in

ანტიკური ქალაქებით შთაგონებული „teamtwo“-ს პროექტი არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულია

არქიტექტურული კომპანია „teamtwo“ 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ერთ სივრცეში აერთიანებს სამშენებლო სფეროს როგორც არქიტექტურულ, ასევე კონსტრუქციული მომსახურების ნაწილს. გარდა იმისა, რომ „teamtwo“ მრავალფუნქციური არქიტექტურულ-საინჟინრო კომპანიაა, მისი უპირატესობა ამერიკის ბაზარზე მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილების მქონე გუნდია. კომპანია დამკვეთს ოთხ ძირითად მიმართულებაზე მუშაობას სთავაზობს: არქიტექტურა, კონსტრუქცია, ინტერიერის დიზაინი და ქალაქგეგმარებითი ნაწილები. ეს პროცესები საკმარისია საიმისოდ, რომ დამკვეთმა სწორად დააპროექტოს, შეათანხმოს პროექტი და შემდგომ, განახორციელოს თავისი ჩანაფიქრი.

გარდა მიმდინარე დაკვეთებისა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია არქიტექტურულ კონკურსებში მონაწილეობაც. ამ მხრივ საინტერესო სიახლეა ის, რომ „კნაუფ გიპს თბილისის“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონკურსში — „ნუშები“, „teamtwo“-ს პროექტმა — „სასტუმრო კომპლექსი ნუშების ბაღში“ პირველი ადგილი დაიმსახურა.  პროექტი, რომელიც მრავალფუნქციურ სასტუმრო და საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს, მრავალფეროვან და დაბალანსებულ გარემოს ქმნის, სადაც საცხოვრებელი და საზოგადოებრივი სივრცეები გამწვანებულ ზონებთან ერთად თანაარსებობს და ერთმანეთს და ლანდშაფტს ჰარმონიულად ერწყმის. აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტი ანტიკური ქალაქების გეგმარებითა და კონცეფციით არის შთაგონებული და ესთეტიკისა და სიმეტრიის ურთიერთკავშირს ეფუძნება. დღევანდელ სტატიაში „teamtwo“-ს მუშაობის პროცესსა და გამარჯვებული პროექტის დეტალებზე კომპანიის თანადამფუძნებელი, ნუცა ნადარეიშვილი გვესაუბრება.

ნუცა, პირველ რიგში, გვესაუბრეთ „teamtwo“-ს მუშაობის პროცესზე, თქვენთვის მნიშვნელოვან ნამუშევრებზე და იმ კონკურსებზე, რომელშიც კომპანია აქტიურადაა ჩართული.

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია როგორც არქიტექტორებით, ასევე კონსტრუქტორებით, ამიტომ პროექტის ინიცირების ეტაპზევე ხდება ორივე დისციპლინის ერთად გააზრება, რაც მომავალში  კარგად დაგეგმარებული პროექტისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება.  2019 წლიდან არაერთ პროექტზე გვიმუშავია, თუმცა რამდენიმე მათგანი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მაგალითად, ლისზე დავაპროექტეთ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი, რომლის გეგმარება ძალიან სახასიათოა და საქართველოში არსებული მსგავსი ტიპის ობიექტებისგან განსხვავებულია.  აღსანიშნავია სასტუმროს პროექტი უწერაში — „მანინო უწერა“, რომელიც ჩვენმა ერთ-ერთმა მთავარმა არქიტექტორმა, შოთა საგანელიძემ დააპროექტა  და რომელმაც “FIABCI World Prix d’Excellence” დაჯილდოებაზე გაიმარჯვა. ძალიან საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა მანავში, ღვინის ქარხნის პროექტი, რომლის ფასადი ნაწილობრივ დატკეპნილი მიწითაა ამოყვანილი. ამ პროექტზე ჩვენს ბრიტანელ კოლეგებთან O’Brian Van der Steen Workshops-თან ერთად ვიმუშავეთ. პირადად მე კი ძალიან მიყვარს ოდის შთაგონებით შექმნილი საცხოვრებელი სახლი რაჭაში, რომლის ექსტერიერი და ინტერიერი რაჭის არქიტექტურული ტრადიციებითაა შთაგონებული.

