ბავშვობა ყველა ადამიანის ცხოვრებაზე უდიდეს გავლენას ახდენს, თუმცა, ამ პერიოდის მოგონებები განსაკუთრებით ხელოვანთა შემოქმედებაზე აისახება. ჩვენს დღევანდელ რესპონდენტს, როგორც თავად გვიამბობს, გამორჩეული ბავშვობა ჰქონდა და თბილ, სიყვარულით სავსე გარემოში იზრდებოდა, რამაც ღრმა კვალი დატოვა მის ცხოვრებაზე. თამაზ გოგოლაძე პროფესიით არქიტექტორია, თუმცა თავს ფერწერაშიც ავლენს და საინტერესო ნამუშევრებსაც ქმნის, რომელთა მეშვეობითაც ბავშვობის მოგონებების გამოხატვას ცდილობს.
დღეს ის საკუთარ გამოცდილებაზე, უცხოეთში მუშაობის პერიოდსა და არქიტექტურის ძირითად პრინციპებზე Homeis.ge-ს ესაუბრება.
როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობა და რა გავლენა იქონია ამ პერიოდმა თქვენს პროფესიაზე?
ბავშვობა ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდია, რომელმაც, შეიძლება ითქვას, განსაზღვრა როგორც პროფესიული არჩევანი, ისე ჩემი პიროვნება. მკაფიოდ მახსოვს ბავშვობისდროინდელი ფერადი მოგონებები, რომლებიც ძირითადად ჩემი ოჯახის წევრებს უკავშირდება, განსაკუთრებით კი მამას, თენგიზ გოგოლაძეს. მას ძალიან ვუყვარდი, დიდ დროს მითმობდა. მამა მწერალი იყო და უფრო მოზარდებისთვის ქმნიდა ნაწარმოებებს. იგი არაერთი რომანისა და მოთხრობის ავტორია. მისი შემოქმედებიდან ყველაზე მეტად ერთი ტექსტი მიყვარს – „რითი ვჯობივარ მამაჩემს“, რომელშიც იუმორისტულადაა გადმოცემული ჩვენი ოჯახის ამბები. მამაჩემი, მწერლობასთან ერთად, ბრწყინვალედ ხატავდა. მახსოვს, ხშირად ერთადაც ვხატავდით, სულ რაღაცას ვიგონებდით და ვაშენებდით. განსაკუთრებით მიყვარდა ნაძვის ხის მორთვის რიტუალი. მამა ყოველ წელს გამორჩეულ დეკორაციებს გვიწყობდა: ნაძვის ხე, ზღაპრული მატარებელი, განათებული, დათოვლილი სახლებით შექმნილი დეკორი საზეიმო განწყობას გვიქმნიდა.
პატარა ასაკიდანვე ხატვისა და არქიტექტურისადმი მეც გამიჩნდა ინტერესი. მრავალფეროვანი ბავშვობა და ფანტასტიკური სამყარო შემდგომში ჩემს ფერწერულ შემოქმედებასა და არქიტექტურაზეც აისახა. მამის წინაშე თავს დღემდე ვალდებულად ვგრძნობ. სამი რომანი, რომლებიც ჩემს შვილს დაუტოვა, ჯერ კიდევ ვერ გამოვეცი და ვერც ხსოვნის საღამო მოვუწყვე, რაზეც ძალიან მწყდება გული…
გვიამბეთ თქვენი პროფესიული განათლების შესახებ.
განათლება, რომელმაც პროფესიონალ არქიტექტორად ჩამომაყალიბა, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე მივიღე (დღევანდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). ჩემი სწავლა-განათლებაც ერთგვარი თავგადასავალი იყო. სკოლაში საბჭოთა სასწავლო სისტემისათვის რთულ ბავშვად ვითვლებოდი. თავისუფლებასა და ხელოვანთა წრეში გაზრდილს, სასკოლო სისტემისადმი მორგება მიჭირდა, მეტიც, ეს არც კი მიცდია. ხან მასწავლებლებთან, ხან დირექტორებთან მომდიოდა ჩხუბი, რის გამოც მრავალი სკოლა გამოვიცვალე. სკოლის შემდეგ, ვინაიდან კარგად ვხატავდი, სამხატვრო აკადემიაში ვცადე ფერწერის მიმართულებით ჩაბარება, თუმცა გამომიშვეს და მითხრეს, რომ ჩემგან მხატვარი ვერ დადგებოდა. ვფიქრობ, ჩემი თავისუფალი ნახატები მაშინდელ აკადემიურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. მიუხედავად ამისა, არ დავნებებულვარ, ხატვა არასდროს შემიწყვეტია და ახლაც იუმორით ვიხსენებ ამ ფაქტს. ხატვა ჩემი სულის მოთხოვნილება იყო და შედეგიც სახეზეა: დღეს ჩემი ნახატები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გალერეებსა თუ პირად კოლექციებშია დაცული.
