ჩვენი დღევანდელი ინტერვიუ თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროს, ინდუსტრიულ დიზაინს შეეხება. თაზო არუნაშვილი, რომელიც ინდუსტრიულ დიზაინერთან ერთად, ხელოვანი, მეწარმე და ლექტორია, ამ პროფესიის მნიშვნელობაზე, დანიშნულებასა და საჭიროებებზე გვესაუბრება. თაზოს მრავალმხრივი და საინტერესო საქმიანობა არაერთ პროექტს, გამოგონებასა და წამოწყებას აერთიანებს, რომელთა მეშვეობითაც ის საკუთარ პიროვნებას და ხედვებს გამოხატავს. სხვადასხვა მედიუმში მონაცვლეობა და იდეის მატერიალურ საგნად გარდასახვა ჩვენი რესპონდენტისთვის განსაკუთრებულ პროცესთან არის დაკავშირებული, რაც შემოქმედებით თავისუფლებასთან ერთად, თანმიმდევრულ, რაციონალურ ნაბიჯებს მოითხოვს. თაზო არუნაშვილი დღეს მუშაობის პრინციპზე, მრავალმხრივ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება და მკითხველს საინტერესო და შემეცნებით ამბავს მოუთხრობს.
თაზო, დავიწყოთ თქვენი ბავშვობით, როგორ გახსენდებათ ეს პერიოდი?
ჩემი ბავშვობაც ჩემი თაობის ადამიანების უმეტესობის მოგონებებს ჰგავს, რომელიც მეხსიერებაში ერთდროულად „ბნელი და ტკბილია“, გაჭირვებითა და ბევრი გასართობით სავსე. მაშინ თამაში ერთგვარი გადარჩენის გზა იყო. ვფიქრობ, ახლაც ასეა – ყველა ადამიანი თვითრეალიზაციის პროცესში გადარჩენისთვის ცოდნით თამაშობს.
ჩემს შემოქმედებით პროცესზე დიდი გავლენა იქონია ბავშვობამ. ეს პერიოდი ასოცირდება ბევრ ხატვასთან, ლეგოებთან და სხვადასხვა კონსტრუქტორ სათამაშოებთან, კვამლის გამშვებების დამზადებასთან ტენისის ბურთითა და სახაზავით, მეგობრებთან ერთად ნაპოვნ ტექნიკასთან ან ინდუსტრიული ნარჩენების დაშლა-შესწავლასთან, გამდნარი ტყვიის აგურის ყალიბში ჩამოსხმასთან, ნაპოვნი ლეკვის ან კუს მოვლა-პატრონობასთან… ასევე, ძალიან საინტერესო იყო ე.წ. ქოხების,“შტაბების“ მოწყობა. 7-8 ქოხი ავაშენეთ. ზოგს სახურავის გარეშე, ავტოფარეხებს შორის ან ჭერმის ხეზე. მიუხედავად იმისა, რომ 2 ბავშვი ძლივს ეტეოდა ამ სივრცეში, ეს იყო ჩვენთვის საოცარი გასართობი და რიგრიგობით შევდიოდით ხოლმე შიგნით.
ბავშვობისას დიდად არ მიყვარდა საუბარი, ნამუშევრების გამოფენა თუ პრეზენტაციები. ჩემი დაკვირვებით, ვინც იმ პერიოდში „ანათებდა“, შემდეგ „ჩაქრა“, შესაძლოა ზედმეტი თავდაჯერებულობის ან ტრენდული პროფესიების არჩევის გამო, რომლებსაც გარემო ან მშობლები კარნახობდნენ.
ვფიქრობ, გარდამავალი ეპოქები ძალიან საინტერესოა ცოდნის გადასვლისა და ევოლუციის თვალსაზრისით. ჩემი ბავშვობაც ასეთ გარდამავალ ეპოქას დაემთხვა – 90-იანების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისს, „ღილაკიდან სენსორულ ეკრანზე გადასვლას“. მგონია, ვინც მხოლოდ ღილაკები და სადენები გამოიარა, განსხვავდება მათგან, ვისაც პირდაპირ სმარტფონთან ჰქონდა შეხება. ფილოსოფიური თვალსაზრისით, განსხვავებულია ისიც, ვინც ორივე ეპოქას მოესწრო. მიმაჩნია, რომ სწორედ ამ პერიოდმა შეასრულა დიდი როლი ჩემს შემოქმედებით აზროვნებასა თუ პიროვნულ ჩამოყალიბებაზე.
როგორ განვითარდა თქვენი სწრაფვა, რომელიც ახლის შექმნასა და რაიმეს გამოგონებისკენ გიბიძგებდათ? როგორ გარდაისახა ეს სურვილი პროფესიაში?
ბავშვობის დროინდელი მისწრაფებები მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისია იმისათვის, რომ ზუსტად გაიგო, რა გინდა. ჩემ შემთხვევაში, სკოლის დასრულების შემდეგ, სამხატვრო აკადემიაში, ინდუსტრიული დიზაინის კათედრაზე ჩავაბარე, სადაც იმხელა თავისუფლება მქონდა, რომ მარტივი იყო, ეს პროცესი სიზარმაცეში გადაზრდილიყო. მაგრამ თუ მეოცნებე და შრომისმოყვარე იყავი, აკადემიის სახელოსნოს გამოყენება საკმაოდ კარგად შეგეძლო. მადლიერების გრძნობა მაქვს ყველა იმ ლექტორის მიმართ, რომლებმაც დიზაინერისთვის საჭირო მიმართულებები გამაცნეს და ჩემს განვითარებაში მონაწილეობა მიიღეს. ხატვის, კომპოზიციისა თუ ქანდაკების შესწავლასთან ერთად, საინტერესო და მრავლისმომცველი იყო საუბრები და დისკუსიები ხელოვნების სხვა სფეროებზე. განსაკუთრებულად მახსენდება ერთ-ერთი ლექტორი, რომელიც ქანდაკებას გვასწავლიდა. მან პირველად გვაჩვენა ლეგენდარული ფილიპ სტარკის ლიმონის საწური. „Metallica“-ს, „Muse“-ის და სხვადასხვა ბენდის კომპოზიციები გვქონდა ჩართული მუშაობისა და სწავლების პარალელურად. ამით იმის თქმა მინდა, რომ დოზირებული თავისუფლება მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც საქმეს სიყვარულით აკეთებს.
აკადემიაში ძირითადად პროექტული სწავლება გვქონდა – ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით გვიწევდა მუშაობა და ბევრი უნარის გამომუშავება დაგვჭირდა — ხატვის, ფსიქოლოგიის, კომუნიკაციის, 3 განზომილებიანი მოდელირების, ძერწვის, კვლევისა და ტექნოლოგიების. ეს ყველაფერი ჩემთვის საკმაოდ ქაოსური იყო, რადგან დიდად ვერ ვერკვეოდი რას გულისხმობდა UX (user experience) კვლევა.
სტუდენტობისას უამრავ კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას, შემდეგ, ნელ-ნელა მივიღე დაკვეთები და შემოთავაზებები ინდუსტრიული დიზაინისა და გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. კონკურსებთან ერთად, კოლაბორაციულ პროექტებშიც ვერთვებოდი და სხვა ადამიანებსაც ვუბიძგებდი ამ ნაბიჯისკენ. სწორედ ამ პერიოდში გავეცანი სტარტაპ სამყაროს, ტექნოლოგიებს და ანტრეპრენერობას (მეწარმეობას), რომელმაც ძალიან დამაინტერესა და ამ მხრივ მიღებული გამოცდილება დიზაინშიც ძალიან დამეხმარა.
რას მოიცავს თქვენი მრავალფეროვანი საქმიანობა?