რაც შეეხება კონკურსებს, ვცდილობთ, აქტიურად ჩავერთოთ ამ პროცესშიც. მაგალითად, ერთ-ერთ პირველ კონკურსში, რომელშიც მონაწილეობა მივიღეთ — „ჩემი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“, მეორე ადგილი მოვიპოვეთ. პროექტი იმით იყო საინტერესო, რომ მის იდეად ბაზრის, როგორც საჯარო სივრცის დემოკრატიული გამოვლინების კონცეფცია იყო აღებული. ბაზარი ქმნის ქალაქის სხვადასხვა სოციალური და კულტურული ფენის მოსახლეობისათვის თანაბარუფლებიან სიბრტყეს, აერთიანებს მათ და კომუნიკაციის საშუალებას აძლევს. სწორედ ბაზრის მოდელის სამეზობლო მასშტაბში გადმოტანით შევეცადეთ პროექტში იმ სოციალური კავშირების გამართვას, რომლებიც ჯანსაღი და დატვირთული თანაცხოვრების სივრცეს ქმნიან.

მომდევნო კონკურსი კინოსტუდიის ძველი შენობის რეკონსტრუქციას და განვითარებას გულისხმობდა, რომელიც ისევ ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად გავაკეთეთ და აქაც განსხვავებული და საინტერესო კონცეფცია შევიმუშავეთ — იმისათვის, რომ  ტერიტორია კარგად ინსოლირებული ყოფილიყო, საპროექტო მოცულობა უფრო თხელი და მაღალი დავაპროექტეთ, ხოლო გამოთავისუფლებული ტერიტორია კვლავაც საზოგადო სივრცეს — ერთგვარ პლაზას დავუთმეთ, რომელიც საპროექტო ძველი და ახალი შენობების და მათში განთავსებული ფუნქციების ცენტრად მოიაზრება.

მესამე კონკურსი კი “კნაუფის” ორგანიზებით ჩატარდა („ნუშები“), რომელშიც ჩვენმა პროექტმა ­— „სასტუმრო კომპლექსი ნუშების ბაღში“ პირველი ადგილი დაიმსახურა, რაც ძალიან გვახარებს.

ვისაუბროთ თავად კონკურსზე “ნუშები” და საპროექტო დავალებაზე

პირველ რიგში, ხაზგასასმელია ის, რომ კონკურსი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, ჟიური კი არქიტექტორებითა და საქმის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული, რაც ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა.

რაც შეეხება საპროექტო დავალებას, დასაპროექტებელი იყო სასტუმრო კახეთში, სოფელ ხირსაში თავისი ინფრასტრუქტურით – სპა, მოსასვენებელი, საგამოფენო და სარეკრეაციო ადგილებით. ამასთანავე, თავად ტერიტორიის მეპატრონეს ამ ადგილას საცხოვრებელი სახლის განთავსებაც სურდა. შესაბამისად, მთავარ ამოცანას წარმოადგენდა მრავალფუნქციური კომპლექსის დაპროექტება.

ზოგადად, პროექტზე მუშაობისას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ პროექტის საზოგადო კომპონენტების გააზრებას და განვითარებას. აღნიშნულ პროექტშიც განსაკუთრებული დატვირთვა მივანიჭეთ საზოგადო, რეკრეაციულ და თავშეყრის სივრცეებს, რომლის ირგვლივაც მოთხოვნილი ფუნქციები არის განვითარებული. კონცეპტუალურად შენობა ერთი მთლიანი ბლოკია, რომელშიც ძირითადად ერთ სართულზეა განლაგებული დამკვეთის მიერ მოთხოვნილი ყველა ფუნქცია, მათ შორის კერძო საცხოვრებელიც. ამგვარად, საზოგადო „შიდა ეზოების“ გარშემო განვითარებული ფუნქციები და მათი დამაკავშირებელი პრომენადები ერთ მთლიანობას ქმნიან.

First floor plan

როგორც ჩვენთვის ცნობილია, პროექტის იდეა ეფუძნება რომაული ქალაქების სიმეტრიასა და ეგვიპტური ბაღების იდეას, რომელიც ერთ სივრცეში ერთიანდება, გვიამბეთ უფრო ვრცლად პროექტის კონცეფციაზე და სამუშაო პროცესზე  

მე და ჩემმა კოლეგამ და „teamtwo“-ს წევრმა  ნიკოლოზ გურაბანიძემ, რომელიც ასევე კონცეფციისა და პროექტის თანაავტორია, შთაგონება ანტიკური გეგმარებიდან, რომაული, ბერძნული, ეგვიპტური ქალაქებიდან ავიღეთ, რომლებიც სრულყოფილი სიმეტრიით და ესთეტიკური მახასიათებლებით გამოირჩევიან.