სამხატვრო აკადემიიდან მიღებული უარის შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ვცადე ბედი, სადაც ჩემი ძმა სწავლობდა. თუმცა აქაც მარტივად ვერ მოვხვდი: მაღალი კონკურენციის გამო ორი წელი დამჭირდა ჩასაბარებლად.
არქიტექტურით დაინტერესება, მამას გარდა, ბიძაჩემის – შალვა გოგოლაძისა და ჩემი ძმის დამსახურებაცაა, რომლებიც არქიტექტორები არიან. ამ ფაკულტეტზე „ტანჯვა-წამების“ შემდეგ ახალი შემოქმედებითი ცხოვრება დაიწყო. პედაგოგებშიც გამიმართლა, ისინი არქიტექტურაზე შეყვარებული, სტუდენტების მოყვარული პროფესიონალები იყვნენ და მეც უამრავი რამ ვისწავლე მათგან (ირაკლი ციციშვილი, ვახტანგ დავითაია, გიული გეგელია).
როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?
ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპის მსგავსად, არც კარიერული გზა აღმოჩნდა მარტივი. სხვათა შორის, არასდროს მიცდია კარიერის მოწყობა. ვფიქრობ, 1991 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ დავრჩენილიყავი, ჩემი შრომისუნარიანობითა და პროფესიული შესაძლებლობებით ბევრად მეტს მივაღწევდი. ამის მიუხედავად, წუწუნი არ მიყვარს და კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს.
პროფესიული განვითარება სტუდენტობის პერიოდიდან დავიწყე. პირველი დაკვეთა ზუგდიდში მდებარე კერძო საცხოვრებელი სახლი იყო, რომელსაც სხვა ობიექტებიც მოჰყვა. მარტო მუშაობა არასდროს მხიბლავდა, ამიტომ ყოველთვის ჩემს მეგობრებს, ჯგუფელებს ვაერთიანებდი და ერთობლივად ვასრულებდით ნამუშევარს. მოგვიანებით რამდენიმე სამრეწველო ობიექტზეც ვიმუშავე. განსაკუთრებულად მახსოვს 1990 წელს წმ. სამების ტაძრის პროექტის კონკურსში მონაწილეობაც, რაც ახლად შეძენილ შვილს მივუძღვენი და მეუღლესთან ერთად დავაპროექტე თანამედროვე კონცეფციის ტაძარი. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში სხვამ გაიმარჯვა (არჩილ მინდიაშვილმა), ჩვენთვის მონაწილეობა უკვე გამარჯვებას ნიშნავდა, რის გამოც ფულადი პრემიით და ბიბლიით დაგვასაჩუქრეს.
1992 წლიდან შემოქმედებითი მოღვაწეობა საზღვარგარეთ განვაგრძე. იქ ბევრი ფერწერული გამოფენა მქონდა. არქიტექტურის მიმართულებით ძირითადად მოსკოვსა და კიევში ვმუშაობდი, გარკვეული პერიოდი კი კერძო დეველოპერული ორგანიზაციების მთავარი არქიტექტორი და საპროექტო განყოფილების უფროსი ვიყავი. ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობა ადვილი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ასეთი დატვირთვა ცხოვრების მოტივაციას გაძლევს, რადგან საჭირო ადამიანად გრძნობ თავს.
2006 წელს მოსკოვიდან კიევში გადავედი საცხოვრებლად, სადაც „კიევბუდპროექტის“ მთავარ არქიტექტორად მიმიწვიეს. ეს კიდევ უფრო საპასუხისმგებლო გამოწვევა აღმოჩნდა, რადგან კიევი ევროპული, მაღალი სტანდარტების არქიტექტურით გამოირჩეოდა. ამ დატვირთვას დიდხანს ვერ გავუძელი და ექვსი თვის შემდეგ სამსახურიდან წამოვედი, თუმცა შემდეგაც აქტიურად ვმუშაობდი კერძო დამკვეთებთან. საზღვარგარეთ მუშაობის დროს სამშობლო მენატრებოდა, ამიტომ 2010 წელს თბილისში დავბრუნდი. „TBC ბანკის“ ორგანიზებით, აქ მოეწყო ჩემი გამოფენაც, რომელზეც არაერთი ფერწერული ნამუშევარი წარვადგინე. სამწუხაროდ, არქიტექტურის მიმართულებით იმავე სიხშირით ვეღარ გავაგრძელე მუშაობა. საქართველოში სრულიად განსხვავებული გარემო დამხვდა – მინიმალური საპროექტო ღირებულება და შეზღუდული რაოდენობის დაკვეთები. ამჟამად ისევ უცხოეთში ვინარჩუნებ სამუშაო კონტაქტებს, აქ კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვარ. სტუდენტებთან მუშაობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
რას ნიშნავს თქვენთვის არქიტექტორობა?
არქიტექტორობა მრავლისმომცველი და საპასუხისმგებლო საქმეა. ექიმს თუ პაციენტის ბედი აბარია, არქიტექტორი ადამიანების სიცოცხლესა და ცხოვრების ხარისხზე აგებს პასუხს. ეს პროფესია აერთიანებს ინჟინერიასა და ესთეტიკას. იმისათვის, რომ ესთეტიკურად ღირებული რამ შექმნა, ნიჭი, სულიერება, თავისუფლება გჭირდება, ინჟინერია კი არამარტო სხვადასხვა ტექნიკური პროფესიის ცოდნას მოითხოვს, არამედ გამომგონებლურ ნიჭსაც. არქიტექტორს უნდა შეეძლოს ახლის შექმნა, მითითებების მიცემა, სხვა შემთხვევაში პროექტი მხოლოდ კონცეფციად, ნახატად დარჩება. XXI საუკუნის არქიტექტორს უამრავი შესაძლებლობა აქვს – ახალი ტექნოლოგიები, კომპიუტერული პროგრამები, სამუშაო მასალა – რომელთა გამოყენებასაც შესაბამისი პირობები სჭირდება. „შესაბამის პირობებში“ მაღალ ანაზღაურებასა და განათლებულ, გემოვნებიან დამკვეთს ვგულისხმობ.
რას იტყოდით ქართულ არქიტექტორულ სივრცეზე?
გამიჭირდება მისი დახასიათება. შეიძლება ითქვას, დღეს საქართველოში არქიტექტორი დაუცველი და უუფლებოა, რადგან ყველანაირი ბერკეტი დამკვეთის ხელშია. ხშირ შემთხვევაში დამკვეთი, მატერიალური მოგების მიზნით, ცდილობს დაარღვიოს კანონი, დააზიანოს გარემოს იერსახე, უგულებელყოს ეკოლოგიური ფაქტორები და ამ მავნებლურ ქმედებაში არქიტექტორიც ჩაითრიოს.
არქიტექტურა სიცრუეს ვერ იტანს. ის ზუსტად გადმოსცემს ეპოქის ხასიათს. ჩვენი ყოველდღიურობა, სიდუხჭირე თუ სიმდიდრე, ჩვენი განწყობა, ყველაფერი არქიტექტურულ გარემოზე აისახება და პირიქით, არქიტექტურა ქმნის ჩვენს პიროვნებას, ხასიათს. ჩვენი არსებობის ხასიათი გარემოზე მოქმედებს. ეს ყველაფერი ერთობლივად ქმნის ცხოვრებისეულ და არქიტექტურულ სტილს. დღევანდელ სტილს გაურკვეველ, გაუაზრებელ, არარაციონალურ ეკლექტიკას დავარქმევდი, რომელიც შორს დგას მოწესრიგებული, გააზრებული იერსახისგან. უნდა გვესმოდეს, რომ არქიტექტურული გარემო მუდმივად ცვალებადი და მგრძნობიარეა, ის ცოცხალი ორგანიზმია.
როგორია თქვენთვის საინტერესო, მიმზიდველი არქიტექტურა?
ძალიან მომწონს დახვეწილი არქიტექტურითა და ახალი ტექნოლოგიებით გამორჩეული ნაგებობები, მაგალითად, ფრენკ გერის გუგენჰაიმის მუზეუმი ჩრდილოეთ ესპანეთის საპორტო ქალაქ ბილბაოში. შენობამ ნამდვილად ახალი სიტყვა თქვა არქიტექტურაში. იგი შეიქმნა თანამედროვე ტექნოლოგიების, კომპიუტერიზაციისა და ახალი სამშენებლო მასალის გამოყენებით. შენობა 1997 წელს გაიხსნა და რეგიონს ეკონომიკური წარმატება მოუტანა, ქალაქი კი მთელ მსოფლიოში ცნობილი გახადა.
რაც შეეხება საქართველოს, თამამი გადაწყვეტისა და ადგილთან უნიკალური შეთავსების გამო, ახალგაზრდობიდან განსაკუთრებით მომწონდა ძველი საგზაო სამინისტროს შენობა (ახლანდელი „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისი). ეს ნაგებობა 1975 წელს აშენდა, როცა მე ჯერ კიდევ აბიტურიენტი ვიყავი. ჩემთვის თბილისში ასეთი თანამედროვე ტიპის შენობის ხილვა შთამბეჭდავი და პროფესიის არჩევისას დიდი სტიმულის მომცემი იყო. პროექტის დიზაინის შესახებ წერდა უცხოური პრესაც, რომელიც საინტერესო მოდერნისტულ ნამუშევარზე საუბრობდა და ხაზს უსვამდა საბჭოთა არქიტექტურის სტანდარტების მსხვრევას. ამ ნაგებობამ უცხოელების თვალში ქართველი არქიტექტორები თამამ, ნიჭიერ ადამიანებად წარმოაჩინა და ქვეყნის პოპულარობა გაზარდა.
გვესაუბრეთ თქვენს პროექტებზე. საიდან იღებთ შთაგონებას და რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით?
შთაგონებას ზოგადად ცხოვრებიდან ვიღებ, როგორც განვლილი, ისე დღევანდელი ყოფიდან; იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჩემთვის ძვირფასია. შთაგონების მთავარ წყაროდ სიყვარული მიმაჩნია. საკმარისია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოცადო ჭეშმარიტი სიყვარული, რომ უკვე ბედნიერი ხარ, ყველა და ყველაფერი გიყვარს. მუშაობისას უმთავრესი კონცეფციისა და იდეის ჩამოყალიბებაა. ვფიქრობ, ჩემი შემოქმედება და ხელწერა ე. წ. ჰუმანური არქიტექტურით გამოირჩევა, რომელსაც გარემოზე უპირატესობის პრეტენზია არ აქვს. ის ადამიანის მასშტაბთან მიახლოებული და ცოტა ზღაპრულიცაა. ალბათ, ჩემი შემოქმედების მთავარი სათქმელია: „იყავით თავმდაბალნი და გიყვარდეთ ერთმანეთი! ასე უფრო ამაღლდებით“. ამასვე გვეუბნებიან ჩვენი წინაპრები, სარწმუნოება და ისტორიული არქიტექტურა, რომლის ჰუმანურობა, სამწუხაროდ, დავიწყებას მიეცა..
რაც შეეხება ჩემს პროექტებს, განსაკუთრებით მიყვარს „შერვუდი“ – ელიტური დასახლება მოსკოვთან ახლოს. როგორც უკვე აღვნიშნე, პროექტირებისას გარემო დიდ როლს თამაშობს, რაც „შერვუდში“ კარგად გამოვლინდა. 2002 წელს მოსკოვში უძრავი ქონების სფეროში ყველაზე ძლიერმა კომპანია „ინკომმა“ ქალაქის მიმდებარე მიწების ათვისება და ელიტური სოფლების აშენება გადაწყვიტა თანამედროვე ტექნოლოგიებით. ამ კომპანიის მთავარი არქიტექტორი და განყოფილების უფროსი იმ პერიოდში მე ვიყავი, ამიტომ „შერვუდის“ შესასვლელი, ადმინისტრაციული ნაწილი, მთლიანი დასახლების გეგმარება და რამდენიმე სახლი ჩემი პროექტით შესრულდა. არ არსებობდა ფინანსური და შემოქმედებითი შეზღუდვა. დამკვეთს უნდოდა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეგვექმნა კომფორტული დასახლება. ეს ყველაფერი ჩემს ბავშვურ მოგონებებს აცოცხლებდა და ჩვენც ზღაპრულ გარემოს და ცხოვრების მაღალ ხარისხს ვქმნიდით.
