თაკო სარიშვილი პროფესიით ჟურნალისტია და მისი სამუშაო გამოცდილებაც უმეტესად კომუნიკაციებს უკავშირდება. რამდენიმე წელი პრესსამსახურში მუშაობდა, საცხოვრებლად ინგლისში გადასვლის შემდეგ კი, ლონდონში, ერთ-ერთ კომპანიაში, რეკრუტერად დაიწყო მუშაობა. თაკოს ინტერიერის დიზაინთან პირდაპირი კავშირი არასდროს ჰქონია, თუმცა დაინტერესებულია გრაფიკული დიზაინით და თავისუფალ დროს მის შესწავლასაც უთმობს.
მისი და ამჟამინდელი ბინის ისტორია, რომელიც ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო.
„ამ კორპუსში ჩემი მეგობარი ცხოვრობს და ხშირად მიწევდა მოსვლა. ამიტომ, წინასწარ ვიცოდი, რომ ამ სივრცეს მშვიდი და კომფორტული ლოკაცია ჰქონდა. სამწუხაროდ, ჩვენთან აღარ არის მარტივი, ნაკლებად ხმაურიანი ადგილების პოვნა, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში. საბედნიეროდ, ჩვენ გაგვიმართლა და ვიპოვეთ. ამ ფაქტორმა დიდი როლი ითამაშა“.
ახალმა მეპატრონეებმა 90 კვ/მ ფართობის მქონე ბინა ე.წ. “შავი კარკასის” მდგომარეობაში შეიძინეს, საქართველოში არ ყოფნის გამო კი, სარემონტო სამუშაოების შესრულება დისტანციურად მოუწიათ, რაშიც მათ კომპანია „ევოსპეისი“ დაეხმარათ, რომელმაც ამ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი და სულ რაღაც 3 თვეში ბინა სამღებრო სამუშაოებამდე მიიყვანა. ამას გარდა, კომპანიამ მოცემული პროექტისთვის ჩასაშენებელი ავეჯის დამზადებაც უზრუნველყო.
ევოსპეისის მიერ ხარისხიანად შესრულებული სარემონტო სამუშაოების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული თაკო აქტიურად ჩაერთო ბინის დაგეგმარებასა და ინტერიერის დიზაინის მოწყობაში. ოთახების განლაგების მონახაზი თითქმის უცვლელი დატოვა, არქიტექტორის რჩევით კი, მცირე დეტალები შეცვალა: სივრცის მაქსიმალურად ასათვისებლად, ავეჯისა და სამზარეულოს განლაგების გადანაცვლება მოუწია, რითაც დღეს ძალიან კმაყოფილია.
„ვფიქრობ, დაგეგმარებას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, რომ სივრცე მაქსიმალურად მოერგოს მეპატრონეს. მნიშვნელოვანია ისეთი პატარა დეტალებიც კი, როგორიცაა, მაგალითად, სამზარეულოში ონკანის განთავსების ადგილი. ჩვენ შემთხვევაში, ძალიან მინდოდა სამზარეულოში ყოფნის დროს შეგვძლებოდა ხედის, ტელევიზორისა და მისაღების დანახვა ერთდროულად. ამიტომ ონკანი კუნძულზე დავამონტაჟეთ. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, სწორედ ასეთი პატარა დეტალები ქმნის საცხოვრებელ სივრცეს კომფორტულს ყოველდღიურობაში“.
ინტერიერის შექმნის პროცესთან დაკავშირებით თაკო გვიამბობს, რომ მისთვის უმთავრესი მყუდრო და თბილი გარემოს შექმნა იყო. ამაში კი დიდ როლს კედლების ფერი ასრულებს, სწორედ ამიტომ მოხდა შედარებით ცივ ტონალობაში გადაწყვეტილი კედლების ფერის თბილი ტონალობით შეცვლა. ასევე, ინტერიერის გამოსაცოცხლებლად, თაკომ არტ-დეკოს სტილისთვის დამახასიათებელ ფერად ავეჯზე შეაჩერა არჩევანი, რომელიც უცხოეთიდან ჩამოიტანა.
საბოლოო ჯამში, თაკომ შეძლო გამორჩეული სტილის, დახვეწილი დიზაინის მქონე ინტერიერის შექმნა და მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, ყველა საკუთარი ჩანაფიქრის რეალიზება. როგორც თავად აღნიშნავს, ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ამ პროცესით უდიდესი სიამოვნება მიიღო.
„ბინა რომ დავასრულეთ, მეგობარი მოვიდა სტუმრად და მითხრა, ეს სახლი შენ ხარო. ალბათ, საბოლოო ჯამში, ეგაა – სახლი თუ გვგავს, ესე იგი, ჩვენ გარშემოა სივრცე შექმნილი და არა პირიქით, ანუ ჩვენ არ ვართ სივრცეზე ერთგვარად “თავსმოხვეული“, – თაკო სარიშვილი.
რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი