ჩანგალი (რაც მარტივია), არამედ ქვაბები, ტაფები, ჯამები, ხორცსაკეპი მანქანის ელემენტები და ა.შ.. ეს კი მდგომარეობას ართულებს, რადგან ხშირად მანქანა ისე ეფექტურად ვერ უმკლავდება მიმწვარ ცხიმს ან საკვებს და საჭირო ხდება ხელით გარეცხვა. ეს სავსებით ნორმალურია, რადგან ჭურჭლის სარეცხის მანქანა პირველად აშშ-ში და დასავლეთ ევროპაში გამოჩნდა, შესაბამისად ეს გამოგონება მორგებულია ამ კულტურებზე. ევროპელებს და ამერიკელებს არ უფიქრიათ იმაზე თუ როგორ გარეცხავს მოწყობილობა ქვაბს, რომელსაც მაგალითად, ღომის ქერქი აქვს მიკრული ან ქვაბს, რომელსაც წიწიბურა მიეწვა და ა.შ. შესაბამისად, არსებობს სიტუაციები, როცა ხელით რეცხვა გარდაუვალია და ამისთვის თავიდანვე მზად უნდა იყოთ.
„თუ ამდენი უნდა ვიწვალო, ბარემ ხელით ავრეცხავ“
ჭურჭლის სარეცხის მანქანის მოხმარებას საკუთარი ეტიკეტი აქვს. პირველი და უმთავრესი წესი იმას გულისხმობს, რომ ჭურჭელი უნდა განთავისუფლდეს საკვების ნარჩენებისგან. სწორედ ამიტომ, ჭურჭელი ჯერ უნდა გაიწმინდოს (ქაღალდის ხელსახოცით ან უბრალოდ გამდინარე წყლით) და შემდეგ მოთავსდეს მანქანაში. ეს არის მარტივი პროცედურა, რომლის გამო „დედაჩემის ბანაკის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ „ამდენი წვალება არ ღირს და ხელით უფრო მარტივად გარეცხავენ“. თუმცა, ეს ასე არ არის (თუ საქმე წინა პუნქტში ნახსენებ სიტუაციას არ ეხება). ბუნებრივია, თუ ბრინჯი მიგეწვათ, ასეთი ქვაბის სარეცხ მანქანაში მოთავსებაზე არც კი უნდა იფიქროთ და რა თქმა უნდა, ეს პრობლემა თქვენი ჩარევის გარეშე ვერ მოგვარდება, მაგრამ თუ საუბარია მხოლოდ თეფშებზე, ჭიქებზე და დანა-ჩანგალზე, აქ სხვაგვარი სიტუაცია გვაქვს.
ძალიან დიდი განსხვავებაა ჭურჭლის საფუძვლიანად გარეცხვასა და უბრალოდ გადავლებას შორის. შესაბამისად, როდესაც თქვენ თეფშს ონკანის ქვეშ ორი წამით აჩერებთ, რომ მირჩენილი კეტჩუპი მოშორდეს, ხარჯავთ ნაკლებ დროს და რაც მთავარია, ნაკლებ ენერგიას, ვიდრე მაშინ, როცა არა მხოლოდ კეტჩუპი უნდა „გადარეცხოთ“, არამედ საფუძვლიანად უნდა გარეცხოთ ეს თეფში სარეცხი საშუალებების გამოყენებით.
ამას გარდა, არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი, რომელიც ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენების აუცილებლობაზე გვაფიქრებს. საუბარია დეზინფექციაზე. ბუნებრივია, ხელით რეცხვის დროს ჩვენ არ ვამუშავებთ ჭურჭელს ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, შესაბამისად, ბაქტერიების გავრცელებას ვერ ვეწინააღმდეგებით სათანადოდ. სარეცხი მანქანის შემთხვევაში კი ეს პრობლემა სრულად მოგვარებულია და შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ.
სპეციფიკური ჭურჭელი
ჩემი აზრით, ჭურჭლის სარეცხი მანქანის ყველაზე სუსტი მხარე ის არის, რომ მასში ყველა ტიპის ჭურჭელი არ ირეცხება. თანამედროვე დიასახლისებს ეს პრობლემა არ აწუხებთ, რადგან დღესდღეობით ყველა ბრენდი ცდილობს, რომ ისეთი პროდუქცია აწარმოოს, რომელის გამოყენება ჭურჭლის მანქანაში უსაფრთხოა. თუმცა, თუ თქვენ ჩემსავით გიყვართ ანტიკვარული ჭურჭელი, შეეგუეთ იმ აზრს, რომ ის ყოველთვის ხელით უნდა რეცხოთ. არ დამავიწყდება ჩემი შოკი, როდესაც ერთხელ, მოოქროვილი ღვინის ჭიქები შევაწყვე სარეცხ მანქანაში (სრულიად გაუაზრებლად) და ცოტა ხანში გამოვიღე აბსოლუტურად გადაკრიალებული ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – ულამაზესად მოხატული სასმისების ნაცვლად, მივიღე სრულიად ჩვეულებრივი გამჭვირვალე შუშის ჭიქები.
რა შეგვიძლია ვთქვათ შეჯამების სახით?
ჭურჭლის სარეცხის მანქანა არის კარგი დამხმარე და არა იდეალური ნივთი. შესაბამისად, ის ცოცხალ ადამიანურ ძალას ვერ ჩაანაცვლებს და ამის ფუჭი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ის, თუ რამდენად ხშირად გამოიყენებთ მას, თქვენი ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარია კომფორტი და არა გამოყენების სიხშირე. შეიძლება თქვენ მას თვეში მხოლოდ ერთხელ იყენებდეთ, მაგრამ ზუსტად იმ ერთი დღის შემსუბუქებული საქმე წონიდეს ყველაფერს და გიხალისებდეთ ყოველდღიურობას. და თუ ეს ასეა, მაშინ ნამდვილად გიღირთ მასში ინვესტირება.