დღევანდელ სტატიაში არქიტექტურისა და დიზაინის სტუდია „109 გრადუსის“ დამფუძნებელს, არქიტექტორ თენგიზ კვანტალიანს გაგაცნობთ, რომელიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის ავტორია. ჩვენი რესპონდენტი განვლილ კარიერულ გზასა და იმ მნიშვნელოვან საფეხურებს იხსენებს, რომლებმაც მისი ამჟამინდელი მდგომარეობა განაპირობა. როგორც თენგიზ კვანტალიანი მიიჩნევს, მნიშვნელოვანია, არქიტექტურული ნამუშევარი დროისადმი მედეგი და მუდმივად აქტუალური იყოს, მიმდინარე ტექნოლოგიურ სიახლეებს აუბას მხარი და ადამიანსა და გარემოს შორს კავშირი დაამყაროს.
ბატონო თენგიზ, რა ასაკიდან დაინტერესდით არქიტექტურით?
დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ქუთაისში, სადაც პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ხატვისადმი მიდრეკილება მესამე კლასიდან გამიჩნდა. მახსოვს, ზაფხულში, არდადეგების პერიოდში, მოულოდნელად, ხატვა მომინდა და ანბანის სურათები გადმოვხატე. საკმაოდ კარგი გამოვიდა, ამის შემდეგ კი ხატვა ჩემი მთავარი გატაცება გახდა. დავდიოდი სამხატვრო სკოლაშიც, რომელიც წარმატებით დავასრულე. 12 წლის ასაკში პირველი ფერწერის გამოფენა მქონდა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა და მუშაობის მეტი სტიმული მომცა.
საინტერესოა, რომ სამხატვრო სკოლაში სწავლისას, მოქანდაკე მინდოდა გამოვსულიყავი. ცხენების ქანდაკებების გაკეთება მიყვარდა, პედაგოგებიც ამ პროფესიას მირჩევდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში არქიტექტურით დავინტერესდი. ამიტომ, სკოლის დასრულების შემდეგ, თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე და 16 წლის ასაკში არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. ჩემი სტუდენტობა ქვეყნის ქარტეხილებით აღსავსე პერიოდს დაემთხვა, თუმცა, ის წლები მაინც საინტერესო მოვლენებთან იყო დაკავშირებული, რადგან არაერთ კონკურსსა და გამოფენაში მივიღე მონაწილეობა.
გაიხსენეთ თქვენი კარიერული გზა, საიდან დაიწყეთ მოღვაწეობა და რა ნაბიჯებმა განაპირობა თქვენი ამჟამინდელი სტატუსი ამ მხრივ?
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პირველი პრაქტიკული გამოცდილება კომპანია „ხუროში“ მივიღე, სადაც პირველი დამოუკიდებელი ობიექტი, ქალაქ ქუთაისის ცენტრალური ბაზრის ადმინისტრაციული პროექტი განვახორციელე. 24 წლის ასაკში ასეთი საინტერესო პროექტი ჩემთვის დიდი გამოწვევა და გამოცდილების მიღების ძალიან კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა.
შემდეგ შევასრულე “საქართველოს ბანკისა” და “პროკრედიტ ბანკის” ქუთაისის ფილიალების პროექტები.
2002 — 2004 წლებში ქუთაისის მთავარ არქიტექტორად ვმუშაობდი, რითაც ერთგვარი „ვალი მოვიხადე“ საყვარელი ქალაქის წინაშე და ამასთანავე, დიდი პრაქტიკული გამოცდილება მივიღე, რამაც პროფესიული თვალსაზრისით გამზარდა. 2004 წელს კომპანია „არსის“ გუნდს შევუერთდი, სადაც სამუშაო პროცესი მრავალფეროვანი და საინტერესო პროექტებით იყო აღსავსე. 2014 წელს კი დავაფუძნე საკუთარი არქიტექტურული სტუდია – „109 გრადუსი“ და დღემდე ამ მიმართულებით ვმოღვაწეობ.
როგორ დაახასიათებთ თქვენს პროფესიას? როგორი უნდა იყოს თქვენი აზრით მომავლის არქიტექტურა?
არქიტექტურა საკმაოდ რთული და საინტერესო პროფესიაა. ეს საქმე ცხოვრების წესია, რომელიც უწყვეტად გრძელდება. ვფიქრობ, ამ სფეროში უმთავრესია, მხარი აუბა მიმდინარე ტექნოლოგიურ სიახლეებს და თანამედროვე გამოწვევებს არ შეუშინდა, რათა აქტუალობა არ დაკარგო. მგონია, მომავლის არქიტექტურა ადამიანთან დაახლოებას უნდა ისახავდეს მიზნად. შექმნილი სივრცე მაქსიმალურად უნდა პასუხობდეს მოთხოვნებს და ადამიანსა და ბუნებას შორის კავშირსა თუ კომუნიკაციას ამარტივებდეს.
ვისაუბროთ სამუშაო პროცესსა და თქვენს გამორჩეულ ნამუშევრებზე. საიდან ჩნდება იდეა და როგორ ხდება მისი რეალობად ქცევა?
იდეა შეიძლება ყველაფრიდან დაიბადოს — ნახატიდან, მუსიკიდან, კინოდან… ფოთოლმაც კი შესაძლოა გიკარნახოს კონკრეტული გადაწყვეტილება. პირადად ჩემთვის, ხელით ხატვა და ჩანახატის გაკეთება მუშაობისას ყველაზე მეტად ნაყოფიერი და შედეგის მომტანია. კონცეფციის შემუშავებისას უმთავრესია შენობის სტრუქტურამ, მისმა არქიტექტურულმა გადაწყვეტამ გაუძლოს დროს და არ დაკარგოს აქტუალობა.
თითოეულ პროექტზე მუშაობა განუმეორებელი ძიება და თავგადასავალია, რომელიც რამდენიმე საფეხურისგან შედგება — იდეა; ჩანახატი; გეგმარებითი კონცეფცია, რომელიც იდეას სრულად ასახავს; პროექტის დამუშავება; კვანძები და ობიექტის ხორცშესხმის უზარმაზარი სიამოვნება. ეს ის ეტაპებია, როდესაც ობიექტი დროსა და სივრცეში ყალიბდება, შენ კი ღამეებს ათენებ და ბავშვივით ელოდები სანუკვარ მომენტს.
განხორციელებული პროექტებიდან გამოვარჩევდი ეროვნული ბანკის საკასო ცენტრს, წყნეთის სახლს და „იბისის სასტუმროს“ ძველ უბანში, სადაც პროექტის განაშენიანების კონტექსტთან მისადაგება იყო მთავარი ამოცანა.
ასევე, 2017 წელს გავიმარჯვეთ ჯიპას კამპუსის საკონკურსო პროექტში, მაგრამ სამწუხაროდ, ობიექტის რეალიზება დამკვეთის მიზეზით ვერ მოხერხდა, თუმცა საინტერესო ნამუშევარი იყო.
როგორ შეაფასებდით ქართულ არქიტექტურულ სივრცეს? რა გამოწვევების წინაშე დგას ის დღეს?
ვფიქრობ, ქალაქგეგმარებისა და გენერალური გეგმის არარსებობის პირობებში მივიღეთ ურბანული ქაოსი, რომელმაც ქალაქის სახე დაამახინჯა. ათწლეულების განმავლობაში ყველა საზოგადო თუ თავისუფალი სივრცე უსახური, არაადაპტირებული ნაგებობებით გადაივსო, მოქალაქეები კი ბეტონის ლაბირინთებში აღმოჩნდნენ. ერთადერთი გამოსავალია სწორად დაგეგმარებული ახალი უბნების გაჩენა და ძველი უბნების მოფრთხილება, თუ უკვე ძალიან დაგვიანებული არ არის მათი გადარჩენა.
როგორც აღვნიშნე, ჩემთვის მნიშვნელოვანია, არქიტექტურამ დროს გაუძლოს და აქტუალობა შეინარჩუნოს, ამიტომ აუცილებელია ქართული არქიტექტურის ამ მიმართულებით განვითარება. მგონია, რომ ამჟამინდელი “საქართველოს ბანკის” სათავო ოფისის შენობა მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება არქიტექტურული გადაწყვეტა დროის მიმართ მდგრადი გახდეს და უფრო მეტიც, ძეგლის სტატუსი შეიძინოს.
დაბოლოს, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესოა, რა პროექტებზე მუშაობთ ამჟამად?
ამჟამად გვაქვს რამდენიმე მიმდინარე პროექტი და დამუშავების სტადიაში მყოფი ობიექტები — ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი გლდანში, 200 ნომერზე გათვლილი სასტუმრო წყალტუბოში. ასევე, სტუდიაში აქტიურად ვმუშაობთ რამდენიმე საკონკურსო ნამუშევარზეც.