in

„ტერაკოტა” – როგორ შემოიტანა ქართული თიხის ბრენდმა ახალი ტრენდი ინტერიერის დიზაინში

თიხის დამუშავება საქართველოში ათასწლეულების ისტორიას ითვლის. ეს უძველესი ოსტატობა ახალ სიცოცხლეს იძენს ბრენდ „ტერაკოტას” სახით, რომელიც 2023 წელს დაფუძნდა და უმოკლეს დროში ქართული ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა და დღეს, თბილისში, ვასილ პეტრიაშვილის #32-ში მდებარე შოურუმში მასპინძლობს მომხმარებლებს.

ყველაფერი კი ასე დაიწყო – დიდი ზომის თიხის ქოთნების ძიებისას, თაკო სურგულაძემ და სალომე პატარიძემ აღმოაჩინეს, რომ ქართულ ბაზარზე ასეთი პროდუქცია უბრალოდ არ არსებობდა. გაბედული გადაწყვეტილება მიიღეს: „მოდი, ჩვენ თვითონ გავაკეთოთ“. ჟურნალისტმა და მარკეტერმა საკუთარი თავი თიხის უძველეს ხელოვნებაში აღმოაჩინეს და ქართული ინტერიერის დიზაინში ახალი სიტყვაც თქვეს.

„ტერაკოტას” ფილოსოფია მარტივი და სიღრმისეულია – ეს გახლავთ უძველესი კულტურის თანამედროვე ინტერპრეტაცია თანამედროვე სივრცეებისთვის. ტერაკოტას ფერის ნატურალური თიხის ქოთნები ჰარმონიულად ერწყმის თანამედროვე მინიმალისტურ დიზაინს და ქმნის ბალანსს უძველესსა და თანამედროვეს შორის.

ერთი წლის განმავლობაში, მათ შეძლეს არა მხოლოდ ბიზნესის დაფუძნება, არამედ დაარღვიეს სტერეოტიპი, თითქოს ეთნოგრაფიული ელემენტები ვერ ერწყმის თანამედროვე დიზაინს და აჩვენეს, რომ ტრადიციული ელემენტები სივრცეს უნიკალურობასა და ხასიათს ანიჭებს.

როგორ აღმოჩნდით მარკეტინგიდან და ჟურნალისტიკიდან თიხის უძველესი კულტურის სამყაროში?

თაკო: ჩვენი პროფესიული გზები მართლაც შორს იყო ამ მიმართულებისგან. 18 წლის ასაკიდან და საკმაოდ აქტიურად ვიყავი ჩართული ჟურნალისტიკაში. „ტერაკოტას“ ამბავი სწორედ მაშინ დაიწყო, როცა პროფესიული პაუზა ავიღე და სახლის მოწყობით დავკავდი. ერთხელ, სახლისთვის დიდი ზომის თიხის ქოთნების შეძენა დამჭირდა და აღმოვაჩინე, რომ ქართულ ბაზარზე ასეთი პროდუქცია არ არსებობდა. მოვიარეთ მთელი თბილისი, მაგრამ ვერსად ვნახეთ ისეთი დიდი, ლამაზი ქოთნები, როგორიც მინდოდა. არადა, ევროპაში მოგზაურობისას ასეთი ქოთნები რესტორნებსა და სასტუმროებში მქონდა ნანახი.

ჩვენთან რომ ვერაფერი ვნახე, სალომეს ვუთხარი – „მოდი, ჩვენით გავაკეთოთ“. ასე დაიწყო ჩვენი საქმიანობა. სწორედ ამ გადაწყვეტილების შედეგია, რომ დღეს, „ტერაკოტას“ ქოთნები ვერანდაზე დგას და ყინვასაც, წვიმასაც და თოვლსაც ძალიან კარგად უძლებს.

