in

The Organic Chair – ლეგენდარული დიზაინერების თანამშრომლობით შექმნილი სკამი

The Organic Chair პატარა და კომფორტული საკითხავი სკამია, რომელიც 1940 წელს რამდენიმე ვერსიის სახით შეიქმნა. დიზაინის ავტორები ყველასთვის ცნობილი ჩარლზ და რეი იმსები გახლავთ, რომლებმაც ასევე საკულტო დიზაინერ ეერო საარინენთან ითანამშრომლეს.

სკამის თავდაპირველი მოდელი ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მიერ ორგანიზებული კონკურსისთვის შეიქმნა, სადაც 21 რესპუბლიკის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, მაგრამ შესაფერისი წარმოების ტექნიკის არარსებობის გამო, ის მხოლოდ ესკიზის სახით დარჩა. სკამს ჰქონდა სკულპტურული ფორმები და გამორჩეული დეტალები, რომელთა რეალობად ქცევაც მხოლოდ 1950 წელს გახდა შესაძლებელი. ამ დროს კონკურსზე შეიძლებოდა ავეჯის, სანათის, ტექსტილის ორიგინალური ნიმუშების წარდგენა, საბოლოო მიზანი კი იყო ნიჭიერი დიზაინერების აღმოჩენა და მათი ჩართვა უკეთესი გარემოს შექმნის საქმეში.

ჩარლზ იმსი და ეერო საარინენი მოხიბლულები იყვნენ ახალი იდეით, რომ შეექმნათ ერთი ცალი სამგანზომილებიანი ფანერის სკამი, რომელიც ადამიანის კონტურებს ზუსტად მიჰყვებოდა. ესკიზი მარტივად შეიქმნა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმ დროს არ არსებობდა ტექნოლოგია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელს გახდიდა, ფანერისგან ასეთი ფორმის დამზადებას, რამაც ახალგაზრდა დიზაინერები აიძულა, რომ სკამის პროტოტიპი ხელით გაეკეთებინათ. მათ საკონკურსო ნამუშევრის მომზადებაში სტუდენტი რეი კაიზერი დაეხმარა, რომელიც ამ დროს მხატვრობას სწავლობდა, სწორედ ასე გაიცნო ჩარლზმა მომავალი მეუღლე, რომელიც მოგვიანებით საქმეში მისი პარტნიორიც გახდა.

მოგვიანებით, ჩარლზ და რეი იმსები ლოს-ანჯელესში გადავიდნენ საცხოვრებლად და კონცენტრირდნენ შესაფერისი ტექნიკის სრულყოფაზე, ხოლო საარინენი უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა არქიტექტურას და არ იყო ჩართული ფანერის სკამის განვითარებაში.

1950 წლიდან სავარძლების დიდი რაოდენობით დამზადება და გაყიდვა დაიწყო და ის ხელმისაწვდომი გახდა რამდენიმე განსხვავებული დიზაინით, მათ შორის გაფართოებული საზურგითა და გრძელი, ფართო სახელურებით.

იმის გამო, რომ სკამი ძალიან კომფორტული და დახვეწილი იყო, იმსების და საარინენის ოჯახებს ავეჯის სახლი Vitra დაუკავშირდა და საერთო იდეაზე მუშაობა შესთავაზა. მას შემდეგ სკამი “The Organic Chair”-ის სახელით იყიდება Vitra-ს კოლექციაში და მისი ფასი დაახლოებით 2000 ევროა.

ინტერიერის დიზაინის როლი არქიტექტურაში – გზამკვლევი დილეტანტებისთვის

რა უნდა გავითვალისწინოთ დეკორატიული რადიატორის შერჩევის პროცესში?