in

თბური პანელები – როგორია მათი მახასიათებლები და ღირებულება ქართულ ბაზარზე?

გათბობა-გაგრილების სისტემები სრულფასოვანი და კომფორტული ცხოვრების აუცილებელი ელემენტია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში სასურველ ტემპერატურასა და მოსახერხებელ პირობებს უზრუნველყოფს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ გათბობისა და გაგრილების მოწყობილობები ყველაზე მეტად უსაფრთხოებასა და დაცულობას მოითხოვს, რადგან მათი გამოყენება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ამიტომ დანადგარის შერჩევისას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ მასალის ხარისხსა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას.

თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიები  გაგრილებისა და გათბობის ფუნქციებს ერთ სისტემაში აერთიანებს, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ მხოლოდ ერთი მოწყობილობით, წლის ნებისმიერ დროს სახლში სასიამოვნო კლიმატური გარემო შექმნათ.

გათბობა -გაგრილების ყველაზე თანამედროვე, კომფორტული, უსაფრთხო და რაც მთავარია, ხარჯთეფექტური ტექნოლოგია სითბური პანელებია, რომლებიც კედელში, იატაკსა თუ ჭერში მონტაჟდება და როგორც დენის, ისე გაზის ან სხვა ალტერნატიული წყაროების დახმარებით მუშაობს. სტანდარტული გათბობა-გაგრილების სისტემებისგან განსხვავებით,  აღნიშნული ტექნოლოგია რამდენიმე უპირატესობით გამოირჩევა:

ეკოლოგიურობა ­— თბური პანელები, იგივე მოდულური პანელები, ერთგვაროვანი სამშენებლო დაფაა, რომელიც  გადამუშავებული თაბაშირის, ცელულოზის ბოჭკოების, პოსტმოხმარებადი მაკულატურისა და რეციკლირებული წყლისგან მზადდება. მისი შემადგენლობის გამო, სტანდარტულ თაბაშირ-მუყაოს ფილებთან შედარებით, ბევრად მყარი და მდგრადია. პანელები მედეგია ნესტისა და ცეცხლისადმი და აკუსტიკურ დაცვასაც  უზრუნველყოფს. ამასთანავე, მისი სიმყარისა და სიმტკიცის წყალობით, კედელი აღარ საჭიროებს დამატებით დამუშავებას და ფილის ინსტალაციის შემდეგ, შესაძლებელია პირდაპირ შპალერის ან საღებავის გამოყენება.

უსაფრთხოება — სითბური პანელები უსაფრთხოებითაც გამოირჩევა და საერთაშორისო ნორმებს აკმაყოფილებს. მისი გამოყენება მომხმარებლებისთვის სრულიად უსაფრთხოა და ეკოლოგიური სისუფთავის გამო გარემოსაც არ აზიანებს.

ანტიალერგიულობა — უნდა ითქვას ისიც, რომ გათბობა-გაგრილების ამგვარი სისტემა განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ალერგიული ფონი და მომატებული მგრძნობელობა აქვს მტვერზე, რის გამოც ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

ეკონომიურობა —  სისტემა მოიხმარს ნაკლებ წყალსა და ენერგიას, რის გამოც დაახლოებით 40%-მდე მცირდება კომუნალური ხარჯი. შედეგი კი გაცილებით ეფექტურია, ვიდრე სტანდარტული გათბობის სისტემების შემთხვევაში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ თბური პანელების გამოყენებისას რეკომენდებული და სასურველია თბური ტუმბოს მოხმარება, რომელიც სტანდარტული ქვაბის ალტერნატივაა და სრულად აკმაყოფილებს ეკოლოგიურ სტანდარტებს. იგი ენერგიის 80%-ს ატმოსფეროდან იღებს, 20%-ს კი ელექტრო ენერგიას მოიხმარს. გამონაბოლქვი მინიმუმამდეა შემცირებული და მაქსიმალურად ხდება კომუნალური ხარჯების შემცირება.

კომფორტული მოხმარება — სითბური პანელების მოხმარება საკმაოდ მარტივი და კომფორტულია. ამგვარ სისტემას არ სჭირდება გათბობის ბატარეების გამოყენება, ამიტომ სივრცეში ადგილს არ იკავებს და ინტერიერის დიზაინს ერთიან იერსახეს უნარჩუნებს.

საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია გათბობისა და გაგრილების სისტემის  ინოვაციური ტექნოლოგია, რომლის დახმარებითაც ყოველგვარი კონდიციონერისა და რადიატორის გამოყენების გარეშე,  ერთი მოწყობილობიდან სივრცის გათბობა ან გაგრილებაა შესაძლებელი.

კომპანია „კლიმაკომფორტი“, რომელიც მაღალი ხარისხის სითბური პანელების იმპორტიორია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის და მონტაჟის სპეციფიკასა და პროდუქციის ღირებულებაზე გვესაუბრება.