ჩემი საქმიანობა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს — ტექნოლოგიებს, ხელოვნებას, მეწარმეობას და დიზაინს. თუმცა ადამიანების ნაწილს მხატვარი, ზოგს მასწავლებელი/ლექტორი, ზოგს 3D მოდელირების სპეციალისტი ან სტარტაპერი ვგონივარ, რადგან ერთდროულად რამდენიმე ინდუსტრიაში აღმოვჩნდი. ამის გამო ზოგჯერ გიწევს ექსტრავერტი გახდე, „გააპიარო“, დააზუსტო შენი მიმართულება. ერთხელ, TED-ის გამომსვლელმა ასეთი რამ თქვა: „თუ არავის მოუყვებით თქვენს საქმეებს, არავის ეცოდინება ისინი, ხოლო თუ მოუყვებით, ეს მათ არ მოეწონებათ“. ამის გამო რაღაცის ახსნის ჩვევა განმივითარდა, რაც დამეხმარა აკადემიაში ლექტორი, ბაქსვუდის სკოლაში კი მასწავლებელი გავმხდარიყავი, სადაც 4 წელია ვასწავლიდი.
რა კარიერულმა ნაბიჯებმა განაპირობა თქვენი ამჟამინდელი პროფესიული ადგილი?
აკადემიის დასრულებისთანავე ლექციების კითხვა დავიწყე დიზაინის ისტორიის მიმართულებით, ეს საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის, რადგან დიზაინის ისტორია ჩვენ არ გვისწავლია და არ ვიცოდი მისი ევოლუციური ხაზი, ამიტომ მომიწია ამ თემის ისე შესწავლა, რომ სხვებისთვის ამეხსნა. ამ საქმეში კი სამრეწველო დიზაინის კათედრის ხელმძღვანელი, ჯუმბერ ბეჭვაია მენდო, რომლის ძალიან მადლიერი ვარ. პარალელურად ვმუშაობდი ინდუსტრიული დიზაინის მიმართულებით ინდივიდუალურ დაკვეთებზე და თბილავიამშენში სამხედრო პროექტებზე. შემდეგ იყო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ფაბლაბებში (Fablab) დაზგა-დანადგარების ტექნიკოსობა თბილისის ტექნოპარკსა და ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბში.
ამავდროულად, მეგობართან ერთად ვაკეთებდი შემეცნებით სათამაშოების სტარტაპს დისლექსიის მქონე ბავშვებისთვის, თუმცა სამწუხაროდ, ამ იდეამ არ გაამართლა, რადგან ბიზნეს უნარები გვაკლდა და საქმეს მხოლოდ დიზაინის კუთხით ვუდგებოდით. აღნიშნული პროექტის მთავარი დაბრკოლება, ვფიქრობ, პერფექციონიზმი იყო – ხაზებსა და მასალების დახვეწაზე დიდი ყურადღების გამახვილება და ნაკლები დროის დათმობა ფინანსური მხარისთვის, გაყიდვების, წარმოების, ავტომატიზაციისა და მდგრადობის მიმართულებით. თუმცა რამდენიმე პროდუქტი გავყიდეთ და ტაივანის დიზაინის საერთაშორისო ფესტივალზე ფინალშიც გავედით.
შემდეგ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ბაქსვუდის სკოლა, გაკვეთილები 3D მოდელირებისა და ბეჭდვის მიმართულებით, ინოვაციების მენეჯმენტი და VR ტექნოლოგიების სკოლაში დანერგვა.
2019 წელს, სოფო ჩუტკერაშვლთან და შოთა ჭილაიასთან ერთად ახალი სტარტაპი დავწყე — „VISU“, რა დროსაც დავინტერესდი გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიით (Augmented reality). „VISU“ აქტიურად ეხმარებოდა მოსწავლეებს და მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესში. ამჟამად სტარტაპში რეორგანიზაციის (კურსის შეცვლის) ეტაპზე ვართ.
ამგვარად, ჩემი კარიერის მანძილზე რაღაც დოზით ვუახლოვდებოდი და ვშორდებოდი ინდუსტრიულ დიზაინს, თუმცა ვფიქრობ, დიდწილად ასეც უნდა მომხდარიყო, ახლა კი უფრო მეტად ამ მიმართულებით ვაპირებ განვითარებას.
