მთაგორიანი რელიეფის გათვალისწინებით, ჩვენს გარემოში სწორი სიბრტყეების დეფიციტია, თუმცა, ამის მიუხედავად, არქიტექტურულმა სტუდია Laboratory of Architecture #3-მა გაშლილ, სწორ მინდორზე სახლი პავილიონი შექმნა. პროექტს ქართველი არქიტექტორები – დიმიტრი შაფაქიძე და ირაკლი აბაშიძე ხელმძღვანელობდნენ. პავილიონის საერთო ფართობი 350 კვადრატული მეტრია და ის 2023 წელს აშენდა.
არქიტექტორების სურვილი ისეთი სახლის დაპროექტება იყო, რომელსაც სამხრეთიდან უხვად მოეფინებოდა მზის სხივები და ამჟამად ის მსუბუქი კოლონების კონტურებით, მათ შორის გარემოსთან ურთიერთქმედებაში მყოფი კონტრასტული ფერით დგას სწორ, მისთვის სპეციალურად შექმნილ სცენაზე, რომელიც ეკონომიური მეთოდით, მიწის გადანაწილებითა და რელიეფის ცვლილებით ჩამოყალიბდა, რაც პროექტის დაგეგმარების პროცესში მთავარი გამოწვევა იყო.
ჩარჩოს პრიზმაში გამოსახული ცის და დღის შუქის განუყრელობა ამ სახლის მეხუთე ელემენტს წარმოადგენს, რომელიც შლის საზღვრებს ინტერიერსა და ექსტერიერს შორის. მეტიც, შიდა და გარე სივრცეს სიმბიოზურად ირეკლავს და აკავშირებს ერთმანეთთან. ერთი შეხედვით შენიშნავთ, რომ სცენაზე მდგარი ერთსართულიანი სახლი მაცდურ ეფექტს ქმნის, რომელიც უფრო მართკუთხა ფორმისაა, ვიდრე ყუთის მაგვარი.
აღსანიშნავია სივრცითი განზომილებები. გარემო ადგენს დიქოტომიას საერთო და პირად სივრცეებს შორის. ქვედა სართულზე განთავსებულ ოთახებს, მათ შორის აბაზანას, ცალკეული, ეზოები აქვთ, რაც ამრავალფეროვნებს საცხოვრებელ გამოცდილებას. მეპატრონის განსაკუთრებულმა სიყვარულმა მცენარეების მიმართ კი გამორჩეული გახადა ზამთრის ბაღის შექმნის იდეა, რომელიც ოაზისის ფარდასავით ეფინება გამჭოლ სივრცეს, საიდანაც მოჩანს კავკასიონის ხედები.
არქიტექტურული სტუდია: Laboratory of Architecture #3
ფოტოგრაფი: გიორგი მამასახლისი
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”