სალომე: მე მარკეტინგის სპეციალისტი ვარ და სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობდი ამ სფეროში. პროექტში ჩართვისას, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მთლიანი ხედვა კარგად მქონდეს გააზრებული მომხმარებლის პერსპექტივიდან, ბრენდის იდენტობიდან საბოლოო პროდუქტამდე. „ტერაკოტა“ ამ მხრივაც იდეალური აღმოჩნდა. როცა თაკომ ეს იდეა მომაწოდა, მივხვდი, რომ აქ ჩემი მარკეტინგული ხედვაც ძალიან დაგვეხმარებოდა.

მალე აღმოვაჩინეთ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ექსპერიმენტი ან ჰობი. პირველივე წელს ისეთი დიდი მოთხოვნა გაჩნდა, რომ ვალდებულები გავხდით, უფრო სერიოზულად და მასშტაბურად მივდგომოდით საქმეს.

დღეს ეს ჩემთვის უკვე მთავარი საქმიანობაა. მე ვარ ფრილანსერი მარკეტერი და შემიძლია ამ პროექტებს შევუთავსო „ტერაკოტა“. ეს სამუშაო ძალიან მიყვარს და რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, დასვენების შეგრძნებას მანიჭებს. სულ სხვა განცდაა, როცა ამ ქოთნებს შეხედავ და ხვდები, რომ ეს ყველაფერი შენ შექმენი.

პირველი ქოთნიდან პირველ კოლექციამდე – როგორ განვითარდა ბრენდი უმოკლეს დროში?

თაკო: პირველი ქოთნის შექმნიდან კოლექციამდე გზა საოცრად დინამიკური იყო. თავიდან ეს მართლაც პირადი საჭიროების მოგვარება გახლდათ. პირველი ქოთანი, რომელსაც Artisanal დავარქვით, უძველესი ქართული დოქის ფორმით იყო შთაგონებული. გვინდოდა, ეს ფორმა ყოველთვის ყოფილიყო ჩვენს კოლექციაში, რადგან კარგად ასახავს თიხის წარმოების ქართულ ტრადიციას.

პირველი ნიმუშების შექმნისთანავე, საოცრად სწრაფად გაჩნდა ინტერესი არა მხოლოდ ინდივიდუალური მომხმარებლებისგან, არამედ კაფეებისა და სასტუმროებისგანაც. ეს ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო. დღეს კი, დაარსებიდან ასე მოკლე დროში, უკვე საკუთარი შოურუმი გვაქვს.

განსაკუთრებული მოტივაცია შეგვმატა იმან, რომ ერთი ძალიან ცნობილი ადამიანი დაგვიკავშირდა, რომელიც პირადად არ გვიცნობდა. იცოდა, ეს საქმე ახალი დაწყებული რომ გვქონდა, მაგრამ მაინც მოგვანდო შეკვეთა. ეს იყო ბიძგი, რომ უფრო სერიოზულად მივდგომოდით ამ ყველაფერს. მალევე მივხვდით, ბევრად უფრო დიდ მასშტაბზე უნდა გვემუშავა.

სალომე: ჩვენი კონცეფცია თავიდანვე ნათელი იყო – უძველესი საქმიანობის თანამედროვე ინტერპრეტაცია, ბუნებრივი პროდუქტი თანამედროვე სივრცეებისთვის. ბრენდის განვითარება 2023 წლიდან დაიწყო და მართლაც ძალიან სწრაფად წავიდა წინ. პირველი კოლექცია შევქმენით იმის მიხედვით, რაც ჩვენ თვითონ მოგვწონდა – ყველა დეტალი, ყველა ნივთი იყო ისეთი, რომელსაც ჩვენს სახლში, ეზოში თუ აივანზე გამოვიყენებდით.

ბიზნესად გარდაქმნა იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ჩვენც გაგვიკვირდა. როგორც მარკეტინგის სპეციალისტი, მარტივად შევძელი ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბება. 

