თუ რამე სიახლე ხდება არქიტექტურასა და დიზაინში დღეს, დანიის დედაქალაქი – კოპენჰაგენი ერთ-ერთი ლიდერია ამ მიმართულებით. სკანდინავიის ამ მხარემ ბევრი გავლენიანი დიზაინერი წარმოშვა და შექმნა გარემო ინოვაციებისთვის.
ჩემი “დიზაინ-მოგზაურობის” მთავარი მიზანი არქიტექტორ ბიარკ ინგელსის არქიტექტურისა და მისი სამუშაო ოფისის დათვალიერება, ოლაფურ ელიასონის ხიდის ნახვა, რემ კოლჰაასის შენობის ხილვა და 3daysofdesign ფესტივალზე დასწრება იყო. ვცდილობ, დიზაინის ის ნიმუშები პირადად ვნახო და შევისწავლო, რაც მე მომწონს და ასევე რაზეც სტუდენტებს ვესაუბრები ხოლმე.
დავიწყებ ოლაფურ ელიასონით, დანიელი არტისტით, რომელმაც კარიერა არქიტექტურით დაიწყო. ეს ხიდი ქანდაკებისა და დიზაინის სინთეზის ნიმუშია და თავად ოლაფური კი იმის მაგალიათია, რომ ადამიანი თვითგამოხატვის პროცესში შეიძლება გადავიდეს ერთი პროფესიიდან მეორეში (მაგალითად, არქიტექტურიდან ხელოვნებაში) და საზრდოობდეს ორივე მათგანით.
“Yes Is More” – ბიარკ ინგელსი ამ ფრაზით ლოგიკური ჯაჭვის ნაწილია, რომელიც წინ დაგვიდო ბაუჰაუსელმა მის ვან დერ როემ ფრაზით “Less Is More”. ბიარკი თავისი პროდუქტიულობით, ჰედონისტური მდგრადობის ხედვით, შრომისმოყვარეობით, ინოვაციების დანიურ იდენტობაში ამოვლებითა და გიჟური იდეებით სულ აღმაფრთოვანებდა. მეორედ ვნახე მისი ნამუშევრები, ამჯერად მისი წიგნიც შევიძინე და მისი ოფისისკენ გავეშურე. მისი კომპანია “BIG” ახლა უკვე 700მდე დიზაინერსა და არქიტექტორს აერთიანებს. თავად ბიარკი არ დამხვდა ოფისში (ნიუ იორკში იმყოფებოდა), თუმცა მოხდა ისე, რომ შენობაში შემთხვევით სხვა ჯგუფს შევყევი. შემთხვევითობა რომ არა, ვერავინ შევიდოდა ოფისში გარდა დამკვეთისა ან ჯგუფური ტურისა, რომელიც 4-5 თვით ადრე იჯავშნება.
რაც შეეხება დიზაინ ფესტივალს, 3Daysofdesign-ის მთავარი ფოკუსი საყოფაცხოვრებო აქსესუარების დიზაინი იყო: სანათები, ავეჯი, ინტერიერის დეკორაციები, ახალი მასალები, მდგრადი დიზაინის პრინციპების გაცნობა… საერთო ჯამში, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა 500-მდე ღონისძიება. ბუნებრივია, ყველა მათგანზე დასწრება შეუძლებელი იყო.
პირადად ჩემზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მრავალწლიანი დიზაინ კომპანიების კვლავინდებურმა აქტუალურობამ ინოვაციისა და ხარისხის ხარჯზე. ინოვაციურობის ზრდა ამ შემთხვევაში “რბილად” ხდება, მკვეთრი არაა, ეს კი გამოწვეულია გარემოზე ფიქრით და მაღალი ხარისხის შენარჩუნებით.
შთამბეჭდავი იყო წლევანდელი სლოგანი – “Dare to Dream” ანუ “გაბედე ოცნება”.
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჩემი ყურადღების ცენტრში ინდუსტრიული დიზაინი და მისი ნათესავი – არქიტექტურა მოექცა, რომლითაც ვსაზრდოობ კიდეც და ვფიქრობ, რომ ის ქვეყნისა და ეპოქის სააზროვნო თვითგამოხატვის ძალიან ეფექტური საშუალებაა.
