1929 წელს გერმანიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე გერმანელ-ამერიკელმა არქიტექტორმა – ლუდვიგ მის ვან დერ როემ მის პარტნიორთან, ლილი რეიხთან ერთად შექმნა ერთ-ერთი ძალიან ცნობილი სკამის დიზაინი – The Barcelona Chair.
ამ პერიოდში გამოფენას უნდა დასწრებოდა ესპანეთის მეფე, ალფონსო XIII, რის გამოც სკამი უნდა ყოფილიყო მონუმენტური და უმალვე მიექცია მეფის ყურადღება. როეს და რეიხს სჭირდებოდათ რაიმე ძალიან განსაკუთრებული. შთაგონების სახით მათ გამოიყენეს უძველესი ეგვიპტური და რომაული დასაკეცი სკამები, რომლებიც იქმნებოდა მკვეთრი ხაზებითა და მასალის მდიდრული კონტრასტით. ამასთან, სკამზე გამოსახეს წარწერა – ‘Less Is More’, რითაც ხაზი გაუსვეს საკმაოდ მარტივ, თუმცა კომფორტულ და ელეგანტურ დიზაინს.
როგორც ცნობილია, მეფე ალფონსო XIII-ს არ ჰქონია შესაძლებლობა, დიზაინი პირადად გამოეცადა და The Barcelona Chair-ის პირველი მოდელი გამოფენის ტერიტორიაზე დარჩა მანამ, სანამ ის დროსთან ერთად არ განადგურდა. მიუხედავად ამისა, ის მოდერნიზმის შედევრად ითვლებოდა. გამოფენაზე წარმოდგენილ ნივთებს შორის ‘ბარსელონას სკამი’ აღმოჩნდა ყველაზე გამძლე დიზაინ ობიექტი, რომელმაც მაქსიმალურად დიდხანს გაძლო დროისგან გამოწვეული დაზიანებების გარეშე.
მალევე სკამი წარმოებაში ჩაუშვა Berliner Metallgewerbe-ს სტუდიამ. იგი პოპულარული გახდა კერძო ბინებსა და სახლებში და დებიუტი შედგა 1930 წელს, არქიტექტორ ფილიპ ჯონსონის ბინაში, რომელიც აღნიშნული მოდელით ჯერ კიდევ გერმანიის გამოფენაზე მუშაობის დროს მოიხიბლა.
ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მის ვან დერ როე მალევე გადავიდა საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩიკაგოში, სადაც 1938 წელს გახდა ილინოისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი. სწორედ აქ გიცნო დიზაინერი ფლორენს ნოლი, რამაც განაპირობა The Barcelona Chair -ისა და Knoll -ის ურთიერთობის დასაწყისი.
ბარსელონას სკამის ყველაზე ადრეული მოდელები Knoll-მა გაყიდვაში ჩაუშვა 1947 წელს. მას შემდეგ რამდენჯერმე შევიდა მცირე განახლებები დიზაინში. 1964 წელს სტანდარტული ჩარჩო შეიცვალა უჟანგავი ფოლადით.
დღეს Knoll-ი აგრძელებს სკამის წარმოებას და მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ვერსია მცირედ განსხვავდება ორიგინალისგან, ის მაინც შესანიშნავად განასახიერებს როესა და რეიხის მიერ შექმნილ შთამბეჭდავ ფუნქციასა და ფორმას. მისი ღირებულება დღესდღეობით დაახლოებით 8200 ევროა.