in

საუკეთესო თბილი ფერები საძინებლისთვის – Homeis.ge-ს რჩეული ტონები

საძინებელი ინტიმური სივრცეა, სადაც რთული დღის შემდეგ განტვირთვა შეგიძლიათ. მოსასვენებელ ოთახში მყუდრო გარემოს შესაქმნელად თბილი ფერების გამოყენება საუკეთესო გამოსავალია.

დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ საუკეთესო ფერებს საძინებლისთვის და შემოგთავაზებთ რეალურ მაგალითებს, რომლებიც შთაგონების პოვნაში დაგეხმარებათ.

რა არის თბილი ფერები და როგორ მოქმედებს ისინი თქვენს კეთილდღეობაზე?

არსებობს როგორც ცივი, ასევე თბილი ფერები. მათი აღქმა ყველაზე უკეთ იტენის ფერების ბორბლის საშუალებით შეიძლება.

თბილი ფერებია: ყვითელი, წითელი, ყავისფერი და ნარინჯისფერი. ისინი ოთახში მყუდრო გარემოს ქმნის. ფერების ბორბლის მეორე მხარეს განთავსებულია ცივი ფერები: ლურჯი, მწვანე და მეწამული.

ნეიტრალური ფერები – თეთრი და ნაცრისფერი – ასევე შეიძლება თბილი ფერებს მივაკუთვნოთ. ეს უფრო მათ ნახევარტონებზეა დამოკიდებული. ზოგიერთი თეთრი ელფერი ყვითელ ან ყავისფერ ნახევარტონს შეიცავს, ამიტომ ის თბილ ფერთა შორის ხვდება.

თბილი ფერები კომფორტთან, სითბოსა და ბედნიერებასთან ასოცირდება. ისინი თქვენს სივრცეს უფრო მიმზიდველს ხდის და ინტიმური გარემოს შექმნაში გეხმარებათ. თბილი ფერებით გაფორმებულ საძინებელში თავს მშვიდად გრძნობთ, შედეგად კი, უკეთესად იძინებთ, რაც თქვენი ზოგადი კეთილდღეობისთვისაც სასარგებლოა.

როგორ შევარჩიოთ სწორი ფერი?

ბუნებრივი განათება მნიშვნელოვნად მოქმედებს ფერებზე და ხშირად ცვლის კიდეც მათ ტონალობას. ასე რომ, სანამ საღებავის ფერს შეარჩევთ, საძინებელში შემომავალ ბუნებრივ სინათლესა და ხელოვნურ განათებას ყურადღებით უნდა დააკვირდეთ.

ჩრდილოეთისკენ მიმართული საძინებლები

ჩრდილოეთისკენ მიმართული საძინებლის ფანჯრებიდან ბუნებრივი შუქი არ შემოდის. ამიტომ, უნდა შეარჩიოთ თბილი, მაგრამ არა ზედმეტად მკვეთრი ტონი, რათა ოთახი კიდევ უფრო არ ჩააბნელოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საძინებლისთვის, რომელშიც ნაკლები ბუნებრივი სინათლეა, თბილი ფერების უფრო ღია ვარიანტები უნდა გამოიყენოთ.

ამასთან, ყურადღება მიაქციეთ ხელოვნურ განათებასაც. ცივი განათების ნაცვლად, თბილზე ორიენტირდით. თქვენ მიერ შერჩეულ ფერზე ესეც იქონიებს გავლენას.

აღმოსავლეთისკენ მიმართული საძინებლები

აღმოსავლეთისკენ მიმართულ საძინებლებში მხოლოდ დილით იჭრება ბუნებრივი სინათლე, ასე რომ, წინა შემთხვევის მსგავსად, აქაც თბილი, მაგრამ ნაკლებად მკვეთრი ელფერი უნდა გამოიყენოთ.

სამხრეთისა და დასავლეთისკენ მიმართულები საძინებლები

სამხრეთისა და დასავლეთისკენ მიმართული საძინებლები ბუნებრივ შუქს მთელი დღის განმავლობაში იღებს. აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ  ოდნავ ცივი ტონები და შედარებით მკვეთრი ფერები გამოიყენოთ. უხვი ბუნებრივი სინათლის წყალობით, ისინი ოთახს ვერ ჩააბნელებს.

საუკეთესო თბილი ფერები საძინებლისთვის

იმისათვის, რათა თქვენი საძინებლისთვის საუკეთესო ფერი შეარჩიოთ, გარდა ბუნებრივი განათებისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ ოთახის არქიტექტურასა და ინტერიერს.

ქვემოთ განვიხილავთ საძინებლისთვის განკუთვნილ, ყველაზე პოპულარულ თბილ ფერებს.

წითელი

წითელი ყველაზე ინტენსიური თბილი ფერია. ეს ვნებიანი ტონი საძინებელში თბილ და, ამავე დროს, თამამ ატმოსფეროს ქმნის. მისი მუქი ელფერები, მაგალითად, შინდისფერი, საძინებელს მდიდრულ იერს ჰმატებს, ხოლო რბილ ტონებს, მაგალითად, ვარდისფერს, ოთახში რომანტიკული განწყობა შემოაქვს.