ანტიკური ქალაქების გეგმარება, ხასიათდებოდა რამდენიმე ძირითადი პრინციპით, რომლებიც მიზნად ისახავდა ორგანიზებული, ეფექტური და ესთეტიკურად სასიამოვნო ურბანული სივრცეების შექმნას. ეს ძირითადი პრინციპებია: ბადისებური გეგმარება; კარდო და დეკუმანუსი; ფორუმი; საზოგადოებრივი შენობები; ინფრასტრუქტურა; ამფითეატრები და თეატრები; თავდაცვითი კედლები; საჯარო სივრცეები და ბაღები; სიმეტრია და ესთეტიკა.

ჩვენ ვეცადეთ, ეს პრინციპები დაგვედო საფუძვლად ჩვენი კონცეფციისთვის და წარმოგვედგინა ის, როგორც ორი განსხვავებული კულტურული ფენის გადაფარვა. აქ ადრე ჩამოყალიბებული ბუნებრივი ნიმუშები დაფარულია ახალი არქიტექტურული ტექსტით, რომელიც შთაგონებულია ზემოთ აღნიშნული იდეებით. შენობის კონცეფცია ქმნის მრავალფეროვან და დაბალანსებულ გარემოს, სადაც საცხოვრებელი და საზოგადოებრივი სივრცეები, გამწვანებულ ზონებთან ერთად თანაარსებობენ ერთ სივრცეში და ქმნიან ახალ მწვანე ზონებს, რაც აუმჯობესებს კავშირს როგორც შენობის სხვადასხვა ფუნქციასთან, ასევე ბუნებასთან და ითავსებს სოციალურ ფუნქციასაც, ისევე როგორც ფორუმი ანტიკურ ქალაქებში. ბადე, რომელიც ამ ყველაფრის შემკვრელია, ისეთი მკაცრი მოწესრიგების სისტემაა, რომ თითოეულ ნაკვეთს თავად შეუძლია გამოავლინოს სრულიად უნიკალური იდენტობა. შემოთავაზებული შენობა წარმოდგენილია როგორც არქიტექტურულ-სემიოტიკური ნიშანი. ის დაცლილია ფუნქციებისგან და თავად არის გამოფენის ადგილი სხვა ფუნქციებისთვის.

კლიმატური პირობები, აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალში საკმაოდ მკაცრია, რაც გამოიხატება მზის ძლიერი ზემოქმედებით, თითქმის არ არის ნალექი (არსებობის შემთხვევაში ხშირად სეტყვის სახით) და პრაქტიკულად მუდმივი ალაზნის ხეობის ნიავია. დახურული სივრცეები და კოლონადები უზრუნველყოფს მზისგან დაცვას ზაფხულის ცხელ დღეებში და ამავე დროს, ხელს უწყობს კარგ განიავებას. ისევე როგორც ძველ ეგვიპტურ, თუ აღმოსავლურ ქალაქებში. შეიძლება ითქვას, რომ პროექტის იდეა ეფუძნება რომაული ქალაქების, სიმეტრიისა და ეგვიპტური ბაღების იდეას, რომელიც ერთ ჭერქვეშ არის გაერთიანებული და დაფუძნებულია ბადისებრი მოწყობის პრინციპზე, რომლის იდეაც ეხმიანება ნუშის ხეების ბადისებ განაშენიანებას.

კონცეპტუალური ინსპირაცია: Sennefer Garden found. in Tomb of the Vines by Ippolito Rosellini

პროექტში არსებული კოლონები ზუსტად იმეორებს ნუშის ხეების სიმეტრიულ წყობას, რაც, თავის მხრივ, თავს იჩენს შენობის გადახურვაშიც, რომელიც კესონური გადახურვის ნიმუშია. ეს ერთიანობა ქმნის შთაბეჭდილებას თითქოს ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული და ერთ მთლიანობას გამოხატავს.

შენობის ფასადი რითმული და მარტივია, როგორც ფორმით ასევე მასალის გადაწყვეტით. იგი ერთდროულად ქმნის კონტრასტს, თუმცა კი არ ჯაბნის გარშემო ბუნებას. პირიქითაც კი, კონტრასტის საშუალებით ორივე მხარე უფრო წარმოჩინდება.

