ამ შვედური ბინის ყველაზე შთამბეჭდავი დეკორატიული ელემენტია 100 წლის წინანდელი აგურის კედლის ფრაგმენტი, რომელიც დიზაინერებმა წინა ფონზე გამოიტანეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც უძველესი ქვის კედლის უწესრიგობა არა მხოლოდ არ აზიანებს დიზაინს, არამედ პირიქით, მას ხასიათსა და განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს. ბინა მდებარეობს საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, ამიტომ აქვს მაღალი ჭერი, ღია სივრცე და ცალკე შესასვლელი თავისი პატარა ეზოთი. პროექტის სრული ფართობი 68 კვადრატული მეტრია.
მისაღები ოთახი, როგორც შვედური სტილის ბინებისთვის არის დამახასიათებელი, ძირითადად სადა და ნაცრისფერ ფერებშია გადაწყვეტილი და გაფორმებულია მწვანე მცენარეებითა თუ სხვადასხვა კედლის დეკორაციებით. ოთახს აქვს საკმაოდ დიდი ზომის ფანჯარა, საიდანაც მზის სინათლე ინტერიერში აღწევს და სივრცეს უფრო ნათელს აჩენს. სწორედ ამ ნაწილშია აგურის ძველი კედელიც, რომელიც ძალიან საინტერესო კონტრასტს ქმნის თანამედროვე ელემენტებთან მიმართებაში და პროექტს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.
მისაღებთან არის გაერთიანებული სამზარეულოს ნაწილიც, რომელიც თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. ამ ზონაში ვხვდებით თეთრი და მოლურჯო ფერების ბალანსს და ხისფერ ელემენტებს, რომლებიც სივრცეში ბუნებრივ განწყობას აღძრავენ. ამ განწყობას კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იატაკის საფარიც, რომელიც ასევე ხის მასალისგანაა დამზადებული.
მთავარ საძინებელში საკმარისი ადგილია საწოლისა და პატარა საყოფაცხოვრებო ნივთებისთვის. ოთახს აქვს მშვიდი ატმოსფერო, რომელსაც კედლებზე არსებული ნაცრისფერი ფერი და მოვარდისფრო ქსოვილების სიმრავლე განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია ფანჯარა და აივანზე გასასვლელი კარიც, საიდანაც სივრცე ბუნებრივი სინათლით ივსება. დამატებით მშვიდი ხასიათის გასაღვიძებლად კი მწვანე მცენარეებია გამოყენებული.
მთავარი საძინებლის გვერდით გვხვდება საბავშვო საძინებელი, რომელიც შედარებით მცირე ზომისაა, თუმცა სივრცე მაქსიმალურადაა ათვისებული ფუნქციური ავეჯის გამოყენების ხარჯზე. განსაკუთრებით საინტერესოა ჭაღის დიზაინი, რომელიც ბუნებისგან არის შთაგონებული და ოთახში სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.
საერთო ჯამში, ბინა საკმაოდ მყუდრო და მრავალფეროვანია. აგურის კედელი ინტერიერში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს, რის ხარჯზეც იქმნება კონტრასტული და გამორჩეული განწყობა. ბუნებრივი განათების გამოყენებით კი პროექტი კიდევ უფრო დიდი და ნათელი ჩანს.