in

თაბაშირმუყაოს ტიხარი — ყველაფერი, რაც მის შესახებ უნდა ვიცოდეთ

IPS
IPS

თაბაშირმუყაო საკმაოდ მოთხოვნადი მასალაა, რომელიც რემონტისას ხშირად გამოიყენება – კედლებზე, ჭერსა თუ ოთახებს შორის გასამიჯნად. კედელსა და ჭერზე მას ზედაპირის გასასწორებლად, ლესვის ნაცვლად მოიხმარენ, ხოლო ზონირებისთვის მისი დახმარებით ტიხარს ამზადებენ. დღევანდელ სტატიაში თქვენს ყურადღებას თაბაშირმუყაოს ტიხარზე გავამახვილებთ და გიამბობთ ყველა იმ კომპონენტის შესახებ, რომელიც მისი მონტაჟისას უნდა გაითვალისწინოთ.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ თაბაშირმუყაოს ტიხარი, ბლოკის ტიხართან შედარებით, დიდი უპირატესობით სარგებლობს და მომხმარებელთა მოწონებას რამდენიმე მახასიათებლის წყალობით იმსახურებს:

მონტაჟის სიმარტივე — თაბაშირმუყაო საკმაოდ მსუბუქი, ადვილად დასამუშავებადი მასალაა და ბლოკის ტიხართან შედარებით, ბევრად სწრაფად და მარტივად მონტაჟდება. ის არ საჭიროებს დამატებით ფითხით დამუშავებას და დროითი ინტერვალის დაცვას მის გასაშრობად, რადგან პროფილების მონტაჟის შემდეგ უკვე შესაძლებელია მისი ზედაპირის შესაბამისად მოპირკეთება.

ხმისა და სითბოს იზოლაცია — რადგან თაბაშირმუყაოს ტიხარს სივრცეების ერთმანეთისგან გასამიჯნად იყენებენ, მას სპეციალურად ამუშავებენ და პროფილებს შორის ხმისა და სითბოს საიზოლაციო მასალას ათავსებენ, რათა არ მოხდეს სითბოსა და ხმის სივრცეებს შორის გამტარობა და მაცხოვრებლების პირადი სივრცე და კომფორტი უზრუნველყოფილი იყოს.

ცეცხლგამძლეობისა და ნესტის მიმართ მედეგობის მაღალი მაჩვენებელი — ბაზარზე საკმაოდ მრავალფეროვან თაბაშირმუყაოს ფილებს ვხვდებით, რომლებიც ერთმანეთისგან ფერებითა და მახასიათებლებით განსხვავდება. მაგალითად, თეთრი ფერის თაბაშირმუყაოს უმეტესად მშრალ ადგილებში იყენებენ. მწვანე ფერის მასალა ნესტის მიმართ მედეგია და სველ წერტილებში გამოიყენება, ყვითელი მაღალი ნესტგამძლეობით სარგებლობს, ხოლო წითელი ფილა ცეცხლმედეგია და აალების საფრთხეს არ წარმოადგენს.

სივრცის დაზოგვა და შეუზღუდავი დიზაინის შესაძლებლობები — თაბაშირმუყაოს ტიხრის სისქე, საშუალოდ, 13 სმ-ია (ბლოკის ტიხარი კი საშუალოდ 15 სმ-ია), რის გამოც ნაკლებ ადგილს იკავებს და სივრცეს ზოგავს. ამასთანავე, მისი კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ თაბაშირმუყაოს ტიხრის შეღებვა და დამუშავება სხვადასხვა ტიპის საფარებით მარტივადაა შესაძლებელი და ამ მხრივ მრავალფეროვანი დიზაინის შესაძლებლობას იძლევა.

რა უნდა გავითვალისწინოთ თაბაშირმუყაოს ტიხრის მონტაჟის დროს?

პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ტიხრისთვის გამოვიყენოთ სტანდარტით გათვალისწინებული 0,6 სმ სისქის პროფილი და არა მასზე ნაკლები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ტიხარი ვერ იქნება მტკიცე და ხარისხიანი. ტიხრის სიმყარისა და მედეგობის შესანარჩუნებლად ასევე საჭიროა, მის ორივე მხარეს დამონტაჟდეს ორი ფენა თაბაშირმუყაოს პროფილი, პროფილებს შორის კი ხმისა და სითბოს საიზოლაციო მასალა მოთავსდეს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საიზოლაციო მასალების შემთხვევაში უმჯობესია, უპირატესობა მინერალურ ბამბასა და ქვაბამბას მივანიჭოთ, რადგან რეკომენდებული არ არის ტიხარში ადვილად აალებადი – XPS ან EPS-ის გამოყენება, რომლებიც წვის დროს მომწამვლელ ნივთიერებებს გამოყოფს და ჯანმრთელობისთვის საშიშია.

სწორად შესრულებული, ხარისხიანი მასალის დროს თაბაშირმუყაოს ტიხარი დიდ დატვირთვას თავისუფლად უძლებს (1 მ²-ის გათვალისწინებით 50 კგ-ს) და მასზე სხვადასხვა სათავსოსა თუ ტექნიკის განთავსების საფრთხეს არ ქმნის.

ამგვარად, თაბაშირმუყაოს მასალა არაერთი უპირატესობით ხასიათდება, რაც უზრუნველყოფს მტკიცე, მყარ და კარგად იზოლირებულ ტიხარს. ხოლო სასურველი შედეგის მისაღწევად და მისი ხარისხის შესანარჩუნებლად კი აუცილებელია სწორი სამონტაჟო პროცედურა და თაბაშირმუყაოს ფილის სწორად შერჩევა.

რუბრიკის წამრგენია სამშენებლო სერვისების და მასალების კომპანია “აიპიესი”

ავტორი: მეკო მეტრეველი

პარკსაიდის რეზიდენცია – მარტივი ფორმები და საინტერესო არქიტექტურული გადაწყვეტა

5 რჩევა VELI.store-სგან უნიკალური ინტერიერის შესაქმნელად