საერთო ჯამში, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, შეგვექმნა ისეთი არქიტექტურა, რომელიც თავისი არსითა და კონცეფციით  იქნებოდა მნახველისთვის საინტერესო და ვიზიტორი კონკრეტულად ამ ატმოსფეროს, სივრცეების და არქიტექტურის სანახავად ჩამოვიდოდა კახეთში, რათა განსაკუთრებული გამოცდილება მიეღო.

რა იყო პროექტზე მუშაობის მთავარი გამოწვევა?  

მთავარი გამოწვევა იყო დავალებაში აღწერილი ფუნქციების საპროექტო ტერიტორიაზე ისე გადანაწილება, რომ ერთმანეთთან კომპაქტურად და გამართულად ყოფილიყვნენ შეკავშირებული. ეს გამოწვევა განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ჩვენი კონცეფციის – ანუ ყველა ფუნქციის ერთ სართულად, ერთ ბლოკში მოთავსების პირობებში. ამიტომაც, შენობაში ფუნქციათა სწორი განაწილება შრომატევადი პროცესი აღმოჩნდა, თუმცა სწორად გაწერილი კონცეფციის და არქიტექტორ-კონსტრუქტორების ინიცირების პროცესიდანვე ჩართულობის დამსახურებით, ვფიქრობთ, ბოლოს საინტერესო და გამართული შედეგი მივიღეთ.

როგორც აღნიშნეთ, პროექტის დამუშავების საწყის ეტაპზე ჩართული იყო როგორ არქიტექტორთა, ასევე კონსტრუქტორთა გუნდი. როგორ ფიქრობთ, რა უპირატესობა აქვს ამ ტიპის მუშაობას და რამდენად უზრუნველყოფს ამგვარი მიდგომა პროექტის წარმატებას? 

უმნიშვნელოვანესია პროექტის საწყის ეტაპზევე, კონსტრუქტორებმა და არქიტექტორებმა ერთად დაიწყონ ფიქრი იდეაზე და ორივე დისციპლინამ პარალელურად და ერთიანად შეიმუშაოს პროექტის კონცეფცია. ასეთი მუშაობის შედეგად, პროექტს განვითარებისას არქიტექტორსა და კონსტრუქტორს არ უწევს ერთმანეთზე „მორგება“ და მუდმივი ჭიდილი. მათ თავიდანვე ერთად აქვთ ნაფიქრი თითოეულ დეტალზე, რაც პროექტის ჭკვიანური და მდგრადი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა და განაპირობებს მის წარმატებას. ასეთ შემთხვევაში დამკვეთიც ბევრად მოგებული რჩება, რადგან ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული, რითაც იზოგება როგორც ფინანსური, ასევე დროის რესურსი.

როგორც ამბობთ, კომპანია აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა კონკურსში, საინტერესოა, თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა ენიჭება არქიტექტურის სფეროს განვითარებისთვის არქიტექტურულ კონკურსებს?

ვფიქრობთ, არქიტექტურის განვითარებასა და მის წინსვლაში კონკურსებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ბოლო პერიოდში საქართველოში ამ მხრივ პროფესიული საზოგადოება გააქტიურდა და შესაბამისად ჩატარებულმა კონკურსებმაც იმატა, რაც მისასალმებელია. ჩვენი რწმენით, კონკურსები არქიტექტორებს საშუალებას გვაძლევს, ჩვენი შემოქმედებითი უნარი გამოვავლინოთ. რაც მთავარია, კონკურსები დამწყებ, ახალგაზრდა არქიტექტორებს საკუთარი ნიჭის გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს და მათ ცნობადობის გაზრდაში ეხმარება.

დაბოლოს, გაგვიზიარეთ  „teamtwo“-ს სამომავლო გეგმები

„ნუშების“ პროექტის გარდა, გვაქვს არაერთი საინტერესო მიმდინარე პროექტი, რომლებიც საცხოვრებელ, კერძო და მრავალბინიან სახლებს მოიცავს. ვმუშაობთ ძალიან საინტერესო პროექტზე ავლაბარში, ასევე გვაქვს მოლაპარაკებები სასტუმროს პროექტთან დაკავშირებითაც. ამავდროულად, ვცდილობთ, კვლავ აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა ამერიკისა და ევროპის ბაზარზე საცხოვრებელი თუ სასტუმრო შენობების პროექტირების მიმართულებით.

[R]

არქიტექტურა, როგორც გარემოსა და ადამიანის თანაარსებობის საშუალება — ინტერვიუ დევი ქიტუაშვილთან

ტიხრების გარეშე შექმნილი არასტანდარტული ინტერიერი შვეიცარიაში