აქტიური წარმოებაა ოფისების წყალზე, წლის ზედაპირის ათვისება დიდი ხანია გეგმაშია. წყლის ზედაპირზე მცურავი შენობები ერთ-ერთი ძველი იდეაა, ბიარკსაც აქვს რამდენიმე კონცეპტუალური იდეა ამაზე. კოპენჰაგენში კი მცირე მასშტაბით, მაგრამ უკვე დაიწყეს ამის დანერგვა და მთლიანი კონტეინერი (მზა ბლოკის) გაყიდვა. ასევე საინტერესო იყო სტუდენტური ნამუშევრები, კერძოდ სკამები ღვინის თავსაფრის (კორპი) მსგავსი მასალისგან, ეს სკამები მოძრაობს და განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვისაც ჯდომისას მოუსვენრობა ახასიათებთ. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად სუსტად გამოიყურება, გათვლილია 200 კილოგრამზე და რეალურად, ძალიან გამძლეა.
აქტუალურია დიზაინის ფოკუსი ჭკვიან მოწყობილობებზე და მწვანე დიზაინზე. ჰარდვეარ ინჟინრები აქტიურად თანამშრომლობენ დიზაინერებთან და ქმნიან საოცარ სანათებს საუცხოო ესთეტიკით და გამოყენების სიმარტივით.
ძალიან დასამახსოვრებელი კონფერენცია იყო შვედურ კომპანია Ikea -თან და მის დიზაინერებთან, რომელთაგან არცერთი არ იყო შვედი. იტალიელ, კვიპროსელ, ინდოელ და არგენტინელ დიზაინერებს აერთიანებდა საკუთარი სამხრეთული ხედვა სკანდინავიურ პრინციპებთან სინთეზში. დღევანდელი მსოფლიო გახსნილია, ის არაა ერთ ქვეყანასა და ეროვნებაში ჩაკეტილი. ინოვაციები დიდი ინტელექტუალური ჯაჭვის შედეგია.
შვედურ პავილიონში დაგვხვდა იკეას ინტერიერის ავეჯი საძინებლებისთვის. ამ სითეთრეს ფრთხილად ვეხებოდით და ჩვენდა გასაოცრად, გამოგვიცხადეს, რომ კონფერენცია აქ ჩატარდებოდა და იკეას საძინებლის ავეჯზე უნდა მოვკალათებულიყავით.
ამ შეხვედრაზე შემდეგი კითხვა დაისვა: “სჭირდება თუ არა მსოფლიოს კიდევ ერთი სანათი?!”- აქ აზრები ორად გაიყო. მომხმარებლური მსოფლიო და ასეთი არნახული წარმოება მსოფლიოს არ ახსოვს, მაგრამ გვჭირდება თუ არა კიდევ ერთი? ჩემი აზრით კი. გვჭირდება არა კიდევ ერთი იგივე სანათი, არამედ სხვანაირი… ესაა ნახტომი 0-დან 1-მდე. ადამიანი ერთადერთი არსებაა დედამიწაზე, რომელიც არ კმაყოფილდება ყოფით და აუმჯობესებს მას. შესაბამისად, დიახ, გვჭირდება კიდევ ერთი სანათი, რომელიც იქნება უფრო მეტად ორიენტირებული მომხმარებელზე (user centric) და ამავდროულად ჰარმონიაში ეკოლოგიასთან.
დანიელებისთვის მთავარი ადამიანია და არა ფორმა, ეს არის “user centric design”. აქ ფორმალიზმი მოძველებულიცაა და ადამიანის ბედნიერების ინდექსთან ნაკლებადაა კავშირში (თან დანია ბედნიერების ინდექსით მეორე ადგილზეა ფინეთის შემდგომ). თითოეული სკამი, ნაგვის ურნა, ბოთლი, შენობა და სანათიც მორგებულია ადამიანის ბედნიერებაზე ისე, რომ არ დააზიანოს გარემო, იყოს ესთეტიკური და მაგალითის მიმცემი სხვისთვის.