The Bank of America Tower ნიუ-იორკში, Bryant Park-ში მდებარეობს და მისი მშენებლობა 2010 წელს დასრულდა. ამ შენობის დიზაინი და არქიტექტურა მიზნად ისახავს ახალი სტანდარტის შექმნას კომერციული სივრცეებისა და საოფისე გარემოსათვის. არქიტექტორების მთავარი მიზანი დღის სინათლის, ჯანსაღი ჰაერისა და ბუნებასთან ურთიერთობის ხაზგასმა გახლდათ, რასაც მათ ერთგვარი „შუშის ყუთის“ სტილის პროექტით მიაღწიეს.
55 სართულიანი შენობის საერთო ფართობი 204386 კვადრატული მეტრია და ქმნის ერთგვარ გადასვლას ქუჩის ხმაურსა და მშვიდ სამუშაო დღეს შორის. პროექტის ბუნებასთან ურთიერთკავშირის შეგრძნებას ხელს უწყობს მიმდებარე პარკი და მწვანე სახურავები, დამატებით კი მშენებლობის პროცესში გამოყენებული ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი მასალა.
შენობის საინტერესო ფორმა საშუალებას იძლევა, რომ პარკის ხედები თითოეული ოთახიდან კარგად მოჩანდეს. მინის კედლები ისეა იზოლირებული, რომ მაქსიმალურად იცავს შიდა სივრცეს როგორც ზედმეტი გაგრილებისგან, ასევე ზაფხულის სიცხეებისგანაც. კედლები დამზადებულია მინისა და სითბოს ამრეკლავი კერამიკული მასალისგან.
პროექტით გათვალისწინებულია წყლის დაზოგვის ეფექტური მეთოდებიც, როგორებიცაა მაგალითად, წვიმის წყლის შემგროვებელი სისტემა. ჰაერი, რომელიც საოფისე სივრცეებს მიეწოდება, წინასწარ იფილტრება, ხოლო სარდაფში არსებული თერმული ავზი მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებს ენერგიას, რათა შეამციროს დატვირთვა ქალაქის ელექტრო ქსელზე. 4,6 მეგავატიანი სისტემა შენობისთვის გამოიმუშავებს საჭირო ენერგიის დაახლოებით 70%-ს.
შეიძლება ითქვას, რომ არქიტექტორებმა მოახერხეს და შექმნეს პროექტი, რომელმაც დაამტკიცა, რომ მაღალსართულიანი შენობებისა და ცათამბჯენების მშენებლობა ხელს არ უშლის ეკოლოგიასა და ურბანულ გარემოზე ზრუნვის პროცესებს იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ენერგიის მოხმარების, ბუნებრივი მასალის გამოყენებისა და სხვა მსგავსი პროცესები.
არქიტექტურული სტუდია: Cook + Fox Architects
რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”