in

ადამიანი, როგორც მთავარი შთაგონების წყარო ინტერიერის დიზაინში – ინტერვიუ თამარ კიკალეიშვილთან

დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი ინტერიერის დიზაინერი თამარ კიკალეიშვილია. მისი შეხედულებების, აზროვნებისა და სამყაროსადმი ხედვის ჩამოყალიბებაზე დიდი როლი იმ თავისუფალმა და შეუზღუდავმა გარემომ ითამაშა, რომელშიც ბავშვობიდან იზრდებოდა. ინტერესიც მომავალი პროფესიისადმი სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. უცხოეთში მიღებული განათლების, განხორციელებული პროექტებისა და არაერთი საინტერესო შემოთავაზების მიუხედავად, მან მაინც საქართველოში დარჩენა და აქ მოღვაწეობა არჩია, დღეს კი საკუთარი კომპანიის გარდა, საქართველოს დიზაინერთა კავშირის დამაარსებელია და ყოველდღიურად ცდილობს ამ სფეროს განვითარებასა და დახვეწას.

თამარ, აღგვიწერეთ გარემო, რომელშიც იზრდებოდით

ჩემი ბავშვობა არაჩვეულებრივი იყო, რადგან გამიმართლა და ისეთ ოჯახში დავიბადე, რომელშიც მენდობოდნენ და არ მიწესებდნენ ჩარჩოებს. მეც და ჩემს ძმასაც უფლება გვქონდა, კედლებიც კი მოგვეხატა სახლში. არ არსებობდა იძულება, აკრძალვები, ჩვენ გვესაუბრებოდნენ და გვიხსნიდნენ, თუ რა იყო სწორი და რა არასწორი, არჩევანის უფლებას კი თავად გვაძლევდნენ. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდისას, მითუმეტეს შემდგომში, შემოქმედი ადამიანის ჩამოყალიბებისთვის. დღეს მეც იმავეს ვცდილობ ჩემს შვილთან. ამას გარდა, დედაჩემი ძალიან შემოქმედებითი ადამიანია. უყვარს კერვა და ბავშვობაში, როგორც მე მიკერავდა განსხვავებულ ტანისამოსს, სახლის ინტერიერისთვისაც მუდმივად ქმნიდა საინტერესო ნივთებს და სივრცეს აახლებდა. ამ პროცესში მეც აქტიურად ვიყავი ჩართული, ამან კი უდავოდ დიდი გავლენა იქონია ჩემზე.

შემდგომში როგორ განვითარდა მოვლენები? როგორ მოხვდით ინტერიერის დიზაინის სამყაროში?

როგორც უკვე აღვნიშნე, კრეატიულ და თავისუფალ გარემოში გავიზარდე. შესაბამისად, ადრე ჩამომიყალიბდა შემოქმედებითი აზროვნება და მისადმი სწრაფვის სურვილი. ყოველთვის მომწონდა საინტერესო გარემოს შექმნა ჩემს ირგვლივ, რაც მალევე ინტერიერის დიზაინსა და ნაგებობების არქიტექტურით დაინტერესებაში გადაიზარდა. ამიტომ არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე, შემდეგ კი პარიზში დავიწყე სწავლა. მოგვიანებით საფრანგეთშივე გაგრძელდა ჩემი პროფესიული კარიერა. რა თქმა უნდა, იქ ეს სფერო სულ სხვა მასშტაბებს გულისხმობს, საქართველოში კი არქიტექტურა და მით უფრო ინტერიერის დიზაინი, ნაკლებად იყო აქტუალური. უცხოეთში ყოფნის დროს მივხვდი, რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის სიყვარული და მონატრება, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე სამშობლოში დაბრუნება და აქ დიზაინერთა კავშირის ჩამოყალიბება.

გვიამბეთ თქვენი კარიერული გზის შესახებ. რა მოვლენებმა განსზღვრა თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა?

საქართველოში დაბრუნების შემდეგ დავაარსე საქართველოს დიზაინერთა კავშირი და საკუთარი კომპანია. დღემდე ვმუშაობ საზღვარგარეთ სხვადასხვა პროექტზე, მაგრამ ჩემი გული მაინც საქართველოშია. პანდემიამდე ვფიქრობდი საფრანგეთში დაბრუნებაზე, ძალიან მასშტაბური შემოთავაზება მივიღე. რამდენიმე თვით ჩავედი, მაგრამ მივხვდი, რაც არ უნდა საინტერესო კარიერა მქონდეს უცხოეთში, იქ ცხოვრება მხოლოდ დროებით შემიძლია, მუდმივად კი საკუთარ თავს საქართველოში, ჩემი სფეროს განვითარებაში ვხედავ. ამ მიზნით ტელევიზიაში პერიოდულად გადაცემა მიმყავს დიზაინის შესახებ, სხვადასხვა საინტერესო პროექტს ვიგონებ იმისათვის, რომ საზოგადოებაში ამ სექტორის მიმართ ცნობიერება ამაღლდეს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მაისში იგეგმება ჩემი ყველაზე საინტერესო პროექტის, დიზაინ – ლაბის დასრულება. ეს იქნება სივრცე დიზაინერებისა და დამკვეთთათვის, რომელიც თავს მოუყრის არაერთი წარმატებული ქართული თუ მსოფლიო ბრენდის ნიმუშებსა და კატალოგებს. გარემო ეფუძნება სრულად დიზაინერულ კონცეფციას, რომელში მოხვედრილი ადამიანიც თავს განსხვავებულად იგრძნობს.

ბინა შარტავას ქუჩაზე

რას იტყოდით ქართულ არქიტექტურულ დიზაინ სივრცეზე, განვითარების რა ეტაპზეა ის დღეს?

წინა წლებში ამ სექტორში არაერთი სირთულე იყო, მაგრამ ახლა აშკარა წინსვლას ვხედავ. მთავარ პრობლემად კი პროფესიონალიზმის სწორად აღქმა და დაფასება მიმაჩნია. ჩვენ უძლიერესი კადრები გვყავს, მაგრამ რთული საკითხი მგონია პროფესიონალიზმის ადეკვატური შეფასება. უნდა გვესმოდეს, რამხელა ცოდნასა და გამოცდილებას ეყრდნობა ეს ცნება… არ შეიძლება ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალები გავაიგივოთ კომპიუტერული პროგრამების მცოდნეებთან ან ადამიანებთან, რომლებსაც მხოლოდ რამდენიმე თვიანი კურსი აქვთ დამთავრებული. ეს პროფესია საკმაოდ მრავალმხრივია. იმისათვის, რომ სწორი გარემო შექმნა, შესაბამისი განათლება უნდა გქონდეს, დაწყებული ფსიქოლოგიით, დამთავრებული ტექნიკური ცოდნით, რაც სარემონტო სამუშაოების დროს უამრავი საკითხის გადაჭრაში გეხმარება. ძალიან ამბიციურად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ, ამ საქმეში მოღვაწე პიროვნება თითქმის ყველაფერში უნდა ერკვეოდეს, ალბათ ამიტომ არის ეს დარგი ასეთი საინტერესო ჩემთვის.

საინტერესოა, რას ფიქრობთ ქართველ დამკვეთთან ურთიერთობის სპეციფიკაზე?

როგორც ჩვენ, ამ საქმის პროფესიონალები, ვიზრდებით დღითიდღე, ასე იზრდებიან დამკვეთებიც ჩვენთან ერთად, რაც ძალიან მახარებს. იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად ჩვენი მომხმარებლები ან ბევრს მოგზაურობენ, ან დროებით ემიგრაციაში არიან, მათი სურვილები სხვა ქვეყნების მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს შეესაბამება. სტილიც და ტენდენციებიც ყოველწლიურად იცვლება და სასიამოვნოა, რომ ქართველებიც ფეხს უწყობენ ამ პროცესს.

ბინა “კრწანისი ტყუპებში” 

გვესაუბრეთ შემოქმედებით პროცესსა და თქვენს დიზაინ ფილოსოფიაზე

ჩემთვის ინსპირაცია ყოველთვის ის ადამიანია, რომლისთვისაც კონკრეტული სივრცე იქმნება. საქმისადმი ფილოსოფია და სიყვარული სინამდვილეში იმაში მდგომარეობს, რომ სხვადასხვანაირი ადამიანები მაინტერესებს – მათი აზრები, სურვილები და ამ სურვილების ამოცნობა. ძალიან მსიამოვნებს, როდესაც დამკვეთი თავის შეგრძნებას მიზიარებს იმ სივრცეზე, რომელიც მას შევუქმენი და მეუბნება, რომ ბედნიერია და სახლში დაბრუნება ახარებს, ამაზე დიდი კომპლიმენტი რთული წარმოსადგენია.

პირადად მე არ მომწონს, როდესაც რომელიმე კონკრეტული დიზაინერის სხვადასხვა პროექტს ვათვალიერებ და ყველა ერთმანეთის მსგავსია. ამ შემთხვევაში, არა სახლის მეპატრონის, არამედ მხოლოდ დიზაინერის ხასიათსა და გემოვნებას ვხედავ. ამიტომ, მუშაობის პროცესში ჩემთვის ამოსავალი წერტილი ადამიანია. შესაბამისად, ჩემი თითოეული პროექტი, ვფიქრობ, განსხვავებულია. შეიძლება ვერც მიხვდეთ, რომ ყველა მათგანი ერთი ადამიანის მიერაა შექმნილი. მიუხედავად ამისა, მეუბნებიან, რომ ჩემი ხელწერა იგრძნობა, რაც მახარებს, რადგან ცხოვრების ძალიან დიდ დროს ვატარებ ამ სივრცეებში და ბუნებრივია, ჩემი ნაწილი გარკვეულწილად რჩება და აისახება ამ ნამუშევრებზეც.

ბინა ვილა რეზიდენსში

საინტერესოა რას გვეტყოდით თქვენს ნამუშევრებზე, ხომ არ გამოარჩევდით რომელიმე მათგანს?

ნებისმიერ პროექტზე მუშაობისას, პირველ რიგში, უნდა დამაინტერესოს ნაგებობამ, სივრცემ და რა თქმა უნდა, თავად დამკვეთმა. არ გეგონოთ ეს დაინტერესება რაღაც განსაკუთრებულს გულისხმობდეს, უბრალოდ გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენიმე საათიანი საუბრის შემდეგ, თავისთავად იკვეთება მიმართულება, სტილისტიკა და ის გარემო, რომელიც კონკრეტულ ინდივიდს შეესაბამება. მისი სურვილების გათვალისწინებით კი ჩვენი დიალოგის შემდეგ, გონებაში უკვე ზუსტად მაქვს წარმოდგენილი როგორი იქნება ინტერიერი.

არაერთი საინტერესო პროექტიდან მინდა ამ მომენტისთვის საკუთარი სახლის ინტერიერი გამოვარჩიო, რომელზეც ახლა ვმუშაობ, რადგან ყველაზე რთული საკუთარი თავის ამოცნობა და სურვილების დაკმაყოფილება აღმოჩნდა. ამ პროცესს თან ახლავს მუდმივი დილემაც, ამიტომ მასზე მუშაობა განსაკუთრებით საინტერესოა ჩემთვის.

როგორია თქვენი ამჟამინდელი და სამომავლო გეგმები?

ამჟამად ვმუშაობ როგორც კერძო სახლებსა და ბინებზე, ასევე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებზე, როგორებიცაა კლინიკა, რესტორანი, სასტუმრო. ამავდროულად, ვასრულებ დიზაინ – ლაბის სამუშაო სივრცეს, რომელსაც სულმოუთქმელად ველოდები. ჩემი სამომავლო გეგმაც მის მაქსიმალურად განვითარებასა და პოპულარიზაციას უკავშირდება.

ბინა ბაგებში

და ბოლოს, რას ეტყოდით დამწყებ ინტერიერის დიზაინერებს?

მათ ვეტყოდი, რომ ამ პროფესიაში მთავარია, გიყვარდეს ეს საქმე და მზად იყო 24 საათიანი მუშაობისთვის. ამას ვერ შეძლებ თუ უზომოდ არ გაინტერესებს და არ გსიამოვნებს პროცესი – პროექტირების დაწყებიდან, სარემონტო სამუშაოების ბოლო წერტილამდე. ყველაზე მთავარი და ამაღელვებელი ჩემთვის მაინც ეს ბოლო მომენტია – როდესაც ადამიანი ახალ სახლში გადადის და მის ბედნიერ თვალებს აკვირდები. ამისთვის ნამდვილად ღირს სირთულეების გადალახვა. თუ მსგავსი დეტალებით ახალგაზრდებს სიამოვნების მიღება შეუძლიათ, მაშინ ნამდვილად სწორ ადგილას მოხვდნენ, დანარჩენი კი სწავლადია.

ბინა აბაშიძის ქუჩაზე

სახლი, რომელიც საცხოვრებელ სივრცესა და ატელიეს აერთიანებს

Pylones მომხმარებლის თხოვნით უკვე ველიზეა