თუ საძინებელში ზედმეტად მკვეთრი გარემოს შექმნა არ გსურთ, შეგიძლიათ წითელი ტონები უფრო ცივ ან ნეიტრალური ფერებს შეუხამოთ.

ვარდისფერი

ვარდისფერი წითელი ფერის ოჯახს მიეკუთვნება, თუმცა, ჩვენ მას ცალკე გამოვყოფთ. ვარდისფერს მრავალი ელფერი აქვს. მისი სწორი ვარიანტის შერჩევის შემთხვევაში, თქვენი საძინებელი სითბოთი აივსება.

ნარინჯისფერი

ნარინჯისფერი, როგორც წესი, შემოდგომას უკავშირდება. მისი მუქი, მდიდარი ელფერები საძინებელში თბილ გარემოს ქმნის. ყურადღება გაამახვილეთ თიხისფერ და ჟანგისფერ ტონებზე, რომლებიც საამისოდ შესანიშნავი ვარიანტებია.

ყვითელი

საძინებლისთვის მზისფერი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. ყვითელი მრავალმხრივი ფერია, რომელიც ოთახში მხიარულებას შემოიტანს. ამ ფერის მრავალი ვარიანტი გვხვდება – მკრთალი ელფერებიდან დაწყებული, მდოგვისფრამდე.

მეწამული

მეწამულს ფერთა ბორბალზე საინტერესო ადგილი უკავია. მისი ელფერები თბილიც შეიძლება იყოს და ცივიც. მეწამულის თბილი ვარიანტები უფრო მდიდარი ფერებია, რომლებიც წითელ ტონებს შეიცავს (მაგალითად, ქლიავისფერი).

ყავისფერი

ყავისფერი კლასიკური ტონია, რომელიც საძინებელში თბილი და მშვიდი ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ. ყავისფერი ტონები შესანიშნავია მათთვის, ვისაც ინტერიერში ნეიტრალური და, ამავე დროს, ბუნებრივი თბილი ფერის შემოტანა სურს.

ნეიტრალური ფერები

თუკი თეთრი, კრემისფერი და ნაცრისფერი თბილ ნახევარტონებს შეიცავს
(მაგალითად, ყვითელს, ყავისფერს ან ვარდისფერს), შეგიძლიათ თბილი ფერების მსგავსად გამოიყენოთ. ეს ნეიტრალური ტონები შესანიშნავია ბუნებრივად ბნელი ოთახებისთვის ან იმ შემთხვევაში, თუ საძინებელში ღია ფერთა პალიტრის შენარჩუნება გსურთ.

როგორ გავხადოთ საძინებლის ინტერიერი უფრო თბილი?

ამ მიზნის მისაღწევად სწორი ფერის შერჩევა უმთავრესია. კედლების ფერის გარდა, შეგიძლიათ თბილი გარემო ტექსტილის, ხელოვნების ნიმუშებისა და აქსესუარების საშუალებითაც შექმნათ.

რომელია ყველაზე თბილი ფერები საძინებლისთვის?

საძინებლისთვის ყველაზე თბილი ფერები წითელი და ნარინჯისფერია, უფრო მეტად კი – წითელი. ეს ვნებიანი, დრამატული ფერი ოთახში მდიდრულ გარემოს ქმნის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ნარინჯისფერსა და ყვითელს შეუხამებთ.

უხდება თუ არა თბილი ფერები პატარა საძინებელს?

დიახ, თბილი ფერები პატარა სივრცისთვისაც შესაფერისია. თუ მთელი ოთახის თბილ ფერში შეღებვა არ გსურთ, შეგიძლიათ სხვადასხვა კომბინაციაზე იფიქროთ — მაგალითად, თბილი ფერის გამოყენებით შექმნათ აქცენტები, ან ნეიტრალური ტონები პასტელურ ფერებს შეუხამოთ.

რომელი დამატებითი ფერები გამოგადგებათ თბილი ინტერიერისთვის?

შეგიძლიათ თბილი ფერები ცივ ტონებს, მაგალითად, ლურჯსა და მწვანეს შეუხამოთ. ისინი ასევე კარგად ერწყმის ნეიტრალურ ელფერებსაც – ნაცრისფერსა და თეთრს. ამ შემთხვევაში სხვადასხვა თბილი ტონის გამოყენებაც შესანიშნავი ვარიანტია.

რომელი ფერები უნდა გამოიყენოთ მსუბუქი გარემოს შესაქმნელად?

საამისოდ შეარჩიეთ თბილი ფერების უფრო ღია ვარიანტები, მაგალითად, ვარდისფერი და ღია ყვითელი.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ბინა მრავალფეროვანი ტონებით საბურთალოზე – სტუდია Accent by Her-ის ნამუშევარი

უნიკალური „ამოყირავებული“ სახლი ნიდერლანდებში