in

არქიტექტურა, როგორც ემოცია, განწყობა და მდგომარეობა დროსა და სივრცეში — ინტერვიუ თეკლა ჭითანავასთან

დღევანდელი ინტერვიუს გმირი ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი პიროვნება, ახალგაზრდა არქიტექტორი თეკლა ჭითანავაა, რომელიც გარდა არქიტექტურასა და ურბანისტიკაში პროფესიული მოღვაწეობის, გატაცებულია ხელოვნების სხვადასხვა გამომსახველობითი ფორმით და სამყაროსა თუ საკუთარი თავის შემეცნების პროცესით. თეკლა ბავშვობიდან ხატავს და შინაგანი სამყაროს გამოხატვას ამ გზით ახერხებს. ამასთანავე, უყვარს წერა და არქიტექტურული ჩანახატების შექმნა. მისი გამოცდილება დაკავშირებულია პროდუქტის დიზაინთან და სცენოგრაფიასთან, რომლის ფარგლებშიც მან სპექტაკლზეც იმუშავა. თეკლას პროფესიული არჩევანი, პირველ რიგში, ბავშვობიდან და იმ გარემოდან მოდის, რომელშიც გაიზარდა, რადგან ჩვენი რესპონდენტის დედა არქიტექტორი და დიზაინერი ნინო მანჯავიძეა. თეკლას ბიოგრაფია საინტერესოა იმითაც, რომ მისი განათლება და პროფესიული საქმიანობა გერმანიას უკავშირდება. დღევანდელ სტატიაში ის სწორედ თავის გერმანულ თავგადასავალზე, შემოქმედებით მოღვაწეობასა თუ მუშაობის ფილოსოფიაზე გვესაუბრება და გერმანული განათლების სისტემისა და არქიტექტურის შესახებაც გვიამბობს.

თეკლა, როგორ გარემოში იზრდებოდით? დედათქვენი — ნინო მანჯავიძე პროფესიით არქიტექტორია, ალბათ ამ ფაქტორმა იქონია გარკვეული გავლენა თქვენს პროფესიულ არჩევანზეც…

ჩემთვის არქიტექტურა უფრო მეტია, ვიდრე პროფესია. ეს არის ცხოვრების წესი, შთაგონება და ცხადია, ამ ყველაფერზე ბავშვობისდროინდელმა გარემომ დიდი გავლენა იქონია. დედას პატარაობიდან დავყავდი თბილქალაქპროექტში. შეიძლება ითქვას, ის სამყარო ჩემთვის კულისებივით იყო. თითქოს, დიდ სცენაზე გასასვლელად ემზადებოდნენ, მე კი ყველაფერს ვაკვირდებოდი. ჩემს მეხსიერებაში ღრმად ჩაიბეჭდა რეიშინიანი დაფები და მოდელირებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა სახის მასალები. ჩემ თვალწინ იქმნებოდა შავ-თეთრი თუ ფერადი ესკიზები, თეთრი მოდელები… პატარაობიდან მიტაცებდა ხატვა. ვხატავდი თითქმის გაუჩერებლად. დღემდე ასე ვარ – როდესაც ინსპირაციას ვეძებ, ვიწყებ ხატვას, ვყვები ამბავს, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ასეა არქიტექტურაშიც. თითქოს ბუნებრივი იყო, საკუთარი თავი არქიტექტურაში მომესინჯა და ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები რეალობად მექცია.

თეკლა დედასთან, არქიტექტორ ნინო მანჯავიძესთან ერთად

სად მიიღეთ განათლება? როგორც ჩვენთვის ცნობილია, გერმანიაში სწავლობდით. გვიამბეთ ამ გამოცდილებაზე

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ორი წელი დავყავი. პირველი კურსი უფრო შემეცნებითი და გაცნობითი ხასიათის იყო. ვსწავლობდით ხაზვას, ფერწერას. ყოველთვის ვოცნებობდი, სწავლა გერმანიაში გამეგრძელებინა. გერმანულ სკოლაში ვსწავლობდი, შესაბამისად, გერმანული ენა და კულტურა, ისევე როგორც არქიტექტურა, ბავშვობიდან შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში.

2016 წელს კაიზერსლაუთერნის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ურბანისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. ეს ერთადერთი უნივერსიტეტია გერმანიაში, სადაც სადიპლომო კურსი ერთდროულად მოიაზრებს ბაკალავრსა და მაგისტრატურას. გერმანიასთან ჩემი პირველი შეხება 16 წლის ასაკში ბერლინთან ურთიერთობით დაიწყო. შთაბეჭდილება, რომელიც ბერლინისგან მივიღე, ვერ დაჩრდილა კაიზერსლაუთერნის პატარა, სუფთა და ლამაზმა ქალაქმა. სწავლის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ პოცდამის არქიტექტურულ სკოლაში ქალქგეგმარებითი მიმართულებით გავაგრძელე სწავლა.

სწორედ ამ უნივერსიტეტში შევიძინე მნიშვნელოვანი ცოდნა სპეციალობის მიმართულებით და განსხვავებული სახის გამოცდილება მივიღე. პოცდამის არქიტექტურის სკოლაში, სპეციალობის პროფილიდან გამომდინარე, ყველა საკურსო პროექტი ეფუძნება ქალაქგეგმარებით კონცეფციას. ბერლინის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში დავამუშავეთ საცხოვრებელი კვარტლის პროექტი. ურბანული და სოციალური საკითხების შესწავლის საფუძველზე ჩავატარეთ ტერიტორიის კვლევა. ადგილმდებარეობით ტერიტორია წარმოადგენს კუნძულოვან ნაწილს ბერლინის აღმოსავლეთით, სადაც დღესდღეობით ძველი ინდუსტრიული, მიტოვებული ქარხნებია განლაგებული. ქალაქგეგმარებითი კუთხით ტერიტორიის ეფექტურად ათვისება და მისი გამოყენება მთავარი დავალება იყო. შემდეგი ეტაპი დაეთმო ინდივიდუალური საცხოვრებელი შენობის დამუშავებას. შედეგად კი მივიღეთ როგორც ურბანული, ისე მოცულობითი არქიტექტურული პროექტი.

პროექტირების სპეციფიკიდან გამომდინარე, დამატებითი საგნები პასუხობდა სემესტრის მთავარ თემას. მაგალითად, პროექტის კონსტრუქციული ნაწილის მომზადების პარალელურად, სალექციო მასალაც კონსტრუქციების შესწავლას ეძღვნებოდა. ასევე, იგეგმებოდა თემატური ექსკურსიები, რაც კიდევ უფრო აღრმავებდა ცოდნას კონკრეტული მიმართულებით. თითოეული ნიუანსის გათვალისწინება კი პროექტის სრულყოფის საწინდარი ხდებოდა.

პოცდამის არქიტექტურის სკოლაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება არჩევითი საგნების თემაა. ორი სავალდებულო არჩევითი საგნიდან ერთ-ერთი არის უშუალოდ არქიტექტურის სფეროდან, ხოლო მეორე სხვა სპეციალობების სასწავლო საგნებიდან. შესაბამისად, სწავლების სპეციფიკა მოიაზრებს ჯგუფურ მუშაობას სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებს შორის. ამგვარი ერთობლივი მუშაობა ხელს უწყობს კომუნიკაციის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებას და სხვადასხვა პროფესიის არქიტექტურასთან დაკავშირებას.

საუნივერსიტეტო პროექტის გენგეგმა

საინტერესოა, როგორი სწავლების სისტემაა გერმანიაში? როგორ შეადარებდით ქართულ მოდელს?

გერმანიაში საუნივერსიტეტო გარემო არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სალექციო აუდიტორიებით. სტუდია, სადაც თითოეულ სტუდენტს თავისი ინდივიდუალური სამუშაო სივრცე ჰქონდა, აღჭურვილი იყო ყველა საჭირო ტექნიკური ინვენტარით. ცალკე იყო გამოყოფილი სახელოსნოები პრაქტიკული საქმიანობისათვის, სადაც არქიტექტურული მოდელების შესაქმნელად სხვადასხვა მასალას ვიყენებდით. შესაბამისად, მრავალფეროვან ინსტრუმენტებთან გვიწევდა შეხება. ამასთანავე, მუდმივად ჩვენს განკარგულებაში იყო მოსასვენებელი და სხვა დამხმარე ოთახები. აქ მიმდინარეობდა სტუდენტებს შორის იდეების გაცვლა და დისკუსიები. ამგვარი ინფრასტრუქტურა აადვილებდა დავალების შესრულების პროცესს.

ევროპაში, ისევე როგორც საქართველოში, სწავლის პარალელურად შესაძლებელია მუშაობა. მეც ვმუშაობდი სხვადასხვა მიმართულებით, რაც მაინტერესებდა და მეტ-ნაკლებად ესადაგებოდა არქიტექტორის პროფესიას, როგორიცაა — ხელოვნება, პროდუქტის დიზაინი, ინდუსტრიული დიზაინი და სცენოგრაფია.

თეკლა, გვიამბეთ თქვენს კარიერულ გზაზე, როგორია გერმანიაში თქვენი პროფესიული მოღვაწეობა?

ჩემი ერთ-ერთი პირველი სამსახური ინდუსტრიული დიზაინის შვედური კონცერნი -„IKEA“ იყო, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მოღვაწეობს. იგი თავისი იდეოლოგიით და დემოკრატიული დიზაინის პრინციპებით გამოირჩევა. „IKEA“  არის დიზაინის ის მიმართულება, რომელიც ამბის თხრობითა და ბრენდის ღირებულებებით ქმნის ყველანაირი სტილისა და ბიუჯეტის პროექტს. „IKEA“ -ში მუშაობის დროს ბევრ პროექტში ვიღებდი მონაწილეობას, როგორც მაღაზიის  დიზაინის მიმართულებით, ისე გაყიდვების კუთხით. პირადად მქონდა შეხვედრა და პრეზენტაციის წარდგენა „IKEA“-ს გერმანული ბაზრის განვითარებაზე და წინსვლაზე. ეს იყო მართლაც დიდი და თავბრუდამხვევი მოგზაურობა ავეჯის წარმოების სფეროში. „IKEA“-ს ფილოსოფიამ გამიმძაფრა ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს ჩემთვის ყოველდღიურობაში ასახული გარემო და როგორ უნდა შეიქმნას ნაკლები ბუნებრივი რესურსების გამოყენებით მარტივი, ესთეტიკური, კომფორტული და ხელმისაწვდომი არქიტექტურული დიზაინი.

ბაკალავრის დიპლომის დაცვის შემდეგ, „IKEA“-ში ყოფნის პარალელურად, დავიწყე მუშაობა არქიტექტურულ ბიუროში ­— “dhl- architekten.“ ემოციური იყო ახალი გამოწვევა, რაც არქიტექტურულ საქმიანობას უკავშირდებოდა. გერმანიაში არქიტექტორს სხვადასხვა სახის დავალება და პასუხისმგებლობები აქვს, რომლებიც დაკავშირებულია სამშენებლო პროექტების დაგეგმვასთან, დიზაინთან და ზედამხედველობასთან. ასევე განისაზღვრება არქიტექტურული ბიუროს სამი ტიპი: კერძო არქიტექტურული ბიურო, საჯარო სამსახური და თავისუფალი არქიტექტორი. ამის გარდა, ბიუროების პროფილი კლასიფიცირდება პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე. ეს შეიძლება იყოს მოცულობითი, ქალაქგეგმარებითი პროექტი, რეკონსტრუქცია თუ სხვა.

“dhl-architekten” ბიუროს პროფილი ემსახურება ხუროთმოძღვრული ძეგლების რესტავრაცია-რეკონსტრუქციას. ბიურო მუშაობს ყველა იმ ფაზაში, რაც გერმანიის არქიტექტურული პროექტირების კანონმდებლობით განისაზღვრება: 1) წინასწარი მოსამზადებელი სამუშაო; 2) გეგმარების კონცეფციის შექმნა; 3) დიზაინ-პროექტი; 4) სამშენებლო პროექტის შექმნა და წარდგენა; 5) მუშა ნახაზების შესრულება; 6) შეთანხმება; 7) შემოწმება; 8) ობიექტის ზედამხედველობა მშენებლობის პროცესში; 9) ობიექტის ზედამხედველობა მშენებლობის დასრულების შემდეგ/ჩაბარება. ამას გარდა, ეს პროცესი მოიცავს  პროექტის მენეჯმენტს, კომუნიკაციას სხვადასხვა დაინტერესებულ პირთან და სხვა არაერთ დავალებას, რაც არქიტექტორის კომპეტენციაში შედის. ამჟამად ვმუშაობ 1-5 ფაზაში და დღესდღეობით ვკურირებ რამდენიმე დიდ პროექტს, როგორიცაა — გერმანული ოპერა (“Deustche Oper”), ჰანოვერის ისტორიული მუზეუმი (“Historische Museum Hannover”), “ჰუბერტუს”-ის საცურაო კომპლექსი (“Hubertus Bad“) და სხვა. ამ პროექტებიდან ალბათ გამოვარჩევდი „ჰანოვერის ისტორიულ მუზეუმს”, რადგან პროექტით გათვალისწინებულია მთელი შენობის რესტავრაცია. ფასადი, შიდა გეგმარება, იატაკი, ჭერი, შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, საგამოფენო სივრცეები და ა.შ. პროექტირების ფაზა უკვე დასრულებულია და ახლა შეთანხმების ეტაპი მიმდინარეობს.

Deustche Oper
Hubertus Bad

რადგან თქვენი ნამუშევრები ახსენეთ, ვისაუბროთ მუშაობის პროცესსა და თქვენს პროექტებზე

მუშაობის პროცესში ხშირად ქვეცნობიერად, გარემოსგან ვიღებ შემოქმედებით იმპულსებს… როდესაც საქმეს ვეცნობი, ვიწყებ ჩანახატების კეთებას, რადგან სწორედ ამ პროცესიდან შეიძლება გადააქციო ჩანაფიქრი იდეად, იდეა კი რეალობად. იდეა-პროექტის პირველი ნაბიჯი კვლევაა. ეს მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოა.

კოლაჟი

ამასთანავე საჭიროა დამკვეთის სურვილების მაქსიმალურად გათავისება და პროფესიონალური მიდგომა პროექტირებისადმი. ალბათ, ამის ყველაზე კარგი მაგალითია უნივერსიტეტში შესრულებული ერთ-ერთი პროექტი, რომელზე მუშაობამაც ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება შემძინა. დღემდე ვფიქრობ, რომ სწორედ ის გამოხატავს ჩემს დამოკიდებულებას პროექტირებასა და ზოგადად, არქიტექტურისადმი.

პროექტი ქალაქგეგმარებითი პროფილის იყო. ის ორი არქიტექტურული ფორმისაგან შედგებოდა. ბერლინური საცხოვრებელი — ე.წ “ბერლინური ბლოკი” და მასთან მიმდებარე ავტომაგისტრალის გადახურვის პროექტი. დავალების სიდიდიდან გამომდინარე, პროექტზე სამმა სტუდენტმა ვიმუშავეთ. პირველ რიგში, დავიწყეთ გარემოს შესწავლით. გავაკეთეთ ჩანახატები. ეს იყო „Mood-board“-ის სტილის კომიქსი, რომლის მთავარი გმირი ამ უბანში მცხოვრები ჩვენი მეგობარი იყო. კომიქსი აღწერდა უბანში გატარებულ ერთ ჩვეულებრივ დღეს. ჩავატარეთ მაცხოვრებლებში გამოკითხვა. დადგინდა, რომ უბანს აკლდა სარეკრეაციო და გასართობი სივრცეები. სწორედ ეს იყო ჩვენი იდეა-კონცეფციაც — 3 სართულიანი „სარეკრეაციო-გასართობი პარკის” მოწყობა ავტომაგისტრალის თავზე. მნიშვნელოვანი იყო პარკზე მუშაობის პროცესი. ფორმაზე და შინაარსზე ერთდროულად ვფიქრობდით. ხმაურიანი თუ მშვიდი სივრცეები, სპორტული მოედნები, სამაგიდო თამაშები, კონსტრუქციები, რომლებიც  გამწვანებაში შეგვიწყობდა ხელს. საბოლოოდ, სასურველ მიზანს მივაღწიეთ.

გენგემა
კლაუზენერ კიც პერსპეკტივა

კომიქსი

 

ვისაუბროთ გერმანულ არქიტექტურაზე. საინტერესოა თქვენეული დაკვირვებისა და შთაბეჭდილების მოსმენა 

გერმანულ არქიტექტურულ გარემოში — შინკელიდან დაწყებული, ფოსტერით დამთავრებული, სახეზე გვაქვს სხვადასხვა მიმდინარეობა: ბაროკო, მოდერნი თუ ბაუჰაუსი. ბერლინში ძალიან ბევრი საინტერესო არქიტექტურული ძეგლია, მაგალითად, შინკელის „ალტე მუზეუმი”, რომელიც კლასიციზმის შედევრია. ასევე მის ვან დე როეს „New National Gallery“ – კლასიკური მოდერნის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი.

Grundinstandsetzung- Neue National galerie, Berlin, Baubegleitende Dokumentation; Dezember 2020

ნაკლებად ცნობილი არქიტექტურული ძეგლებიდან გამოვყოფდი 65 მეტრიან ინდუსტრიული სტილის პირველ მაღალსართულიან შენობას – ,,ბორზიგტურმ“-ს. გერმანიის სხვა ქალაქებშიც შეხვდებით არქიტექტურულ მრავალფეროვნებას. მათ შორის, ჰამბურგის ფილარმონიას, დესაუს ბაუჰაუსს, კლასიკური მოდერნის ნათელ მაგალითს “ჰაუს შმინქეს”. არაერთხელ გამხდარა ესა თუ ის ძეგლი ჩემი ინსპირაციის წყაროც.

ბორზიგტურმი, ბერლინი

ბაუაჰუსის – ვოლტერ გროპიუსი

 

ჰამბურგის ფილარმოანია

“ჰაუს შმინქე”

ხშირად ამ შთაგონების გადმოცემა როგორც მხატვრობით, ისე წერით ვლინდება. სიამოვნებით ვწერ არქიტექტურაზე. წერის შესაძლებლობა ჟურნალი “სტილი”-ის რედაქტორმა, ქ-მა ნინო ლაღიძემ მომცა, როდესაც მან თავისუფალი სივრცე შემომთავაზა, სადაც შემეძლო, დამეწერა ჩემთვის საინტერესო თემებზე. ბერლინში კი ყოველთვის მოიძებნება განსაკუთრებული ადგილები, რომლებზე საუბარიც როგორც ჩემთვის, ისე მკითხველისთვის შემოქმედებითი მუხტის მომცემია. შესაბამისად, რამდენიმე სტატიის ავტორიც ვარ.

როგორია თქვენი დამოკიდებულება ზოგადად არქიტექტურის პროფესიისადმი?

ვფიქრობ, არქიტექტურა არის ემოცია, განწყობა, მდგომარეობა დროსა და სივრცეში. მომწონს ეკლექტური გარემო, სადაც მრავალშრიანი სხვადასხვა ტიპის არქიტექტურული სივრცეები ერთიანდება და ჰარმონიას ქმნის ბუნებასთან. ამასთან ერთად, მხიბლავს მინიმალისტური, გეომეტრიული ფორმებით გაჯერებული არქიტექტურა, ფერთა შეზღუდული გამა, რომელიც ასზე მეტი წლის წინ შექმნა ბაუჰაუსმა. მისაღებია დაბალსართულიანი განაშენიანება, რასაც ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში შეხვდებით. ასევე სიმწვანე ქალაქში და პარკის კულტურა. ბერლინი ამითაც გამოირჩევა. აქ უამრავი მწვანე სივრცეა. არქიტექტურის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ნაწილია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. მიმაჩნია, რომ, როდესაც მანქანით გადაადგილება ქალაქის გარშემო ხდება და თავად ქალაქში რამდენიმე სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსებობს, ცხოვრების ხარისხი იზრდება და იზოგება ადამიანების დრო და ენერგია.

დაბოლოს, გვიამბეთ თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაზე  

ახლახან დავამთავრე ჩემი მეგობრის, ნინა ნეფარიძის სპექტაკლის სცენოგრაფიაზე მუშაობა, რა დროსაც მივხვდი, რომ არქიტექტურა ყველა დეტალშია.სპექტაკლი ჰერმან ჰესეს ნაწარმოების — „ტრამალის მგელი” -ის მოტივებზეა შექმნილი. სცენოგრაფია, როგორც პროფესია, არასდროს მისწავლია, თუმცა პროცესში მივხვდი, რომ ეს ნამდვილი ჯადოქრობაა. სცენარს რეჟისორთან ერთად ვეცნობოდი. იდეები ყოველი წაკითხული სტრიქონის შემდეგ იბადებოდა და მომდევნო სტრიქონს უფრო დიდი მოლოდინით ველოდი. ინტუიციითა და გრძნობების მოსმენით დავიწყე, რაც შემდეგ ფურცელზე ჩანახატის სახით გადავიტანე, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი სცენაზე გაცოცხლდა. ამგვარმა გამოცდილებამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა, რომ მივხვდი, სცენოგრაფია ერთ-ერთი ღრმა და საინტერესო პროფესიაა, ის ძალიან ჰგავს არქიტექტურას. მუშაობას აქაც გარემოს შესწავლით იწყებ, რათა ამ გარემოში შექმნა შენი თვალით დანახული ახალი სამყარო. მიღებულმა გამოცდილებამ და ახალმა ინსპირაციამ გამიჩინა ემოცია, რომ ეს ყოველივე საკუთარი თავის ძიების პროცესია. სწორედ ამიტომ მგონია, რომ საჭიროა, შევძლოთ ჩვენი რესურსის სწორად დამუშავება, მივაგნოთ შესაძლებლობებს, გამორჩეულ ნიჭს და უნარს, რათა არ დაიკარგოს თითოეული ჩვენგანის უნიკალურობა.

ავტორი: მეკო მეტრეველი

შთამაგონებელი იდეები სამზარეულოს მოსაწყობად

როგორ აქცია დადუნა შათაშვილმა საქონლის სადგომი ბუტიკურ სასტუმროდ, რომელმაც A’Design Award-ის პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მიიღო