მარიამ გახოკიძე პროფესიით ბიზნეს ეკონომიკის სპეციალისტია, თუმცა, მისი მოღვაწეობა ამ დარგში ხანმოკლე აღმოჩნდა და დღეს იგი ხელოვნების სფეროში, კერძოდ კი მხატვრობის მიმართულებით საქმიანობს. მარიამი ქმნის გამორჩეული სტილის ნამუშევრებს, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის ნებისმიერი ტიპის ინტერიერს და სივრცეს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს. ეს ჟანრი საკმაოდ პოპულარულია დღევანდელ მსოფლიოში და ის “თანამედროვე ტექსტურირებული ხელოვნების” (Modern texture art) სახელით არის ცნობილი. ამ თემაში უფრო დეტალურად გასარკვევად დღეს Homeis.ge არტისტ მარიამ გახოკიძეს პირადად გაესაუბრა:
– მარიამ, გვიამბეთ, როგორ მოხვდით ხელოვნების სფეროში…
– დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნეს ეკონომიკის მიმართულებით. თუმცა, ამ პროფესიაში დიდხანს არ დავჩენილვარ. ყოველთვის ვგრძნობდი შინაგან სიახლოვეს ხელოვნებასთან, დაინტერესებული ვიყავი ფოტოგრაფიით და ინტერიერის დიზაინით. თავდაპირველად, სამოყვარულო დონეზე შევისწავლე ფოტოგრაფია, რაც საინტერესო იყო ჩემთვის გამოცდილების მიღების თვალსაზრისით. თუმცა, ყოველთვის ძალიან მინდოდა ხატვა, რადგან ვფიქრობ, ეს პროცესი ერთგვარი თერაპიაა. ის, რომ მე დღეს ვხატავ, ჩემი მეუღლის დამსახურებაა. სწორედ მან შემიძინა პირველ ეტაპზე ყველა საჭირო ნივთი (მოლბერტი, საღებავები და ა.შ.), რის შემდეგაც ჩემი ემოცია ტილოებზე გადავიტანე.
ამას გარდა, მეგობრებმაც მომცეს დიდი სტიმული, რომ უფრო მეტი გამეკეთებინა. მათ სჯერათ, რომ მაქვს ამის რესურსი და პოტენციალი. მე მსურდა რაღაც ახალი, სრულიად უცხო, რამაც საბოლოო ჯამში, მომიყვანა დღევანდელ დღემდე. მეგობრების მეშვეობით შევქმენი გვერდები ინსტაგრამზე და ფეისბუქზე. სხვათა შორის, მათივე დახმარებით, საკმაოდ მალე შევიძინე გამომწერები და მივიღე გამოხმაურებაც.
– ვისაუბროთ სამუშაო პროცესზე. როგორ იქმნება თქვენი ნამუშევრები?
– ჩემთვის ეს პროცესი არის თავისუფლებისა და ფაქიზი ტექნიკის ერთობლიობა. ალბათ სწორედ ეს არის ყველაზე სასიამოვნო და მიმზიდველი ჩემს საქმიანობაში – ერთდროულად ვგრძნობ, რომ ზღვარი არ არსებობს, სრულიად თავისუფალი ვარ არჩევანში, მაგრამ ამასთანავე, საბოლოო შედეგის მისაღებად, ვქმნი სწორ და სუფთა ხაზებს. პირადად მე, მუშაობას ვიწყებ ფითხით და ვასრულებ აკრილის საღებავებით. გააჩნია ტილოს ზომას და ფიგურების კომბინაციას… საკუთარ თავს და სურვილებს არ ვზღუდავ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დროის ინტერვალისა და რიგითობის სწორი დაცვა, რომ არ მოხდეს ტექსტურის დაზიანება. ძირითადად სრულ პროცესს რამდენიმე დღე სჭირდება.
– საიდან იღებთ შთაგონებას?
– შთაგონებას ვიღებ ყველასგან და ყველაფრისგან, რასაც ვხედავ, ვეხები, ვგრძნობ… ვაკვირდები ტრენდებს ინტერიერსა და ექსტერიერში, მოდას, პეიზაჟებს, ადამიანებს და ცხოველებს. ამ მიმდინარეობაში მომწონს, რომ ნამუშევარი იქმნება სივრცეში და არა სიბრტყეზე, იგრძნობა ფაქტურა, გააჩნია უჩვეულო და განსხვავებული სტრუქტურა. მაქვს განუსაზღვრელი შესაძლებლობები პროცესში, ნებისმიერ დროს შემიძლია ყველაფრის შეცვლა და გარდაქმნა. მაგალითად, სულ რამდენიმე ხნის წინ, პროცესის ცვლილების დროს, გამიჩნდა ახალი სტილის იდეა – ნამუშევარი 3D-ში. მუშაობის პროცესში წამოსულმა წარმოსახვამ მიბიძგა, რომ ფითხის ფიგურები სივრცულ ფიგურებად მექცია.
– როგორ ფიქრობთ, რა როლს ასრულებს ხელოვნების ნიმუში საცხოვრებელი სახლის ინტერიერში? თქვენი აზრით, რამდენად მისაღებია ნამუშევრის ინტერიერის მიხედვით შერჩევა?
– მჯერა, რომ თითოეული სახლი თავის ენერგიას ატარებს, რომელსაც ისტორიებთან და ადამიანებთან ერთად, ინტერიერიც ქმნის. ინტერიერს, თავის მხრივ, დეტალები განსაზღვრავს, დეტალების დიდი ნაწილი კი, ვფიქრობ, ხელოვნებაა. მიმაჩნია, რომ საცხოვრებელ სახლში ხელოვნების ნიმუში, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანების ხასიათის მიხედვით უნდა შეირჩეს.
როდესაც პირადად მე შევიძინე ბინა, გადავწყვიტე, დიზაინის შემუშავების პროცესი სრულად საკუთარ თავზე ამეღო. დავიწყე ინფორმაციის მოძიება ინტერიერზე, სტილზე, ფერთა გამაზე. ეს იყო ინსპირაციის ერთი-ერთი წყაროც. ვფიქრობ, ჩემი ნამუშევრები ინტერიერს იმდენად ჰარმონიულად ერწყმის, რომ მათი საშუალებით ერთი მთლიანობა იქმნება.
– ვისაუბროთ ფერთა პალიტრაზე. თქვენი ნამუშევრები ძირითადად ნეიტრალურ ტონებშია გადაწყვეტილი. რა არის ამის მიზეზი? რას ნიშნავს თქვენთვის ფერი და რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ ელფერების შერჩევისას?
– ყოველთვის მომწონდა დამჯდარი, ნეიტრალური და თბილი ფერები. ვფიქრობ, ფერთა გამას დიდი გავლენა აქვს ადამიანის ემოციურ განწყობაზე. არ მიყვარს მუქი, მძიმე ტონები და შესაბამისად, არც ვიყენებ მათ. ხშირად კი ფერს ჩემი ფანტაზიით ვქმნი.უპირატესობას ვანიჭებ სიმარტივესა დ სისადავეს, რაც მგონია, რომ ჩემს ნამუშევრებშიც ისახება.
– გვიამბეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე. რას უნდა ელოდონ თქვენი შემოქმედების თაყვანისმცემლები ახლო მომავალში?
– დიახ, მაქვს საინტერესო სამომავლო გეგმები. ახლო მომავალში ვაპირებ პერსონალური გამოფენის მოწყობას და ახლა სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობ ინტენსიურად. მინდა გავაკეთო ისეთი პერფორმანსი, რომელიც დასამახსოვრებელი იქნება როგორც ჩემთვის, ასევე სტუმრებისთვის.