ასევე დავასახელებდი უკრაინის ქალაქ ბერდიჩევში აშენებულ ბალზაკის ცენტრს, რომელიც გამოირჩეოდა თავისი დანიშნულებით. ეს იყო მრავალფუნქციური შენობა სამუზეუმო სივრცით (ამ ადგილს ბალზაკი სტუმრობდა და გარკვეული პერიოდი აქ მოღვაწეობდა კიდეც, რის გამოც შენობის დიდი ნაწილი მუზეუმს დაეთმო). თავად ნაგებობა გარემოს შესაფერისი მასშტაბითა და თანამედროვე სტილით დავაპროექტე. მშენებლობისას შენობის იერსახე ნაწილობრივ შეიცვალა.
გამოვყოფდი ქალაქ ვიშნევოს ცენტრის რეკონსტრუქციაზე მუშაობასაც. დამკვეთს შევთავაზე სრულიად ახლებური კონცეფცია, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. ეს პროექტი იმით იყო საინტერესო, რომ პატარა, გამწვანებულ, ისტორიულ ქალაქს თანამედროვე იერსახე მიენიჭა და მეტიც, ცენტრალური ნაწილიდან ხედები გადაიშალა მის ბუნებასა და ეკლესიაზე. საბოლოოდ, მასშტაბითა და კონცეპტუალური გადაწყვეტით ისეთი შენობა გამოვიდა, რომელშიც გარემო, ბუნება, ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს შეერწყა. უკრაინაში არაერთი ობიექტი მაქვს შექმნილი, ამიტომ ძალიან მიმძიმს, როცა ვუყურებ, როგორ ინგრევა და ნადგურდება ომის გამო დღეს ეს ქალაქები.
ვინ არის თქვენი მთავარი შემფასებელი?
უპირველესად, ჩემი მეუღლე, რომელიც პროფესიით არქიტექტორია და ხშირად ერთად ვმუშაობთ კიდეც. ასევე ვაჟი, რომელიც დიპლომატია, თუმცა, საოცრად დახვეწილი გემოვნება და თანამედროვე ხედვა აქვს. პროექტირებისას, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება ექცევა დამკვეთის აზრს, მის მოთხოვნებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, მასთან ურთიერთობისას დაიცვა ოქროს შუალედი, რათა საკუთარ ხედვაზეც არ თქვა უარი და პროექტი მასაც მოაწონო.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩემი გეგმები ჩემს სასწავლო სტუდია „აპოლოს“ უკავშირდება, რომელშიც არქიტექტურის საფუძვლები ისწავლება და უამრავი აბიტურიენტი ემზადება. აქ მიღებული ცოდნა შემდგომი განათლების საძირკველი ხდება, ამიტომ ამ მიმართულებით მომზადება აუცილებელ პირობად მიმაჩნია. ჩემი კურსდამთავრებულების უმეტესობა წარმატებით მუშაობს არქიტექტორად, რაც, რასაკვირველია, ძალიან მახარებს. ვგეგმავ სასწავლებლის გაფართოებას და ახალი დისციპლინების დამატებას, რადგან მგონია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საზღვარგარეთ იღებს სამუშაო გამოცდილებას თუ განათლებას, ცოდნას თავის ქვეყანას უნდა ახმარდეს. ყველაფერი არნახული ტემპით ვითარდება, რის გამოც ძველი სასწავლო სისტემა ვეღარ ახერხებს, ფეხი აუწყოს ამ პროცესს.
დაბოლოს, რას ურჩევდით ახალგაზრდა კოლეგებს?
არქიტექტურით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ვურჩევ, უპირველესად, არქიტექტურისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები გამოიმუშაონ, რომელთაგან უმთავრესია ლოგიკური აზროვნება და სითამამე. მათ შეგნებულად უნდა ჰქონდეთ, რომ ეს არ არის იოლი პროფესია და ბევრი სწავლა, მუშაობა მოუწევთ, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. აუცილებლად უნდა იზრუნონ თვითგანათლებაზეც, რათა საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას მიაღწიონ.
შენი პროექტით აშენებული ნაგებობა საოცარ კმაყოფილებისა და რეალიზებულობის განცდას იწვევს. შემოქმედებითობა არის ის, რითაც ეს პროფესია უნიკალურია – თავისუფალ გარემოში არქიტექტურა ადამიანის შემოქმედებით ამბიციებს აკმაყოფილებს, რისთვისაც ნამდვილად ღირს ყველა სირთულის გადალახვა.
ავტორი: მეკო მეტრეველი
რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი