ტექსტურირებული საღებავი არის ის, რაც ქმნის რელიეფურ ზედაპირსა და განსაკუთრებულ ინტერიერის დიზაინს, რომელიც სახლს განსხვავებულ ხასიათს სძენს. ამ სახის საღებავი ოთახში შესვლისთანავე გვხვდება თვალში და დღეს საღებავების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახეობას მიეკუთვნება.
ტექსტურირებული საღებავის გამოყენების შემდეგ ვიღებთ კედელს, რომელიც შეიცავს კომპოზიციებს და არის შედარებით გლუვი ან უხეში.
ტექსტურირებული საღებავი არის შედარებით სქელი, დაახლოებით 15მმ-მდე სისქის მასალა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ მივიღოთ ღრმა, რელიეფური ზედაპირი.
რა უპირატესობები აქვს ტექსტურირებულ საღებავს სტანდარტულთან შედარებით?
ტექსტურირებული საღებავი წყლის ბაზაზე მზადდება, გამოირჩევა საკუთარი ვიზუალით და ხელმისაწვდომია საღებავების ან სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილ თითქმის ყველა მაღაზიაში.
ტექსტურირებული საღებავი ხასიათდება შემდეგი უპირატესობებით:
- ისინი ნიღბავენ კედელზე არსებულ უსწორმასწორო ზონებს, ამიტომ კედლის გასასწორებლად დამატებითი სამუშაოების ჩატარება არ არის საჭირო;
- ტექსტურირებულ საღებავებს არ აქვს მძაფრი ან უსიამოვნო სუნი;
- შრება 2-4 საათის განმავლობაში;
- გამოიყენება ნებისმიერი ტიპის ზედაპირზე, იქნება ეს ბეტონი, ქვა, ხე თუ სხვა;
- მდგრადია ტენიანობის მიმართ და შესაფერისია აბაზანისა და სამზარეულოსთვისაც;
- არ გამოყოფს ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებებს;
- არ იწვევს ალერგიებს;
რა უარყოფითი მხარეები აქვს ტექსტურირებულ საღებავს?
მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი საღებავების გამოყენებას ბევრი უპირატესობა გააჩნია, არსებობს რამდენიმე უარყოფითი მხარეც, რომელთა შორის მთავარი არის ის, რომ კედლიდან მისი ნაწილობრივ მოშორება ან ჩამორეცხვა არ ხდება და საჭიროა მისი საფუძვლიანად მოშორება, რაც საკმაოდ რთული პროცესია და შეიძლება ზედაპირის დაზიანებაც კი გამოიწვიოს.
ამას გარდა, სტანდარტულ საღებავთან შედარებით, ტექსტურირებულ საღებავს აქვს უფრო მაღალი მოხმარება და მისი შეძენა საჭიროა შედარებით უფრო დიდი რაოდენობით.
როგორია ტექსტურირებული ზედაპირის შექმნის მეთოდები?
საღებავის ფენის სტრუქტურა დამოკიდებულია შემავსებელი ნაწილაკების ზომასა და სიმტკიცეზე. ტექსტურირებულ საღებავებში ძირითადად ვხვდებით გრანიტის ან მარმარილოს ნაწილაკებს, ქვიშას, კირისა და წყლის ნარევებს, კვარცს, ნახერხს, მეტალის ნაწილაკებს, აბრეშუმის ბოჭკოებს ან მოდიფიცირებულ სახამებელს.
დიდი, მყარი ნაწილაკები შედარებით უფრო უხეშ რელიეფს ქმნიან და ნარევის სისქეს მეტად ზრდიან.
ტექსტურის შესაქმნელად გამოიყენება სპეციალური ხელსაწყოები, ე.წ აპლიკატორები, თუმცა საღებავის წასმა შესაძლებელია იმპროვიზებული მეთოდითაც, რაც გულისხმობს იმას, რომ საღებავი შეგიძლიათ სუფთა ღრუბელის ან ხელთათმანების დახმარებითაც კი წაუსვათ ზედაპირზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს პროცესი საკმაოდ დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.
რა ტიპის ტექსტურირებული ზედაპირები არსებობს?
ექსპერტები განასხვავებენ ტექსტურირებული ზედაპირის რამდენიმე ტიპს.
„მისური“ ზედაპირი არის ტექსტურა, რომელიც იქმნება მრუდი ხაზებით და ტალღებს ჰგავს. ხაზები შეიძლება იყოს რელიეფური ან გლუვი. რელიეფური ტალღები ძირითადად ხელით იქმნება და კედელზე თითების დახმარებით ნაწილდება. ამ სახის რელიეფი ყველაზე მარტივად იქმნება ისეთი ტექსტურირებული საღებავის გამოყენებით, რომელსაც მოდიფიცირებული სახამებელი აქვს დამატებული.
„ცვილის“ ეფექტი იქმნება ცვილის შემცველი საღებავებით. როდესაც საღებავი შრება, კედელი ქვას ემსგავსება, ხოლო ფერების დამატებით, ზედაპირს ენიჭება სასურველი დიზაინი და სტილი. ამ მეთოდის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ცვილის შემცველი საღებავის პოვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ ხშირად, საღებავს ცარცს ან შპალერის წებოს უმატებენ და სასურველ შედეგს ასე იღებენ.
„რელიეფური“ ტექსტურა შეიძლება იყოს რამდენიმე სახის და ჰქონდეს ქერქის, ბეწვის, ბზარების ან სხვა მსგავსი ფორმები. ამ მეთოდის გამოყენებისას არ არსებობს რაიმე კონკრეტული დიზაინი ან შეზღუდვები. რელიეფური ზედაპირი მიიღება მარმარილოს ან გრანიტის ნაწილაკების შემცველი ტექსტურირებული საღებავის გამოყენებით.
„აბრეშუმის საფარის“ ეფექტის მქონე ზედაპირი გლუვია და მცირე უხეშობა ახასიათებს. საღებავი, რომელიც აბრეშუმს წააგავს, შეიცავს ცელულოზასა და ბამბის ბოჭკოებს.
„მოზაიკის საფარი“ შეიცავს ნაწილაკებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ფერებით და საბოლოო ჯამში, სხვადასხვა ტონალობებს ქმნის.
როგორია ტექსტურირებული საღებავის ღირებულება?
როგორც ზემოთ აღინიშნა, კედლის შეღებვისას ტექსტურირებული საღებავის უფრო დიდი რაოდენობა არის საჭირო, ვიდრე სტანდარტული საღებავის გამოყენების შემთხვევაში. ამის გამო, ძირითადად, ვხვდებით 2.5ლ და 10ლ მოცულობის საღებავებს, რომელთა ფასიც დაახლოებით 50-100 ლარიდან იწყება და 10 ლიტრისთვის 500 ლარამდე იზრდება.
ფასები დამოკიდებულია ტექსტურაზე, ფერსა და ხარისხზე. რაც უფრო მრავალფეროვან ზედაპირს ქმნის საღებავი, მით უფრო მაღალია მისი ღირებულებაც.