in

ტექნოლოგიები და დიზაინი

როგორ ზემოქმედებენ ახალი ტექნოლოგიები სივრცის გაფორმებასა და რეალობის აღქმაზე? ვიზუალური გადაწყვეტილებების მსოფლიო ტენდენციას  არა მხოლოდ ჩვენთვის ჩვეული ადგილების იერში (კაფე, რესტორანი, სასტუმროები) შეაქვს თავისი კორექტირებები, არამედ ჩვენთვის აქამდე უცნობი შეგრძნებების განცდის საშუალებასაც იძლევა. მოდით, მსოფლიო პრაქტიკების მაგალითებით, უფრო მეტის გაგება ვცადოთ.

მაღალტექნოლოგიური კედელი პარიზის შუაგულში

თავისი ბრენდის, როგორც ინოვაციურის, პოზიციონირების სურვილით „Sofitel Paris“-ის მესაკუთრეს სასტუმროს შესასვლელში ციფრული კედლის მოწყობის იდეა მოეწონა. დიზაინერებსა და ტექნიკოსებს, იდეალურად ინტეგრირებული, ინფორმატიული და ინტერაქტიული მისალმების კედლის შექმნა თხოვეს, რომელიც ასევე ინტუიციურად გასაგები ინსტრუმენტი უნდა ყოფილიყო და სტუმრებს მასთან ურთიერთქმედება შესძლებოდათ. ამავე დროს პერსონალისთვის კედელი მართვასა და განახლებაში მარტივი უნდა ყოფილიყო.

სასტუმროს სტუმრებს ძალიან მოწონთ ეს გამოცდილება. დილით შეიძლება დავინახოთ პარიზის რუკებით მოსარგებლე ადამიანები, ხოლო საღამოს ეკრანის მენიუთი მოთამაშე სტუმრები. ნებისმიერი მონაცემის ჩამოწერა შესაძლებელია მობილურ მოწყობილობებზე.

პირველი რეალიზებული ინტერაქტიული რესტორანი ტაივანში

ამ არატიპიურ რესტორანში დამკვეთი და დიზაინერები ცდილობდნენ შეესწავლათ და აეგოთ ადამიანის რესტორანში ქცევის ახალი ტიპი. ამიტომ, დიზაინერები შეეცადნენ სხვა სივრცული ელემენტების მინიმიზირებასა და მომხმარებლების ქცევაზე კონცენტრირებას.

ინტერაქტიული მაგიდა „MoJo iCuisine“ – არის მოდულური მაგიდა, რომელიც ორ ადამიანზეა გათვლილი. ის სენსორებითა და მიმზიდველი ვიზუალური ინტერფეისითაა აღჭურვილი, რომელიც ორი საპირისპირო მხრიდან ყურებისთვისაა შემუშავებული.

სენსორების გამოყენებით მომხმარებლებს შეუძლიათ მრგვალი მენიუს შეხებით შეკვეთა გააკეთონ, შეცვალონ ციფრული სუფრა, ნახონ რეკლამა, ითამაშონ თამაშები, შეავსონ ანკეტები, შეამოწმონ ან გადაიხადონ ანგარიში. კერძის შეკვეთას სამზარეულო მყისიერად ღებულობს. ტექნოლოგიური გამოგონებების წყალობით, ურთიერთკავშირი რესტორანსა და სტუმარს შორის ინტერაქტიული ურთიერთობაა.

მომნუსხველი რესტორანი ოკეანეზე ცენტრალურ შანხაიში

მსოფლიოში ძალიან ცოტაა ადგილი, სადაც ნამდვილი სენსორული გამოცდილება შეგვიძლია მივიღოთ. „Ultraviolet“-ი ერთ-ერთია მათ შორის და ვახშმობის პატარა თეატრს წარმოადგენს. 10 ადგილიანი მაგიდის ირგვლივ ჭერამდე აღმართული შუქდიოდური ეკრანებია მოწყობილი. ჭამის თეატრალური  ილეთების დაწყებით ადამიანის ხუთივე შეგრძნება სტიმულირდება და თითოეული კერძის ცვლილებით მძაფრდება. აქ მრავლადაა ვიზუალური და ხმოვანი ეფექტები: ქარი, რომელიც  ქარბუქს გვაგონებს, წყალში ჩაყვინთვის ვიზუალური სიმულაცია, ზღვის პროდუქტების ოკეანის არომატის თანხლებით შემოტანა. ტრაპეზის ბოლოს თქვენ იგრძნობთ, რომ ამერიკულ სენსორულ გორაკებზე იმყოფებით და თქვენი ადგილის დაუტოვებლად სხვა მრავალი თავგადასავალი გელით.

ტოკიოს რესტორნის ინტერაქტიული ინტერიერი, რომელიც წელიწადის დროების მიხედვით იცვლება

სამხატვრო და ტექნიკოსთა გუნდმა, ტოკიოს რაიონ გინძაში, შთამბეჭდავი ინტერაქტიული რესტორანი შექმნა. ექსკლუზიური ადგილი დღეში მხოლოდ რვა სტუმარს ემსახურება და უნიკალურ მულტისენსორულ გამოცდილებას სთავაზობს. რომელიც გადასცემს გემოს, სურნელს და იაპონიის ბუნებრივ სილამაზეს. საოცარი სივრცე ელეგანტურ სამზარეულოსა და პროექციების შოუს ითავსებს, რომლებიც რესტორნის კედლებსა და მაგიდებს ფარავენ. პროეცირებული ობიექტების ზომები და ფორმები ასევე დამოკიდებულია მაგიდაზე გაშლილ კერძებზე. ეს ქმნის მუდმივი ცვლილების გარემოს, რომელიც იაპონიის წელიწადის დროთა ცვლილების გათვალისწინებითაა შექმნილი. გარდა ამისა, ვიზუალურ პროექციებზე თვით სტუმრების ქცევაც ზემოქმედებს.

უახლესი სარესტორნო ტექნოლოგია პირდაპირ დუბაიდან

რესტორან “Ebony Interactive Restaurant”-ში დგას მაგიდები, რომლებზეც ინტერნეტ ნავიგაციის სენსორული ეკრანებია. ისინი სტუმრებს მენიუს დათვალიერების, კერძის შეკვეთისა და ადგილიდან სამზარეულოს თვალიერების საშუალებას აძლევს. რესტორნის მესაკუთრეს სადილობის უნიკალური გამოცდილების უახლეს ტექნოლოგიებთან გაერთიანება სურდა. სტუმრებს ასევე შეუძლიათ თავიანთი მაგიდებისთვის სუფრის არჩევა, მისალოცი ბარათების მეზობელ მაგიდებზე გაგზავნა, ტაქსის გამოძახება, სოციალური ქსელების შემოწმება, ასევე ფოტოების დათვალიერება და თანამგზავრებისთვის გაზიარება, ბავშვების მულტფილმებითა და თამაშებით გართობა.

ახალი თაობის რესტორანი ლოდნონში

“Inamo”- პიონერული ბარ-რესტორანია, სადაც ტრაპეზობის კონტროლი სტუმრის ხელშია. ადამიანები მომსახურების დროს ხშირად იღლებიან ლოდინით და განსაკუთრებით წყინთ, როცა მიმტანები ცდებიან. ლონდონის ამ რესტორნის კერძების შეკვეთისთვის საჭირო სენსორული პანელები სტუმრების განკარგულებაშია. მაგიდების თავზე მოთავსებულია პროექტორები ვირტუალური დისპლეის მაგიდაზე მიღებისათვის. აქვეა მრგვალი სენსორული პანელი მენიუში ნავიგაციისთვის. შეკვეთისთვის საკმარისია მაუსით დაწკაპუნება. ინტერაქტიული სისტემა განათებისა და მაგიდის სხვადასხვა ფერის არჩევის საშუალებას იძლევა. ხელმისაწვდომია მთელი რიგი თამაშები. სენსორული პანელებით ნებისმიერ დროს შესაძლებელია სამზარეულოში მიმდინარე პროცესების ნახვა. ასეთი სისტემა იდეალურად უხდება სხვადასხვა ტიპის მომხმარებელსა და განწყობას.

ამგვარად დიზაინი მოცემულ კონტექსტში გვთავაზობს უახლესი ტექნოლოგიებისა და შემოქმედების გაერთიანებას. როგორც ვხედავთ, მოტივი ყველას სხვადასხა აქვს. ზოგი ექსკლუზიურობაზე აკეთებს აქცენტს, სხვები კი მომსახურების ხარისხისა და სტუმრის კმაყოფილების გაზრდას ცდილობენ, თუმცა ეს მიმდინარეობა ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას.

ფერი, ფსიქოლოგია, დიზაინი

ვაბი-საბი – არასრულყოფილების სილამაზე