ლოს-ანჯელესში მდებარე ეს გიგანტური, 9760 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე სახლი ამერიკაში ყველაზე ძვირადღირებულია – მისი ფასი $350,000,000-ს შეადგენს. მას ხშირად „მსოფლიოს ყველაზე ძვირიან სახლადაც“ მოიხსენიებენ, რადგან თითქმის ათი წელია, მისი დიზაინი და სტრუქტურა იცვლება და სულ უფრო და უფრო იხვეწება. ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ძვირადღირებული კერძო საკუთრებით გამორჩეული ბელ-ეარის უბანში მდებარე სახლი 2,5 ჰექტარის მოცულობის მიწის ნაკვეთზეა განთავსებული.
სახლი გარშემორტყმულია წყლით სავსე არხით და 120 მეტრის სიგრძის სარბენი ბილიკით. მის მშენებლობაზე 600-ზე მეტი მუშა იყო დასაქმებული და საერთო ჯამში 8 წელზე მეტი დასჭირდა მისი პროექტის დასრულებას, რომელიც არქიტექტორ პოლ მაკკლინს (Paul McClean) და ინტერიერის დიზაინერ კეტრინ როტონდის(Kathryn Rotondi) ეკუთვნის.
„ეს პროექტი ჩემთვის ძალიან შიშისმომგვრელი იყო, რადგან პროექტის მთავარი მიზანი იყო ნამდვილი არქიტექტურული შედევრის, უნიკალური და ბრწყინვალე შენობის შექმნა“,-ამბობს მაკკლინი, რომელიც სახლის მფლობელის, ნაილ ნაიემის (Nile Niami) ახლო მეგობარია.
ამ საოცარი სახლის თითოეული სართულის სიმაღლე 8 მეტრისაა. თუ მისი ფუფუნებით გაჟღენთილი ექსტერიერი თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს, სახლის შესასვლელში გადაშლილი წყნარი ოკეანისა და სან გაბრიელის მთების 360 გრადუსიანი ხედი ნამდვილად დაგატყვევებთ. შესასვლელი სივრცე დაკომპლექტებულია გუბურით, მასზე გადაჭიმული ხიდითა და ქანდაკებით – აქ ერთმანეთს ერწყმის ბუნება და ადამიანის შემოქმედება.
სახლის მფლობელს სურდა ინტერიერი ძირითადად ნეიტრალური ფერთა პალიტრის ყოფილიყო შედგენილი, რათა ხაზგასმული ყოფილიყო სახლიდან გადაშლილი მომნუსხველი ლანდშაფტების პანორამული ხედები, ამიტომ დამთვალიერებლის ყურადღებას მაშინვე იქცევს შავის, თეთრისა და ნაცრისფერის სიხშირე.
მაკკლინი ამბობს, რომ სახლის პროექტზე მუშაობისას შთაგონებული იყო ლოს-ანჯელესის მოდერნისტული არქიტექტურის ისტორიითა და თავად შენობის თვალწარმტაცი ლოკაციით. სახლში ვხვდებით 42 სააბაზანოს, 21 საძინებელ ოთახს(მათ შორის 510 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე გიგანტურ, მთავარ საძინებელს), 30-მანქანიან ავტოფარეხს, რომელიც გალერეის ფუნქციასაც ითავსებს, ოთხზოლიან ბოულინგის დარბაზს, მთელ სართულზე გადაჭიმულ სპა სალონს, 30 ადგილიან კინოთეატრსა და „ფილანთროპიის ფრთას“, სადაც ორასი ადამიანი ეტევა და ის საქველმოქმედო საღამოების გასამართადაა განკუთვნილი, ხუთ საცურაო აუზსა და 930 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე შემინულ გადმოსახედს, საიდანაც ლოს-ანჯელესის სილამაზით ტკბობაა შესაძლებელი.
სახლში ვხვდებით უამრავ ხელოვნების შედევრს, რომელთა შესყიდვასა და მოთავსებაზე ორმა კომპანიამ – Creative Art Partners-მა და Art Angels-მა იზრუნეს. ხელოვნების ნიმუშებს შორის ყურადღებას იქცევს სტივენ უილსონის (Stephen Wilson) პეპლის ინსტალაცია, ნიკლას კასტელოს (Niclas Castello) ვერცლისფერ-შავი, შეკვეთით დამზადებული პანელი და byShowroom-ის ავეჯის მდიდრული კოლექცია.
„The One“ -ად წოდებული ეს გამაოგნებელი თანამედროვე პროექტი ნამდვილად უნიკალურია, რადგან ლოს-ანჯელესის ახალი კანონის მიხედვით, ამ მაშტაბის კერძო სახლის აგება დაუშვებელია და აღარ გამეორდება.
ამ ეტაპზე „The One“ გასაყიდად არის გამოტანილი. მასში ჩადებული უდიდესი ინვესტიციისა და შრომის შემდეგ მისი მფლობელი თვლის, რომ უკვე მისი “გაშვების” დროა. სახლის გაყიდვა „The Beverly Hills Estates“-ის აგენტებს, ბრანდენ და რაინი უილიამს დაევალათ „Compass“-ის აარონ კირმენთან ერთად.
ფოტოგრაფი: