მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის – Tefal-ის სასაქონლო ნიშის ისტორია, რომელიც 1954 წლიდან იწყება, ფრანგი ინჟინრისა და მეთევზის – მარკ გრეგუარის დიდ აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. წებოვანების თვისების არარსებობის გამო, მან სათევზაო ანკესისთვის ტეფლონი გამოიყენა.
თავდაპირველად, გრეგუარის აღმოჩენა სამზარეულოს ტექნიკის წარმოებისგან შორს მყოფ დარგებში გამოიყენებოდა – ძირითადად საჰაერო კოსმოსური ტექნოლოგიის დიზაინში.
ტეფლონით დაფარული პირველი ტაფა გრეგუარის ოჯახის მიერ დამზადდა. წყვილი მიხვდა, რომ ალუმინი, რომელსაც არაფერი ეწებება, შეიძლებოდა ასიათასობით ქალის ხსნა გამხდარიყო. აღმომჩენის მეუღლის მიერ სასწაულებრივი ტაფის წარმატებული გამოცდის შემდეგ, პატენტის მოპოვების ხანგრძლივი პროცესი დაიწყო.
Tefal 1956 წელს დაარსდა. ახლად დაარსებულმა მწარმოებელმა სახელწოდება ორი სიტყვის კომბინაციისგან მიიღო – Teflon და Aluminum. კომპანიის მიერ წარმოებულმა ტაფებმა სწრაფად მოიპოვა როგორც დიასახლისების, ისე გამოცდილი მზარეულების ნდობა. 1958 წელს მილიონზე მეტი ტაფა გაიყიდა, ერთი წლის შემდეგ კი დაახლოებით 3 მილიონი.
60-იან წლებში ევროპაში აღიარებულმა Tefal-ის ბრენდმა საზღვარგარეთის ბაზრის დაპყრობა დაიწყო. ამერიკელი ხალხი სიახლით აღფრთოვანებული იყო, თვეში დაახლოებით მილიონი ტაფა იყიდებოდა.
ბიზნესი აყვავდა და მარკ გრეგუარმა გადაწყვიტა მართვის სადავეები გამოცდილი მენეჯერებისთვის გადაეცა, თვითონ კი თავის საყვარელ საქმეზე – გამოგონებაზე კონცენტრირდა. როგორც ყოველთვის, მან შესანიშნავ შედეგებს მიაღწია. მალე Tefal-მა პროდუქციის ასორტიმენტი გააფართოვა – სამზარეულოს სხვადასხვა ტექნიკას საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაც დაემატა.