თქვენი დიზაინი ერთდროულად ატარებს ისტორიულ ხასიათსაც და თანამედროვე განწყობასაც…

სალომე: ჩვენი შთაგონების წყარო იყო მოგზაურობა, ფილმები, მაგრამ ამ პროცესში მივხვდით, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, საიდანაც დაიწყო თიხის დამუშავება – ეს უძველესი საქმიანობაა, ქართული თიხა კი უნიკალური და გამძლეა.

დიზაინის კუთხით, მთავარი მიმართულება მინიმალიზმია, რადგან თვითონ თიხა და ქოთანი იმდენად დატვირთულია საკუთარი არსითა და წარმომავლობით, რომ მივხვდით, დამატებით არ უნდა გადაგვეტვირთა.

ბაზარზეც დროულად აღმოვჩნდით – სკანდინავიური ფერები ძალიან აქტუალურია და ჩვენი ბუნებრივი თიხა იდეალურად ჯდება თანამედროვე ინტერიერში. ეს არ არის მხოლოდ ნივთი, ესაა შეგრძნება და ენერგეტიკა, განსაკუთრებით, როცა მასში მწვანე მცენარეა.

თაკო: ჩვენს დიზაინებში ისტორია და თანამედროვეობა მართლაც თანაარსებობს. ეს ალბათ ჩვენი მიდგომიდანაც მოდის – ჩვენც ტრადიციული პროფესიების წარმომადგენლები ვართ (ჟურნალისტიკა, მარკეტინგი), მაგრამ მათ თანამედროვე ინტერპრეტაციას ვაკეთებთ.

ისტორიულ მხარეს ვინარჩუნებთ იმით, რომ ვიყენებთ ძველ, ტრადიციულ ფორმებს და ვმუშაობთ მასალაზე, რომელიც კაცობრიობის უძველესი ოსტატობის ნაწილია. როცა თიხას ეხები, გრძნობ კავშირს ძველ საუკუნეებთან და ეს შეგრძნება ბუნებრივად ითარგმნება პროდუქტში.

თანამედროვე ელემენტები შემოგვაქვს ფერებით, მინიმალისტური მიდგომით, დაზიანებისა და დაძველების ეფექტებით. პროცესში ფიზიკურად ვართ ჩართული – საკუთარი ხელით ვამუშავებთ ქოთნებს, ვაძლევთ ფერს, ვქმნით დაძველების ეფექტს. ალბათ 90-მდე საღებავი მაინც გვაქვს ერთმანეთში არეული, რომ მივიღოთ ზუსტად ისეთი ეფექტი, როგორიც გვსურს.

როდესაც ინტერიერის დიზაინერები ჩვენს პროდუქციას იყენებენ, ქმნიან ამ ბალანსს უძველესსა და თანამედროვეს შორის. ქოთანი თავისთავად ინტერიერის ძველებური ელემენტია, მაგრამ როცა მას მინიმალისტურ, თანამედროვე სივრცეში ათავსებ, ამ კონტრასტით განსაკუთრებულ ხასიათს სძენ. ამ ბალანსის დაცვა მომხმარებელსაც მოსწონს. ევროპაში, განსაკუთრებით იტალიასა და საფრანგეთში, თიხის ქოთნები თანამედროვე სივრცეებში აქტიურად გამოიყენება. საქართველოში ჩვენს ქოთნებს ბევრგან ნახავთ – ყვარლის ტბაზე, ლოპოტასა და სხვა თანამედროვე ქართულ სივრცეებში.

გვიამბეთ თქვენს გამორჩეულ პროექტებზე…

სალომე: ჩვენი პროექტები მრავალფეროვანია და თითოეული თავისებურად გამორჩეულია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენი ბრენდის ფილოსოფიას კარგად გამოხატავს, იყო „ბოიგარსი“, რომელიც რუსთაველზე გაიხსნა. მათი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ჰქონოდათ ქართული შტრიხები, მაგრამ თანამედროვე ინტერპრეტაციით. ზუსტად ჩვენი ქართული თიხის ქოთნებით შეძლეს ქართული ელემენტების შეტანა თავიანთ საერთაშორისო მულტიბრენდულ მაღაზიაში. წარმოიდგინეთ, ქალაქის მთავარ გამზირზე, თიხის ქოთნებით აწყობილი კონსტრუქციები. ეს ჩვენთვისაც ექსპერიმენტი იყო, რადგან ჩვენგან განსხვავებული სტილი შევარჩიეთ, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა!

გარდა დედაქალაქისა, ვამაყობთ რეგიონული პროექტებითაც. ყვარლის ტბაზე განხორციელებული პროექტი ჩვენთვის გამორჩეულია, ასევე ლოპოტა და ბათუმის სხვადასხვა კაფე-რესტორნისთვის შექმნილი ქოთნები.

ჩვენთვის თითოეული პროექტი მნიშვნელოვანია, იქნება ეს დიდ ბიზნესთან თანამშრომლობა თუ ინდივიდუალური კლიენტისთვის შექმნილი ერთი ქოთანი. მაგრამ განსაკუთრებულად გვახარებს, როდესაც ჩვენი ბრენდის ფილოსოფია – ძველი ქართული ტრადიციის თანამედროვე ინტერპრეტაცია – ასე ბუნებრივად ჯდება სხვადასხვა ინტერიერსა და ექსტერიერში.

თაკო: ჩვენი პირველი ნაბიჯები ლოკალურ ბაზარზე იყო, მაგრამ მალევე დავიწყეთ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელება. ერთ-ერთი პირველი დიდი გამოწვევა იყო, როდესაც გავაკეთეთ ქოთნები რესტორნებისა და კაფეებისთვის. ეს იყო წერტილი, როდესაც მივხვდით, რომ ჩვენი პროდუქცია მხოლოდ საცალო მომხმარებლებისთვის კი არა, ბიზნესებისთვისაც საინტერესოა.

საინტერესოა, რომ ჩვენი ექსპორტის პირველი გამოცდილებაც უკვე გვაქვს. სომხეთიდან დაინტერესდნენ და შეიძინეს ჩვენი ქოთნები, რაც იმის მანიშნებელია, რომ მეზობელ ქვეყნებშიც არის ინტერესი. ეს პირველი ნაბიჯია საერთაშორისო ბაზარზე, რაც მომავალში გვსურს, რომ უფრო გავაფართოვოთ.

თითოეული პროექტის განხორციელებისას ვგრძნობთ, რომ არ ვქმნით უბრალოდ პროდუქტს – ვაგრძელებთ ტრადიციას. განსაკუთრებით მახარებს, როდესაც უცხოელი სტუმრები საკუთარ ქვეყნებში ბრუნდებიან ჩვენი პროდუქციით. ამით ქართული კულტურის პატარა ნაწილს ატარებენ თან.

როგორ შეარჩიეთ სახელწოდება „ტერაკოტა“?

სალომე: საინტერესოა, რომ არც მოგვიძიებია და არც არავისგან გადმოგვიტანია რაიმე უცხოური გამოცდილება ამ სახელთან დაკავშირებით. თიხას შევხედეთ, დავინახეთ მისი ფერი და უცბად გადავწყვიტეთ – მოდი, „ტერაკოტა“ დავარქვათ. როგორც კი ეს სახელი ვახსენეთ, უცბად ყველაფერი გასაგები გახდა და ვიგრძენით, რომ ეს იდეალურად მოერგო ჩვენს ხედვას.

ლოგოს ქვეშ აწერია „23“, რაც ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ჩვენთვის. გვინდოდა, რომ წლების გასვლის შემდეგ, ადამიანებმა იცოდნენ – ეს ბრენდი 2023 წელს დაფუძნდა. ვფიქრობდით მომავალზე, როცა ხალხი ჩვენს პროდუქციას ნახავს და დაინტერესდება, როდის დაიწყო ეს ყველაფერი.

თვითონ ლოგოც ამ ფილოსოფიას ასახავს – ის ტერაკოტას ფერშია გადაწყვეტილი და პატარა ქოთნის ვიზუალს მოიცავს. ეს არის ის ფორმა, საიდანაც ძალიან ბევრი ჩვენი იდეა მომდინარეობს. ბრენდის სახელი და ვიზუალური იდენტობა ყველაფერში იგრძნობა – შეფუთვაში, ბარათებსა და მთელ ჩვენს კომუნიკაციაში.

თაკო: განსაკუთრებით მომწონს, რომ ეს სახელი საერთაშორისოდაც გასაგებია – „ტერაკოტა“ ბევრ ქვეყანაში იგივე მნიშვნელობას ატარებს და ადამიანებს ზუსტად ის ასოციაციები უჩნდებათ, რაც ჩვენ გვსურს. ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე გასვლას ვგეგმავთ.

ლოგოტიპის შექმნისას ვცდილობდით, სიმარტივე და ბუნებრიობა შეგვენარჩუნებინა. ძალიან მომწონს, როგორ გამოვიდა საბოლოოდ – მინიმალისტური, მაგრამ გამომხატველი. ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენი პროდუქციაა.

როგორ ფიქრობთ, რა გავლენას ახდენს ტერაკოტა ზოგადად ქართული ინტერიერის დიზაინზე?

სალომე: როდესაც დავიწყეთ, ქართულ ბაზარზე თითქმის არ არსებობდა მაღალი ხარისხის თიხის ნაწარმი თანამედროვე ინტერიერებისთვის. ეს ნიშა პრაქტიკულად თავისუფალი იყო. დღეს, უკვე ხედავთ, რომ ყველა მაღალი კლასის ობიექტი, იქნება ეს რესტორანი, სასტუმრო თუ კაფე, ცდილობს, შეიტანოს ქართული ელემენტები ინტერიერში.

ვფიქრობ, “ტერაკოტას” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი ისაა, რომ დავარღვიეთ სტერეოტიპი, თითქოს ეთნოგრაფიული ელემენტები ვერ ერწყმის თანამედროვე დიზაინს. პირიქით, სწორად შერჩეული, ესთეტიკურად გააზრებული ტრადიციული ელემენტები სივრცეს უნიკალურობასა და ხასიათს ანიჭებს.

ინტერიერის დიზაინში შეიმჩნევა დიდი ინტერესი ქართული ტრადიციული ელემენტებისადმი. ამის კარგი მაგალითია „ბოიგარსის“ პროექტი, სადაც ეს ბალანსი იდეალურად არის დაცული. ბევრი მათგანი, ვინც თავდაპირველად ერთ ქოთანს ყიდულობდა, მოგვიანებით მათი კოლექციონერი გახდა – ამატებს ახალ ელემენტებს, ცვლის და ათანამედროვებს საკუთარ სივრცეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პროდუქცია არ არის ერთჯერადი ტრენდი, არამედ ხდება ინტერიერის მუდმივი, განვითარებადი ნაწილი.

თაკო: ვფიქრობ, “ტერაკოტას” გავლენა ქართულ დიზაინზე უკვე თვალსაჩინოა და ეს სახეზეა ყველგან, სადაც ჩვენს პროექტებს ვახორციელებთ. ინტერიერის დიზაინში ვამჩნევთ ტენდენციას, რომ სულ უფრო მეტი დიზაინერი უბრუნდება ბუნებრივ მასალებს, განსაკუთრებით კი ისეთს, რომელიც საქართველოს ისტორიასთან არის დაკავშირებული. თიხა ამ მხრივ იდეალურია – ის აერთიანებს როგორც ბუნებრიობას, ასევე ისტორიულ ღირებულებას.

კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია, რომელსაც ვხედავ, არის მზარდი ინტერესი მცენარეების მიმართ ინტერიერში. თიხის ქოთნები კი იდეალურია მცენარეებისთვის, რადგან, როგორც ვამბობთ ხოლმე, „თიხა სუნთქავს“. ეს ნიშნავს, რომ მცენარე თავს უკეთ გრძნობს ასეთ გარემოში და ინტერიერიც უფრო ცოცხალი და ბუნებრივი ხდება.