სპეციალისტი გვიხსნის, რომ საქართველოში მონტაჟთან მიმართებით სერიოზული პრობლემები იქმნება, რადგან სამწუხაროდ, ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც გათბობის ან გაგრილების სისტემების ინსტალაცია დაუდგენელი კვალიფიკაციის მქონე პირებისა თუ  ორგანიზაციების მიერ სრულდება, ეფექტური მონიტორინგი კი ამ მხრივ არ ხდება. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით  განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღებაა საჭირო, რადგან ეს საქმე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება.

„ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვუწევთ რეკომენდაციას ავსტრიული ბრენდის „Variotherm”-ის გათბობის პანელებს, რომლის უსაფრთხოების სისტემა შემოწმებული და დადასტურებულია ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. ამიტომ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოების სტანდარტს ვთავაზობთ. ასევე, ჩვენი პროდუქტის მონტაჟი რიგით ხელოსანს არ შეუძლია, რადგან სისტემა სრულიად ახალია და დიდი ალბათობაა იმის, რომ  კადრების უმეტესობას შესაბამისი კვალიფიკაცია არ ჰქონდეს. ამასთანავე, ჩვენი ავსტრიელი პარტნიორების განსაკუთრებული მოთხოვნით, საინსტალაციო სამუშაოები  მხოლოდ მათ მიერ ავტორიზებული სპეციალისტების მიერ ტარდება, რაც უსაფრთხოების გარანტიას ზრდის“, — აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

დარგის ექსპერტი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სისტემის მონტაჟი შესაძლებელია იატაკის ქვეშ, ჭერსა თუ კედელზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უმჯობესია ინსტალაცია შავი კარკასის სამშენებლო  ან სარემონტო პროცესში დაიწყოს, თუმცა შესაძლებელია კომბინაციური სისტემების გამოყენებაც შენობის მდგრადობის შესაბამისად.

აღსანიშნავია ისიც, რომ იატაკქვეშა გათბობის სისტემა ნებისმიერი ტიპის ზედაპირისთვის სრულდება, როგორიცაა — ხე, ლამინატი, ქვა თუ ფილა. რაც მთავარია, ეს სამუშაოები არ საჭიროებს იატაკის მოჭიმვას. კედლების შემთხვევაში კი ბევრად მარტივად ხდება სისტემის დაპროექტება — კედლის მოდულური პანელების მონტაჟის შემდგომ საჭირო აღარ არის მისი გალესვა ან სხვა ტიპის დამუშავება, შესაძლებელია პირდაპირ შეღებვა ან შპალერის გაკვრა. რაც შეეხება ჭერს, პანელები პროფილებზე გიბსოკარდონის მსგავსად მაგრდება და დაახლოებით 5 სმ.-მდე იკავებს ადგილს. მაგალითად, თუ თქვენი ჭერის სიმაღლე 2,9 მ.-ია, პანელების შემთხვევაში მისი სიმაღლე დაახლოებით 2,85 მეტრი გახდება.

ჩვენი რესპონდენტი იმასაც გვიხსნის, რომ დამონტაჟებულ პანელებზე თავისუფლადაა შესაძლებელი ავეჯის, ტექნიკის, აქსესუარებისა თუ დეკორაციის განთავსება — „ნივთების ჩამოსაკიდებლად არსებობს სპეციალური ლოკატორი, რომელიც დისტანციურად გაჩვენებთ სად გადის მილი კედელში, რათა საჭიროების შემთხვევაში, მილი არ დაზიანდეს. ასევე, უნდა ითქვას ისიც, რომ პანელების დამატება, შეცვლა თუ ჩანაცვლება  ინდივიდუალურადაც შეიძლება, ამიტომ არ არის საჭირო სისტემის სრული ცვლილება, რაც უფრო კომფორტულს ხდის მის გამოყენებას“.

რაც შეეხება პროდუქტის ღირებულებას, კომპანიის განმარტებით, საბოლოო ფასი ნაგებობის თბოიზოლაციაზე, თბოდანაკარგზე და ვიტრაჟების რაოდენობაზეა დამოკიდებული. სტანდარტულ შემთხვევაში 1 მ2-ის ღირებულება 80 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ეს ფასი კი გარდა გათბობა-გაგრილების ერთიანი სისტემებისა (რომელშიც ყველა საჭირო საინსტალაციო ინსტრუმენტი და მილები შედის), მოიცავს მონტაჟის, თბური ტუმბოსა და საკონსტრუქციო ნახაზების ხარჯებს, საბოლოოდ კი მომხმარებელს სამღებრო სამუშაოებამდე მიყვანილი სივრცე ბარდება.

ავტორი: მეკო მეტრეველი

6 რჩევა საცხოვრებელი სახლის ინტერიერის მოწყობასთან დაკავშირებით — Art Line Group-ის გზამკვლევი

ვარდისფერი ტონი სააბაზანოში — იდეები შთაგონებისთვის რეალიზებული პროექტებიდან