აღნიშნული ოფისი “ქინგ დავიდის” ბიზნეს ცენტრში, ალექსიძის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 100 კვადრატული მეტრია. სივრცის ინტერიერის დიზაინი “შრე სტუდიოს” ეკუთვნის.
დამკვეთის მხრიდან მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა ექსკლუზიური და მდიდრული ინტერიერის შექმნა, სადაც უნდა განთავსებულიყო მისაღები სივრცე, საკონფერენციო ოთახი და კაბინეტი.
როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას სივრცის ოპტიმალური დაგეგმარება წარმოადგენდა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ფართის პერიმეტრის უდიდესი ნაწილი მომრგვალებული ვიტრინის კედელია.
სივრცეების მთავარ გამყოფადაც მომრგვალებული დაბურული შუშები და მის გასწვრივ სივრცის გამხსნელი თითბერის მილებია, რომლებიც შემოსასვლელიდან იწყება, მიუძღვება სტუმარს ოფისში, შემდეგ მოკლდება და ხსნის ხედვის არეალს საკონფერენციო ზონისა და კაბინეტისკენ.
თავდაპირველად, საკონფერენციოში საყრდენი ბოძი უხეშად ყოფდა სივრცეს, რაც შემდეგ სარკეებით შეიფუთა და თითქოს, შთანთქმის ოპტიკური ილუზია შეიქმნა და სივრცე შემსუბუქდა. თითბერი ინტერიერის წამყვანი მასალაა, რომელიც გვხვდება როგორც სანათებში, კაბინეტსა და საპირფარეშოში, ასევე ავეჯსა და კედელზე დეკორატიული სარტყელის სახით.
ღსანიშნავია, რომ საოფისე ფართის თავდაპირველი ფართობი 80 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. თუმცა, პროექტის შესრულების დროს მოხდა დამატებითი სივრცის (20 კვ.მ) მიმატება, რომელიც საინტერესოდ აისახა ინტერიერშიც და უწყვეტი მილების მიღმა თითქოს საიდუმლო ოთახი გაჩნდა.
ასეთივე შეუმჩნეველია საპირფარეშოც, რომელიც შემოსასვლელი კარადების გაგრძელებაა და სტუმარს შემოსვლისთანავე უხეშად არ ხვდება თვალში.
პროექტში გამოყენებული კიდევ ერთი მთავარი მასალა კაკლის ხის ავეჯია, რომელიც თითბერთან ერთად მდიდრულ ხასიათს აძლევს მთლიან ინტერიერს. ასევე გვხვდება ჩესტერის ტიპის ტახტი, რომელიც საქართველოშია დამზადებული.
მთავარი დიზაინერი: ივა მაზმანიშვილი
დიზაინერები: შმაგი აფაქიძე, თორნიკე გონგლაძე
წარმოების ხელმძღვანელი: ლაშა გონგლაძე
პროექტის ხელმძღვანელი: ცოტნე მაზმანიშვილი
ფოროგრაფი: ვახო მაკასარაშვილი