in

თანამედროვე ინტერიერის დიზაინის ტენდენციები — დეა მამაიაშვილის გზამკვლევი

თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინება ნებისმიერი დიზაინის მოყვარულთათვის მნიშვნელოვანია. იმის გამო, რომ ეს სტანდარტები მუდმივად იცვლება, საჭიროა, თვალი ვადევნოთ ახალ ტრენდებს. დღევანდელ სტატიაში ინტერიერის დიზაინერი, დეა მამაიაშვილი დიზაინის ახალ ტენდენციებს გაგვაცნობს და ამ საკითხთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გაგვიზიარებს.

„ინტერიერის დიზაინში, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, გარკვეული ტრენდები და ტენდენციები არსებობს. თუ საცხოვრებელ სივრცეში მათი გათვალისწინება გსურთ, საჭიროა ინდივიდუალური, გააზრებული მიდგომა და სიფრთხილე“, — აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

დიზაინერი გვიხსნის, რომ „Pantone“ (Pantone Matching System)-ი ყოველწლიურად აცხადებს ტრენდულ ფერს, რომელიც სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით დგინდება. 2023 წლის ტრენდული ფერია — Viva Magenta, რაც ნიშნავს იმას, რომ აქცენტების უმეტესობა, ტანსაცმელი, ავეჯი თუ ინტერიერის სხვადასხვა დეკორატიული აქსესუარი ამ ფერშია წარმოდგენილი.

„თუმცა, თუ ჩვენი საცხოვრებელი ეწყობა მშვიდ, დაბალანსებულ ფერთა გამაში და ისეთი სტილია გამოყენებული, როგორიცაა: ჯაპანდი, სკანდინავიური სტილი, ეტნო, ეკო და ა.შ. რთული წარმოსადგენია, რომ სააქცენტო კედელი აქტიურ ჟოლოსფრად შევღებოთ. იგივე მიდგომაა საჭირო სხვა ტენდენციებთან მუშაობის დროსაც“, — ამბობს დეა.

ინტერიერი ჯაპანდის სტილში
ინტერიერი სკანდინავიურ სტილში

როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, ტენდენცია მიზეზ-შედეგობრივი კავშირის პროდუქტია და ყოველთვის თანამედროვე სამყაროში არსებულ ადამიანის მოთხოვნებსა და საჭიროებებს ასახავს. ამის ყველაზე მარტივი მაგალითი პოსტ-პანდემიური ინტერიერია, რომელშიც აუცილებელ მოთხოვნად იქცა საცხოვრებლის ზონირება და ისეთი სივრცეების გაჩენა, სადაც ოჯახის თითოეულ წევრს მუშაობისა და დასვენების საშუალება ექნება.

„ამასვე მოჰყვა ინტერიერის მოდულური სისტემები (მაგ. მოდულური დივნები, მოდულური ტიხრები), რაც სივრცეს მულტიფუნქციურსა და მარტივად გარდაქმნადს ხდის. საჭიროების შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ზონაში დიდი დროის გატარება გვიწევს, ამ სივრცეს მობილურობის, მოქნილობის რესურსი უნდა ჰქონდეს, რათა მარტივად შევცვალოთ ინტერიერი“. 

დეა მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდის უცვლელ და განვითარებად ინტერიერის ტენდენციებად ბუნებრიობა, მულტიფუნქციურობა, ეკოლოგიურობა და მინიმალიზმი ითვლება. როგორც ის ამბობს, ტენდენცია მოთხოვნების გარდა, ყოველთვის გარკვეულ დეფიციტზეც მიგვითითებს. ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ადამიანს ნაკლები დრო რჩება ბუნებაში დროის გასატარებლად, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ვცდილობთ ჩვენს სახლებში იმ ემოციების შემოტანას, რომლებიც ბუნების ასოციაციებს იწვევს — ეს გამოიხატება სივრცითი, ზომიერი ინტერიერის შექმნაში, ბუნებრივი მასალებისა და ტექსტურების გამოყენებაში, გამწვანებისთვის საკმაოდ დიდი დოზის დათმობასა და განათების დაგეგმვაში.

ჩვენი რესპონდენტის აზრით, მულტიფუნქციურობის მთავარი მახასიათებელი ჭკვიანი სახლის სისტემების დანერგვაა. დღესდღეობით ითვლება, რომ სახლში გატარებული დრო და საცხოვრებლის მოწესრიგება/დალაგების ხანგრძლივობა პროპორციულად არ უნდა იზრდებოდეს. რაც შეეხება ეკოლოგიურობას, აქ მთავარი განმსაზღვრელი მასალების სწორად შერჩევაა.

„პროდუქტების სწორად შერჩევით ჩვენს თავსა და ბუნებაზე ვზრუნავთ. ამგვარი მიდგომა მასობრივ აზროვნებაში აქტიურად ვრცელდება, რაც მისასალმებელია. ინტერიერის ეკოლოგიურობის მეორე საკითხი — გააზრებული მოხმარებაა, რაც არსებული ავეჯის რესტავრაციას ან გადამუშავებული მასალით (recycled materials) მიღებულ დეკორის ელემენტებს გულისხმობს. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია საქართველოში გარკვეული მიზეზებს გამო არც ისე პოპულარულია“, — დეა მამაიაშვილი.

Bon Restaurant – ბუქარესტი
PaperBricks by Wookai lee – გადამუშავებული გაზეთებით შექმნილი ავეჯის კოლექცია
Table made of Altrock by Robin Grasby – მარმარილოს მტვრითა და ნატეხებისგან შექმნილი მაგიდის ზედაპირი
გადამუშავებული მუყაოსგან შექმნილი ავეჯი

მინიმალიზმი, ზემოთ აღნიშნული ტენდენციების ერთგვარი ლოგიკური შეჯამებაა. დიზაინერი თვლის, რომ მინიმალიზმი არა მხოლოდ კონკრეტული სტილი, არამედ ცხოვრებისეული პრინციპი და მიდგომაა, ის გააზრებულ მოხმარებას გულისხმობს, რომელიც ინტერიერში თითო ნივთის საჭიროებაზე გვაფიქრებს.

შეიძლება ითქვას, რომ ტენდენციები ცხადად ასახავს ადამიანის განვითარების პროცესს და გლობალურ ცვლილებებს ირეკლავს, მათი გათვალისწინება კი ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია.

„ინტერიერის დიზაინის ტენდენციები ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ იზრდება ადამიანი, როგორ იცვლება მისი აზროვნება, პრიორიტეტები და მსოფლმხედველობა. სწორი მიმართულებით, ინდივიდუალური ნაბიჯების გადადგმით, ამ ტენდენციებისა და პრინციპების გლობალიზაციისკენ მივდივართ, რისი წაქეზებაც და აქცენტირება ძალიან მნიშვნელოვანია!“, —ამბობს ჩვენთან საუბრისას დეა.

ავტორი: მეკო მეტრეველი

„კონსტანტინი“ — მრავალფეროვანი ავეჯის ქართული საწარმო

7 გზა ეკოლოგიურად სუფთა სახლის მოსაწყობად