in

ინტერიერის დიზაინი განსხვავებული ხედვით — ინტერვიუ თამა კალანდიასთან

თამა კალანდია ინტერიერის დიზაინერია. მისი პროექტები საინტერესო, განსხვავებული ხელწერითა და მყუდრო, თბილი გარემოს სტილით ხასიათდება. თამას ნამუშევრებში იგრძნობა ოჯახური სიმყუდროვე და სასიამოვნო ატმოსფერო, რაც პასტელური ფერებით, სადა გადაწყვეტილებებითა და ბუნებრივი მასალების ინტენსიური გამოყენებით მიიღწევა. როგორც თავად გვიყვება, ბავშვობიდანვე ხიბლავდა საკუთარი ხელით ტანსაცმლისა თუ დიზაინ ობიექტების შექმნა, რასაც დიდი გულმოდგინებით აკეთებდა და თითოეულ ნამუშევარში სირთულესა და სიახლეს ეძებდა. ყოველთვის უყვარდა ახალი გამოწვევების დაძლევა და რთული, პრობლემატური ამოცანების ამოხსნა, რასაც საბოლოოდ, მისთვის დიდი სიამოვნება და სასურველი შედეგი მოჰყვებოდა. დღევანდელ სტატიაში სწორედ მის შემოქმედებას შევეხებით და დიზაინერის გულწრფელ შეხედულებებს გაგაცნობთ საკუთარ სამუშაო პროცესსა თუ დიზაინ სფეროსთან მიმართებაში.

თამა, რამდენად იქონია გავლენა თქვენს პროფესიულ არჩევანზე გარემომ, რომელშიც გაიზარდეთ? 

ვერ ვიტყოდი, რომ გარემომ რაიმე გადამწყვეტი გავლენა იქონია, რადგან სამწუხაროდ, ჩემს ირგვლივ არავინ იყო ხელოვანი, დიზაინერი თუ არქიტექტორი. თუმცა, ძალიან პატარა ასაკიდან შემოქმედებითობა მიტაცებდა და დაინტერესებული ვიყავი მინიატურული ტანსაცმლის შექმნით, ხოლო მოგვიანებით უკვე საკუთარი ტანსაცმლის შეკერვა დავიწყე. ჩანთებსა და ქუდებსაც თავად ვამზადებდი. თარგებით კერვა არ ვიცოდი, ამიტომ მხოლოდ ჩემი გამოგონილი დიზაინის ტანსაცმელი მეცვა. დიდი ხანი ეს იყო  მთავარი გატაცება და მისწრაფება, რასაც ჩემი გარემოცვა პოზიტიურად აფასებდა და იწონებდა შექმნილ ნამუშევრებს.

როდის დაინტერესდით ინტერიერის დიზაინით? 

ინტერესიდან გამომდინარე, ლოგიკური იყო, რომ მომავალ პროფესიად ტანსაცმლის დიზაინი ამერჩია, თუმცა არჩევანი ინტერიერის დიზაინზე შევაჩერე. მივხვდი, რომ ინტერიერი დიზაინის სფერო ბევრად მრავლისმომცველი იყო და საინტერესო პროგრესულ გამოწვევებს შემომთავაზებდა ცხოვრებაში.

სწავლა დავიწყე ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. მაშინ დიზაინის ფაკულტეტი იქ არ იყო, თუმცა რამდენიმე სტუდენტის სწავლის სურვილიდან გამომდინარე, ჩვენთვის დაამატეს და მოიწვიეს პროფესიონალი პედაგოგები. მოგვიანებით გადავწყვიტე, ცოდნა მეტად გამეღრმავებინა და პროფესია უკეთესად შემესწავლა, ამიტომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე, სადაც კიდევ უფრო საფუძვლიანი განათლება მივიღე ამ მიმართულებით.

ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ საქმესა და პროფესიაში ჩემი მთავარი გულშემატკივარი დედაჩემია, რომელიც მაკეტებსა და ნახაზებზე მუშაობისას ჩემთან ერთად ათენებდა ღამეებს და ჩემი ყველაზე კარგად ესმოდა. პროფესიით ინჟინერი და ძალიან შემოქმედებითი ადამიანია, ამიტომ ყველა მიგნებასა და იდეას მას ვუზიარებდი. დღემდე ყველაზე მეტად სწორედ რთული ამოცანის ამოხსნისგან ვიღებ ყველაზე დიდ სიამოვნებას და ყველაზე მეტად ეს მომწონს ჩემს პროფესიაში – როცა რაღაც წარმოუდგენელი, ბევრი ფიქრის შემდეგ, შესაძლებელი ხდება.

როგორ განვითარდა თქვენი კარიერული გზა?

სწავლის დასრულების შემდეგ პატარა საპროექტოში დავიწყე მუშაობა, სადაც ტაო- კლარჯეთის ძეგლების რესტავრაციაზე ვმუშაობდი. შემდეგ სრულიად სხვა სფეროში აღმოვჩნდი, ერთ-ერთ დეველოპერულ კომპანიაში დიზაინერად მივედი და გაყიდვების სექტორში მენეჯერად შემომთავაზეს თანამშრომლობა, რადგან ამ მიმართულებით ჩემში პოტენციალი დაინახეს. მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში ვმუშაობდი წლების მანძილზე, თუმცა 6-7 წლის წინ გადავწყვიტე, ჩემს პროფესიას დავბრუნებოდი და პარალელურად, მეგობრების სახლებისთვის დიზაინ პროექტების შექმნა დავიწყე.

მიუხედავად იმისა, რომ სულ ამ სფეროში ვტრიალებდი და ჩემ ირგვლივ მყოფებსაც სარემონტო საკითხებში ვეხმარებოდი, დამოუკიდებლად განხორციელებული პროექტი არ მქონდა. შესაბამისად, პირველად ჩემს მეგობარს საჩუქრად გავუკეთე ბინა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და იმის მერე დაკვეთები, შეიძლება ითქვას, არ გაჩერებულა.

ვისაუბროთ შემოქმედებით პროცესზე, როგორია თქვენი მუშაობის ფილოსოფია?

მუშაობის დროს მთავარ შთაგონებას დამკვეთისგან ვიღებ – უნდა ვიცოდე, როგორი შეხედულებები აქვს. ხშირად ყოფილა, რადიკალურად შეუცვლიათ პირვანდელი აზრი და ჩემი შეთავაზება მოსწონებიათ. ვთვლი, რომ დამკვეთის სურვილი და მისწრაფება დიზაინერმა საკუთარი პროფესიული ცოდნითა და ხედვით უნდა განავითაროს, რაც საბოლოოდ, კარგი პროექტის საწინდარია. ზოგჯერ ხდება ისიც, რომ დამკვეთი დიზაინერის მსხვერპლია და ნამუშევარში პროექტის ავტორის ინტერესები უფრო ჩანს, ვიდრე მფლობელის, რაც ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე, დიზაინერის კვალიფიკაციის ნაკლებობას უსვამს ხაზს.

დაკვეთის მიღების შემდეგ ვმუშაობ კონცეფციაზე, სიღრმისეულად ვწვდები დაკვეთის შინაარსსა და ვსახავ სამუშაოთა განხორციელების გეგმას. ვეძებ ინსპირაციას მიღებული ანალიზის შედეგით და ბოლომდე ვერთვები შემოქმედებით პროცესში, თუნდაც ამას ღამის გადათენება დასჭირდეს. პროცესი მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას, ყველაფერს თავად ვარჩევ და ვყიდულობ, რათა ზუსტად ის გამოვიდეს, რაც ჩაფიქრებული მაქვს. საბოლოოდ კი იქმნება ნამუშევარი და დამკვეთიც კმაყოფილი რჩება, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს სამომავლო თანამშრომლობაში.

რას იტყოდით თქვენს ხელწერაზე? როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს თქვენს ნამუშევრებს სხვებისგან?