ვისაუბროთ ინდუსტრიული დიზაინის სფეროზე, რას გულისხმობს ეს პროფესია და რა არის მისი მთავარი დანიშნულება?
ხშირად ერთმანეთში ეშლებათ პროდუქტის დიზაინი, ინდუსტრიული დიზაინი და 3D დიზაინი. პროდუქტის დიზაინი მოიცავს ინტერფეისის დიზაინსა და შეფუთვას, ამიტომ ინდუსტრიული დიზაინი პროდუქტის დიზაინის შემადგენელი ნაწილია. ინდუსტრიული დიზაინის დარგი საკმაოდ მრავალფეროვანია — ჭიქა, ავეჯი, სკამი, საათი. მას არაერთი გადაკვეთა აქვს არქიტექტურასთან, მაგალითად, რეკრეაციული ზონის აქსესუარები, მცირე არქიტექტურული ობიექტები, გაჩერებების დიზაინი.
ვფიქრობ, ყველა ნივთის დიზაინს შეგიძლია განსაკუთრებულად მიუდგე და თვითშემეცნების მთელი გზა უკეთესად შეისწავლო — შექმნა ესკიზები, მოიძიო ახალი გზები, გასინჯო პროდუქტი, აწარმოო მოლაპარაკებები. პირადად ჩემთვის, ეს ყველაფერი თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი ხერხი და ხელოვნური გარემოს შემქმნელთა რიგებში სამსახურია.
ყოველდღიურად ვეხებით ინდუსტრიული დიზაინის პროდუქტებს, რაც დიდწილად, ჩვენს განწყობას განაპირობებს. ამ პროცესში კი საინტერესოა, რატომ ვირჩევთ კონკრეტულ პროდუქტს, რა არის განმსაზღვრელი კრიტერიუმები და როგორ მიმდინარეობს ევოლუციურად ეს პროცესი.
თქვენი აზრით, რა როლი აქვს ამ სფეროს თანამედროვე სამყაროში?
მოსახლეობის ზრდასა და განვითარებასთან ერთად, ვითარდება ტექნოლოგიები და დიზაინერის საჭიროება უფრო აქტუალური ხდება. ამასთანავე, უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი გამოსაყენებელია პროდუქტებიც — ორ და სამ განზომილებიანი პროგრამები, სახატავი მასალები, VR, 3D პრინტერები, ხელოვნური ინტელექტი. შესაბამისად, არაპროფესიონალებს უკვე შეუძლიათ, მარტივ დავალებებს გაართვან თავი და 3D მოდელები თავად შექმნან. ეს ე.წ. „Long Tale“ („გრძელი კუდის პრინციპი“) თანამედროვე პროცესის ნაწილია. მაგრამ ძირითადი ინოვაციების შექმნა და ადაპტირებული პროდუქტებისა თუ რთული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამარტივება კვლავაც ინდუსტრიული დიზაინის ხელშია, რასაც უბრალო მოყვარული აკადემიური, სისტემური ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გარეშე ვერ შექმნის.
საინტერესოა, რა მდგომარეობაა საქართველოში ინდუსტრიული დიზაინის მიმართულებით ?
საქართველოში ჯერ-ჯერობით გამონათების ეტაპია, მაგრამ მჯერა, ეს სფერო ბევრად წინ წავა. საზღვრები განვითარებულ სამყაროსთან ღიაა, ასევე, ხელმისაწვდომია სხვადასხვა ინტერნეტ რესურსი. ან ჩვენ უნდა შევქმნათ რაღაც ახალი, ან სხვისი შექმნილი გამოვიყენოთ, ხოლო შემქმნელი ყოველთვის გამოჩნდება. სტუდენტებსა და მოსწავლეებს ხშირად ვესაუბრები, რომ ჩვენ შემქმნელები უნდა ვიყოთ და არა მხოლოდ მომხმარებლები. შესანიშნავი უფასო ინსტრუმენტები გაქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ. იმას, რაც ვირტუალურმა სამყარომ დიზაინს გაუკეთა, ვუწოდებ „ჯვარედინ დამტვერვას“ იდეების შერევის კონტექსტში.
საქართველოში ამ დარგის განვითარებას, პირველ რიგში, წარმოებისთვის საჭირო დანადგარების სიმცირე ან არარსებობა ართულებს. პლასტმასის წარმოებას, ნივთიერებების კვლევასა და გადამუშავებას, პროტოტიპირებისთვის აუცილებელი აგრეგატების მოძიებას დიდი დრო სჭირდება. შესაძლოა დააპროექტო პროდუქტი, მაგრამ ის სხვა ქვეყანაში უნდა აწარმოო. ამ სისტემის განვითარება კი ხანგრძლივი პროცესია. თუმცა მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ ამ საკითხს და მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი მიღწევადია.
გვაქვს პატარა ქვეყნების მისაბაძი მაგალითები, რომლებიც ინდუსტრიული დიზაინის მიმართულებით საკმაოდ განვითარდნენ, მაგალითად, ესტონეთი, სლოვენია. მთავარია, ქვეყანა საით მიმართავს ყურადღებას, ნებასა და ფინანსებს. ამჟამად კი, სამწუხაროდ, უმეტესობა საგნებისა, რასაც მოვიხმართ, უცხოეთშია დაპროექტებული და დამზადებული.
თქვენი ამჟამინდელი საქმიანობა განათლების სისტემასაც უკავშირდება, რა ძირითად პრობლემებს ხედავთ ინდუსტრიული დიზაინის თვალსაზრისით და როგორ გესახებათ მათი გადაჭრის გზები?
პირადად მე სტუდენტობისას სამი მნიშვნელოვანი საკითხი მახსენდება, რომელთა გამოსწორებაც დიდად გამიმარტივებდა თავის დროზე სწავლების პროცესს, ვფიქრობ, ეს საკითხები დღემდე აქტუალურია: 1. კვლევისა და მომხმარებელთა საჭიროების შესწავლის თანმიმდევრულობის მიხედვით მუშაობა, ამის გაუთვალისწინებლობა გვაძლევს ისეთ მაკეტებს, რომლებიც ძერწვისთვის ვერასდროს განხორციელდება საჭირო პროექტად თუ პროდუქტად 2. მუშაობის პროცესში საჭირო ინვენტარისა და მასალების არსებობა (ერთხელ, როდესაც ერთ-ერთი გერმანელი ტექნოლოგი გვეწვია კომპანია „აუდიდან“ და ჩვენი სამუშაო მასალებით დაინტერესდა, ამან უხერხულობა გამოიწვია, რადგან არაპროფესიონალური ინვენტარი — პლასტიკური ბარათები და რკინის ხერხის პირები ვაჩვენეთ). 3. საქართველოში ინდუსტრიულ დიზაინზე მოთხოვნისა და საჭიროების სიმცირე, რადგან თუ ქვეყანაში ინდუსტრია და წარმოება არ არის განვითარებული, შესაბამისად, პროექტებიც ცოტაა და ეს სფეროც ვერ ვითარდება.
გვიამბეთ შემოქმედებით პროცესსა და თქვენი მუშაობის პრინციპზე?
ინდუსტრიულ დიზაინში მუშაობა საკმაოდ შეთანხმებული პროცესია და სახვითი ხელოვნებისგან განსხვავებით, არცთუ ისე თავისუფალია. ჩემ შემთხვევაში, მთავარია ბალანსის დაცვა ამოცანის დასახვას, კონცეფციის შემუშავებას, ესკიზების წარდგენას, 3 განზომილებიან მოდელირებას, ტექნიკური ნახაზისა და პროტოტიპირებას შორის. ეს მიმდევრობა კი მეორდება მანამ, სანამ არ დაიხვეწება პროდუქტი და შესაბამის სახეს არ მიიღებს.
დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ხელით, ფურცელზე შესრულებულ ესკიზებს, ამ დროს ტვინი უფრო აქტიურადაა ჩართული და კომპიუტერული ეფექტებით „ჟონგლიორობისგან“ გათავისუფლებს. მუშაობის დროს ბევრი რამ პროექტზეა დამოკიდებული, ზოგს მეტი შემოქმედებითი თავისუფლება სჭირდება, ზოგიერთს კი ზუსტი საინჟინრო მოქმედებები. მაგალითად, ბოლოს ვიმუშავე ერთ საინტერესო პროექტზე — ლიფტის მოწყობილობაზე, რომელიც მკაცრი ჩარჩოების დაცვას მოითხოვდა და ნაკლებ თავისუფლებას მაძლევდა.
რაიმეს შექმნის დროს, პროდუქტის ფუნქციასთან ერთად, მნიშვნელოვანია ემოციური მხარისა და ხატ-სახის შენარჩუნება. შემდეგი ეტაპია კონსტრუქტორის მიერ დიზაინის დამუშავება ისე, რომ პროდუქტი წარმოებას მოერგოს და მისი კონცეფცია, ერგონომიკა თუ ფორმა არ დაირღვეს. მგონია, რომ როდესაც პროექტი ცარიელი ფურცლით იწყება, უფრო მეტი თავისუფლება გაქვს. ინდუსტრიული დიზაინის, არქიტექტურისა თუ პროექტირების პროცესი ტვინის ჰემისფეროების მუშაობას ჰგავს და სამ მთავარ მიმართულებას აერთიანებს — პოეზია (ესკიზები, იდეები), კონსტრუირება (შენება, ციფრები, გათვლები, კანონები) და რეალიზაცია (გაყიდვა), ამ დროს კი გრძნობა, ფიქრი და ქმნადობა/განხორციელება შეთანხმებულად უნდა მუშაობდეს.
ვისაუბროთ თქვენს გამორჩეულ პროექტებზე
ჩემი პროექტები არაერთ მიმართულებას მოიცავს — საყოფაცხოვრებო ნივთებს, ჯავშან-მანქანას, სახმელეთო დრონებს, ავეჯს, სათამაშოებსა და ბოთლებს… ნამუშევრებს გამოვარჩევდი იმის მიხედვით, თუ რამდენად ინფორმაციული გამოდგა ის დიზაინის მიმართულებით, რამდენად მოახერხა მან, პრობლემა განსხვავებული კუთხით დამენახა და ადამიანებთან ურთიერთობის თვალსაზრისით რაღაც ახალი შემეძინა. ამიტომ გამოვყოფდი სამხედრო პროექტებს, სათამაშოების დიზაინს, ტრენაჟორების სისტემის დიზაინს, ლიფტის მოწყობილობის დიზაინს და გრაფიკულ ესკიზს „AirBaltic“-ის საიუბილეო „Airbus A220-300“ ტიპის თვითმფრინავისთვის.
ასევე, ჩემთვის მნიშვნელოვანია „Tazo Design“-ის პლატფორმა, რომელიც ინდუსტრიული დიზაინის მიმართულებით, გრაფიკული და შეფუთვის დიზაინის კუთხით მუშაობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საიტის შექმნის პროცესი, მომავალში კი ვგეგმავ თეორიულ სამუშაოსაც, კვლევებისა და კონსულტაციების ჩატარებას.
დაბოლოს, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება თქვენი ამჟამინდელი და სამომავლო გეგმების გაცნობა
ამჟამად ვმუშაობ ერთ ექსპერიმენტულ პროექტზე 3 განზომილებიანი ბეჭდვისთვის. ასევე, სამხატვრო აკადემიაში ვარ ასისტენტ-პროფესორი და აქტიურად ვკითხულობ ლექციებს. ბაქსვუდის სკოლაში კი ხელოვნებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს ვხელმძღვანელობ. სამომავლო გეგმები ძირითადად უკავშირდება დიზაინ პროექტებს, ინოვაციების მენეჯმენტს, ასევე თეორიოულ სამუშაოებს, კვლევებსა და წერას.