in

თაბაშირმუყაო – სახეობები, მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე

თაბაშირმუყაო საკმაოდ აქტუალური სარემონტო მასალაა, რომელიც კედლებისა და ჭერის გასასწორებლად გამოიყენება და ზედაპირის გალესვის ალტერნატივას წარმოადგენს.

სპეციალისტების მიხედვით, კედლისა თუ ჭერის გასასწორებლად  ლესვა ან თაბაშირმუყაოს ფილები გამოყენება. ეს უკანასკნელი კი ბევრად ეფექტურია განსაკუთრებულად დეფორმირებულ ზედაპირებზე, რადგან კარგად ასწორებს მათ და მოპირკეთება (ლესვასთან შედარებით) ნაკლებ დროსა და ენერგიას მოითხოვს, რაც ამ მასალის დიდ უპირატესობას წარმოადგენს. ასევე, თაბაშირმუყაოთი შესრულებული სამუშაო ბევრად უფრო სუფთად სრულდება და ლესვისგან განსხვავებით, ირგვლივ არსებული ზედაპირების შესაძლო დაზიანებასა და დაბინძურებას არ იწვევს. ამავდროულად, უფრო ბიუჯეტურია და ლესვასთან შედარებით მცირედით ნაკლები ჯდება.

დარგის წარმომადგენლების თქმით, თაბაშირმუყაოს მონტაჟისას აუცილებლად გასათვალისწინებელია მისი დამუშავების სპეციფიკა. როგორც აღვნიშნეთ, თაბაშირმუყაოს მასალა კედელსა და ჭერზე გამოიყენება, რომელიც პროფილებით მაგრდება ზედაპირზე. როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, კედელთან შედარებით, მისი ჭერზე ინსტალაცია უფრო რთულია და მეტ ენერგიას მოითხოვს, რადგან პროფილები კედელზე ყოველ 60 სმ.-ში, ჭერზე კი 40 სმ.-ის დაშორებით მაგრდება, რის გამოც მონტაჟი მეტ დროს საჭიროებს. ამასთანავე, პროფილების მოთავსების შემდეგ, აუცილებელია ზედაპირი ფითხით დამუშავდეს შემდეგ კი სურვილისამებრ,  შეიღებოს ან შპალერი გაიკრას.

თაბაშირმუყაოზე ფითხის წასმა, პირველ რიგში, მის სრულყოფილად შეღებვას უზრუნველყოფს და ნაკაწრებისა და დეფექტების გაჩენის რისკებს ამცირებს. ამასთანავე, ფითხი ქმნის ერთგვარ ბარიერს წყლის წინააღმდეგ და ტენიანობას ამცირებს, რაც ბევრად უსაფრთხო და დაცული გარემოს უზრუნველყოფას უწყობს ხელს.

გარდა ჭერისა და კედლისა, თაბაშირმუყაო გამოიყენება ტიხრებისთვისაც ოთახშორისი ზონების გასამიჯნად. ამ შემთხვევაში ექსპერტი გვირჩევს, რომ ტიხარი ორივე მხარეს ორი ფენის თაბაშირმუყაოს ფილით მოვაპირკეთოთ, რათა კედელმა სიმყარე, სიმტკიცე და მედეგობა შეინარჩუნოს. ფილებს შორის კი აუცილებელია ხმისა და სითბოს იზოლაციისთვის ქვაბამბის მოთავსება, რათა თბოდანაკარგი შევამციროთ და ხმაურის შეღწევადობა მინიმუმამდე დავიყვანოთ.

არსებობს თაბაშირმუყაოს რამდენიმე ტიპი, რომლებიც ერთმანეთისგან ფერებით განირჩევა და განსხვავებული მახასიათებლებით გამოირჩევა. მაგალითად, სტანდარტული, თეთრი ფერის თაბაშირმუყაოს უმეტესად მშრალ ადგილებში იყენებენ. მწვანე ფერის მასალა ნესტის მიმართ მედეგია და სველ წერტილებში გამოიყენება, ყვითელი ფილა უფრო მაღალი ნესტგამძლეობით ხასიათდება და მეტად სისველისაკენ მიდრეკილ ადგილებში გამოიყენება, ხოლო წითელი თაბაშირმუყაოს მასალა ცეცხლის მიმართ მტკიცეა და არ იწვის.

რაც შეეხება ღირებულებას, მასალის ფასი თეთრი, მწვანე, წითელი ფერის ერთი ფილა თაბაშირმუყაოს შემთხვევაში (რომელიც დაახლოებით 3 მ2-ს ფარავს), საშუალოდ, 16-25 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ყვითელი ფერის ერთი ფილის ღირებულება 48 – 55 ლარია. ხელობის ფასი, კედლებისა და ჭერის მონტაჟისას, 1მ2-ის მიხედვით, 13-15 ლარს შეადგენს, ორმაგი ტიხრის შემთხვევაში (ორ ფენად დამონტაჟებული თაბაშირმუყაოს პროფილები) კი მონტაჟის ღირებულება 25 ლარამდე იზრდება (1 მ2).

ავტორი: მეკო მეტრეველი

სკანდინავიური ინტერიერი აგურის აქცენტირებული კედლით

როგორ დავზოგოთ სივრცე მცირე ზომის აბაზანაში? – 6 ჭკვიანური რჩევა