2008 წელს ჟან-მარი მასომ B&B Italia-სთვის დააპროექტა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული დიზაინ ობიექტი – Terminal 1, რომელიც წარმოადგენს შეზლონგისა და სავარძლის კომბინაციას და ქმნის ავეჯის ძალიან თანამედროვე, მაგრამ სკულპტურულ ელემენტს.
სავარძელი დამზადებულია მყარი პოლიურეთანისაგან და მოპირკეთებულია Bayfit ქაფით, საბოლოოდ კი შეფუთულია ტყავით. გარე გარსი გაფორმებულია პრიალა საფარით და ხელმისაწვდომია სამ სხვადასხვა ფერში. ბაზას ქმნის მტკიცე ფოლადი, რომელიც გარსის მქრქალი საღებავითაა შეღებილი.
ექსპერიმენტული დიზაინის იდეა იყო მქრქალი და პრიალა ზედაპირების გაერთიანება, ასევე მყარი და რბილი ფორმების დაბალანსება და კლასიკური სტილის უზრუნველყოფა. აწეული საზურგე ქმნის დამატებით კომფორტს და იძლევა შესაძლებლობას, რომ სავარძელი გამოყენებული იყოს როგორც სკამის, ასევე შეზლონგის სახითაც.
დიზაინი B&B Italia-ს კოლექციაში თითქმის უცვლელი სახით იწარმოება და მისი შეძენა მსურველებს სხვადასხვა ფერში, დაახლოებით $900-დან შეუძლიათ. თუმცა არსებობს მოდელის უფრო ძვირადღირებული ვერსიებიც და ამ შემთხვევაში ფასი $9,500-მდეც კი აღწევს.
მთლიანობაში Terminal 1 აერთიანებს და გადმოსცემს ჟან-მარი მასოს სტილისთვის დამახასიათებელ და კარგად ნაცნობ პრინციპებს, როგორებიცაა თანამედროვე სტილისადმი სიყვარული და ისტორიული დეტალების სასიამოვნო ბალანსი. მის თითოეულ ნამუშევარში უმაღლეს დონეზეა აყვანილი კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე ტექნოლოგიები.