ყველა მეუბნება, რომ ჩემს პროექტებს ცნობს და მარტივი შესამჩნევია ჩემი ხელწერა. მგონია, ჩემი დიზაინით შექმნილი სივრცეები თბილი და „სახლურია“. არ მიყვარს გაპრიალებული, ზედმეტად “დიზაინერული” და ბრჭყვიალა სახლები. მირჩევნია, სივრცე სადა იყოს და დეტალებს ეტყობოდეს დიზაინერული ხედვა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ ავეჯსა და ტექსტილს. მიყვარს ბუნებრივი მასალები — ხე, ტილო, პარკეტი, შპალერი, ჭაღები… არ ვემხრობი იმიტირებული, ხელოვნური ელემენტების გამოყენებას, ზედმეტად ბევრ რკინასა და ბეტონს. ცხადია, თუ საინტერესოდ შემოდის რკინა და ბეტონი, მისაღებია, მაგრამ ამ მასალების დიდი რაოდენობით გამოყენება ჩემს ნამუშევრებს არ ახასიათეს. უპირატესობას ვანიჭებ პასტელურ ფერებს, მკვეთრ ტონებს კი მხოლოდ კონტრასტის სახით ვიყენებ, რადგან არ ვემხრობი ბევრი ფერადი და მკვეთრი ფერის ერთდროულ გამოყენებას.

რომელ თქვენს ნამუშევრებს გამოარჩევდით?

განსაკუთრებით მიყვარს ჩემი ერთ-ერთი ბოლო პროექტი მთაწმინდაზე, რადგან ყველაფერზე თავად ვიმუშავე – ფარდებიც საკუთარი ხელით შევკერე. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული სახლია (1885-1888 წლებში ამ სახლში ილია ჭავჭავაძე ცხოვრობდა), ბინას სიძველის მხოლოდ აივნის კოლონები ჰქონდა შემორჩენილი. დანარჩენი კი ყველაფერი ახალი და ჩემი დიზაინით დაპროექტებულია, თითოეულ დეტალს დიდი ყურადღება დავუთმე, ამიტომ ეს პროექტი ჩემთვის გამორჩეულია.

როგორ დაახასიათებდით ქართულ დიზაინ და არქიტექტურულ სივრცეს?

ვფიქრობ, ქართული დიზაინ პროექტების უმრავლესობა მსგავსი კონკრეტული სტილით იქმნება, რადგან საზოგადოების მოთხოვნაც ძირითადად ასეთია. თუმცა რაც დრო გადის განვითარებაც შესამჩნევი ხდება, საზოგადოებისა და პროფესიონალების ცოდნა- გამოცდილება იზრდება, რაც საბოლოოდ, უფრო თავისუფალ, კომფორტულ, ესთეტიკურად საინტერესო და ,,გამოცოცხლებულ” გარემოს შეგვაქმნევინებს ახლო მომავალში.

რაც შეეხება არქიტექტურას, ვიტყოდი, რომ დღეს საქართველოში კომერციული კუთხით მომგებიან დაკვეთაზე უფროა მოთხოვნა, ვიდრე გამორჩეული ღირებულების მქონე არქიტექტურული ნამუშევრის პროექტირებაზე. არქიტექტორებსაც არ ეძლევათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი ნიჭიერება და ხედვა. მაგრამ როდესაც კომერციული გათვლა მნიშვნელოვანი არ არის, უნიკალური ნამუშევრებიც იქმნება. ვიმედოვნებ, დადგება ის დროც, როდესაც ცნობიერება ამაღლდება და მივხვდებით მაღალი ხარისხის არქიტექტურის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისთვისა და სახიერებისთვის.

რა მთავარ გამოწვევებს ხედავთ დღეს დიზაინ სფეროში?

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ალბათ, განახლების და პრაქტიკული ცოდნის ნაკლებობაა. ბევრს ჰგონია, რომ დიზაინში მთავარი გემოვნებაა, მაგრამ ეს რეალურად მეორეხარისხოვანია. პრიორიტეტულია თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.

ამ სფეროში პროფესიონალიზმი აკადემიური ცოდნით და შემდეგ უკვე პრაქტიკული გამოცდილებით მიიღწევა. ყოველ ახალ პროექტს ახალი გამოწვევა ახლავს თან, რომლის გადალახვის დროსაც ვითარდები, ხოლო პრაქტიკის ზრდასთან ერთად,  შეცდომების რაოდენობაც იკლებს, უშუალო გამოცდილების გარეშე კი მხოლოდ კომპიუტერთან ჯდომით, პროფესიონალად ვერ შედგები.

საინტერესოა როგორ ხედავთ ამ სფეროს განვითარების გზას?  

განვითარების მთავარი გზა სწორი განათლების მიღება მგონია. დიზაინერებს არ გვაქვს ცოდნა ბევრი ახალი პროდუქტის ტექნიკურ მახასიათებლებზე, რის გამოც შეცდომებს ვუშვებთ. ამიტომ საჭიროა ამ მიმართულებით მეტი რესურსის ჩადება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი პროდუქტის პრეზენტაციაზე ვიყავი, სადაც უცხოელმა სპეციალისტმა საათნახევრიანი ლექცია ჩაგვიტარა უნიტაზის თითოეული დეტალის შესახებ, რაც ძალიან გამოსადეგია. ვფიქრობ, უმჯობესი იქნება მაღაზიებმა და შოურუმებმა დრო ჩვენთვის ტექნიკური მახასიათებლების გაცნობას დაუთმონ და არა მხოლოდ ფორმალურ, ხალხის თავშეყრის მიზნით მოწყობილ ღონისძიებებს. სწორედ ამ მიმართულებით უნდა არსებობდეს კურსები, რომლის ფარგლებშიც პროდუქტებთან, მათ მონტაჟთან და სპეციფიკასთან დაკავშირებით ცოდნასაც მივიღებთ.

როგორ ფიქრობთ, რამდენად შეესაბამება  საერთაშორისო ტენდენციებსა და სტანდარტებს ქართული პროექტები? 

ვფიქრობ, კარგი ტემპით მივდივართ წინ და არ ჩამოვრჩებით სხვა წარმატებულ ქვეყნებს. იმისთვის, რომ კარგი ნამუშევარი შექმნა, ბევრიც უნდა ნახო, უნდა იცოდე დანარჩენ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. ცნობიერების ამაღლებაში კი ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სხვადასხვა პლატფორმების გაჩენამ და ინტერნეტმა. მათ, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა ხშირად მოინახულოს უცხო ქვეყნის არქიტექტურა, გაეცნოს მათ ნამუშევრებს, მარტივად აქვს წვდომა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებულ ტენდენციებზე. ქართველი ხალხი საკმაოდ გემოვნებიანია და სურს ევროპას აუწყოს ფეხი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით წინ მივდივართ.

დაბოლოს, ახლა რა ეტაპზე ხართ და როგორია თქვენ სამომავლო გეგმები?  

ამ ეტაპზე მაქვს რამდენიმე საინტერესო დაკვეთა რაზეც ვმუშაობ, როგორც ინდივიდუალური, ასევე კომპანიის დაქვემდებარების ქვეშ. სამომავლო გეგმები უკავშირდება პირველ რიგში, ახალი ტენდენციების ათვისებასა და ტრენინგების გავლას მსოფლიო მასშტაბით. საერთაშორისო ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარებას. მიუხედავად კომპანიის შექმნის იდეის ბევრი შემოთავაზებისა, ჯერ-ჯერობით ვარჩევ ბოლომდე სიამოვნება მივიღო ინტერიერის დიზაინის შექმნით და ჩემთვის  ის არ გახდეს, როგორც ბიზნესი.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

როგორ მოვაწყოთ საგარდერობო ოთახი – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

Christofle – ფრანგული ბრენდი მრავალწლიანი ტრადიციით