ვფიქრობ, თანდათან, ჩვენი საქმიანობის შედეგად, ქართული დიზაინის ენაში ბუნებრივი ელემენტები უფრო ფასეული ხდება. ადამიანები ხვდებიან, რომ ავთენტური, ბუნებრივი მასალით შექმნილი ნივთი შეიძლება იყოს როგორც პრაქტიკული, ასევე ესთეტიკურად მიმზიდველი. ამ მხრივ “ტერაკოტა” არა მხოლოდ პროდუქტს ქმნის, არამედ ხელს უწყობს ახალი დიზაინერული აზროვნების ჩამოყალიბებას საქართველოში.

გვიამბეთ განვითარების გეგმებზე და როგორ ხედავთ „ტერაკოტას“ გზას საერთაშორისო ბაზარზე?

თაკო: განვითარების გეგმები მართლაც ბევრი გვაქვს, თუმცა ვცდილობთ, არ ავჩქარდეთ. საზღვარგარეთ გასვლამდე, გვსურს სრულად გავიმყაროთ პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე. გარდა სომხეთისა, დაინტერესება უკვე არის აზერბაიჯანიდანაც. ვფიქრობთ, მეზობელი ქვეყნები შეიძლება იყოს პირველი ეტაპი ჩვენი საერთაშორისო ექსპანსიისთვის.

ერთ-ერთი გამოწვევა ექსპორტისას ლოგისტიკის საკითხია – თიხის ნაწარმი მსხვრევადია და სპეციალურ შეფუთვას საჭიროებს. ვმუშაობთ, რათა პროდუქციის უსაფრთხო მიწოდება უზრუნველვყოთ.

აქვე აღვნიშნავ, რომ მსურველთათვის, შოურუმში ადგილზეც გვაქვს პროდუქცია, რაც საკმაოდ მოსახერხებელია მათთვის, ვისაც შეკვეთიდან უმოკლეს დროში სჭირდება „ტერაკოტას“ ნაწარმი.

ადგილობრივი განვითარებისთვის ვგეგმავთ მცირე ზომის ქოთნების წარმოების გაფართოებას და დეკორატიული ელემენტების კოლექციის გამდიდრებას. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, მეტი ადამიანისთვის გავხდეთ ხელმისაწვდომი, მათთვისაც, ვისაც დიდი სივრცე არ აქვს.

სალომე: ექსპორტისთვის მნიშვნელოვანია ქართული ბრენდის ისტორიის თხრობა. ვიაზრებთ, რომ ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ პროდუქტს – ვყიდით ქართულ ისტორიას, კულტურას და  ტრადიციას.

ვცდილობთ, ჭკვიანურად შევარჩიოთ ქვეყნები. გასაკვირია, მაგრამ ჩვენი სამიზნე არ არის იტალია, საფრანგეთი ან საბერძნეთი, სადაც თიხის წარმოების საკუთარი ძლიერი ტრადიციები აქვთ. უფრო ვფიქრობთ გაერთიანებულ ემირატებზე, აშშ-ზე – იმ ქვეყნებზე, სადაც ასეთი პროდუქციის დეფიციტია.

განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის აღმოსავლური ბაზრები. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ბუნებრივი, გამძლე თიხის ქოთნებს იქ დადებითი გამოხმაურება ექნებათ.

„ტერაკოტას” შოურუმის მისამართი: #32 ვასილ პეტრიაშვილის ქუჩა, თბილისი

[R]

ფოტოგრაფი: ლუიზა ჩალათაშვილი

ბინა ეთნიკური და თანამედროვე შტრიხებით – მარიამ დემეტრაშვილის პროექტი აღმაშენებლის გამზირზე

მცირე ზომის საძინებელი ინგლისურ სტილში – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის