in

ტერაკოტას ფერი ინტერიერში — 7 წარმატებული კომბინაცია

ინტერიერში ტერაკოტას ტონები თიხის ჭურჭელს, აღმოსავლურ სანელებლებს, კოცონის ალს და სამხრეთის მზით დამწვარ ესპანური ჰასიენდების უხეშ კედლებს მოგაგონებთ. მაინც რომელ ტონებს უხდება ეს ყველაზე თბილი ელფერი? დღეს 7 მომგებიან ვარიანტს შემოგთავაზებთ.

ტერაკოტა + ნაცრისფერი

ტერაკოტას მდიდარ ელფერებს დომინანტური ბუნება აქვს, ისინი კარგად ეხამება ნეიტრალურ ტონებს, რომლებიც ყურადღებას არ იქცევს. ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ნაცრისფერია.

გამომწვარი თიხის შეფერილობა თბილ ნაცრისფერ ტონებთან და მოღრუბლული ცის ცივ ფერებთან შესანიშნავ კონტრასტს ქმნის.

ტერაკოტა + კრემისფერი

თბილი და მშვიდი კავშირი. არ აქვს მნიშვნელობა ამ წყვილში რომელია „მთავარ როლში“, ვინაიდან ეს ელფერები, ნებისმიერი პროპორციით, ერთმანეთს ჰარმონიულად ავსებს.

ინტერიერი, რომელშიც მხოლოდ კრემისფერი ფიგურირებს, როგორც წესი, ერთფეროვნად მიიჩნევა. ტერაკოტას ტონები კი, ნეიტრალური ფერთა სქემის ფარგლებში დარჩენით, საერთო სურათის გაცოცხლებას შეუწყობს ხელს.

ტერაკოტა + ლურჯი

თამამი და ეფექტური წყვილი. ეს კომბინაცია კარგად გამოიყურება დიდ ფართობზე, მაგრამ თუ ორი გაჯერებული ელფერისთვის ზედმეტად დიდი ვიზუალური სივრცის დათმობა გაშინებთ, მათთვის ნეიტრალური მსუბუქი ფონი შეარჩიეთ. კარგი კომბინაცია იქნება ლურჯი დივანი ტერაკოტას ფერის ბალიშებით (ან პირიქით) ნათელი კედლების ფონზე.

ტერაკოტა + მწვანე

თბილი ტერაკოტის კიდევ ერთი ღირსეული კონტრასტული კომპანიონი არის მწვანე.

უმჯობესია, ამ წყვილის კომბინაციისთვის მდუმარე ბუნებრივი მწვანე ტონები შეარჩიოთ. ტერაკოტას მოვარდისფრო ელფერისთვის კი ზურმუხტისფერია შესაფერისი.

ტერაკოტა + თეთრი

თეთრი კედლების მოყვარულებს შეუძლიათ ტერაკოტას ფერის დივნები, სავარძლები, ხალიჩები და აქცენტური ელემენტები თამამად დაამატონ ინტერიერს. მზის ჩასვლის დამამშვიდებელი ელფერი თეთრი სივრცეებისთვის ​​თანდაყოლილ ცივ სტერილურობას განმუხტავს.

ტერაკოტა + ყვითელი

ამ წყვილს ძალიან თბილი ურთიერთობა აქვს. ტერაკოტა შესანიშნავად ერწყმის მშრალი ჩალის ტონებს. ფერების ეს ტენდენცია მოდას დაუბრუნდა 1970-იანი წლებიდან — ეპოქიდან, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში დიზაინერების შთაგონების ამოუწურავ წყაროდ იქცა.

კომბინაცია არა მხოლოდ თბილია, არამედ სტრესის საწინააღმდეგოც და შესაფერისია საძინებლისთვისაც კი, სადაც გაჯერებული ელფერების გამოყენება ყველაზე ხშირად გვაშინებს.

ტერაკოტა + ხის ელფერები

სხვადასხვა ტიპის ხის ელფერები ტერაკოტას ტონებს შესანიშნავად ეხამება. ასეთი კომბინაცია ყველაზე ბნელ ოთახსაც კი ვიზუალურად გაათბობს.

რთული, მაგრამ არაკონფლიქტური ტერაკოტა ნებისმიერ ბუნებრივ ელფერს შეეფერება. ის კონტრასტულ ფერებთან „მეგობრობს“ და ახლო „ნათესავებთან“ კარგად გამოიყურება, მაგრამ ნეონის ტონებთან „მეზობლობა“ არ გამოსდის.

მიუხედავად მისი სიმკვეთრისა, ტერაკოტა ნუ შეგაშინებთ. ის ყურადღებას იპყრობს, თუმცა — არ მოითხოვს მას. ტერაკოტა გვაძლევს გარანტიას, რომ ჩვენი ინტერიერი დამამშვიდებელი ბუნებრივი ასოციაციებით აივსება.

და ბოლოს, თუ ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდით კონკრეტულ ელფერზე, გიზიარებთ ჩვენს რჩეულ ტერაკოტას ტონებს კაპაროლის კატალოგიდან:

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

მოდერნისა და მინიმალიზმის ნაზავით შთაგონებული ბინა ჭავჭავაძეზე – სტუდია SAMI-ის ნამუშევარი

Realtor.ge-მ კომპანიაში რობოტი დაასაქმა