in

სიყვარულით შექმნილი საქმე – ინტერვიუ “თერმოლაბის” თანადამფუძნებელთან

დღევანდელ სტატიაში „თერმოლაბის“ შესახებ გიამბობთ, რომელიც გათბობა-გაგრილების სისტემების პროექტირებითა და მონტაჟითაა ცნობილი. კომპანია მომხმარებელს ვენტილაციისთვის საჭირო აღჭურვილობის და შესაბამისი მომსახურების დიდ არჩევანს სთავაზობს და საქართველოს ბაზარზე უკვე წლებია არსებობს.

„თერმოლაბის“ წარმატების უკან ქეთი გურამიშვილი და ალექსანდრე ქაჯაია დგანან, წყვილი რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ მომხმარებლების მოთხოვნების უზრუნველყოფაზე და ამას საკუთარი ხელით აკეთებენ. დღეს ქეთი კარიერულ გზასა და „თერმოლაბის“ დაარსების ისტორიას Homeis.ge-ს მკითხველს უზიარებს.

როგორ აღმოჩნდით გათბობა-გაგრილების სფეროში?

სარემონტო სფერო, და განსაკუთრებით კომუნიკაციები, ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან მიზიდავდა. ინტერესი მას შემდეგ გამიმძაფრდა, რაც ჩემი მეუღლე გავიცანი, რომელიც თითქმის 20 წელია ამ სფეროშია. სიამოვნებით ვადევნებდი თვალს მის საქმიანობას და ყოველი ახალი პროექტი ჩემს ინტერესს კიდევ უფრო ზრდიდა, რამაც საბოლოოდ ამ საქმის შესწავლა გადამაწყვეტინა. პირველი შეხება გათბობა-გაგრილების სისტემებთან იყო ჩემს საკუთარ სახლში, სადაც ჩემივე მოთხოვნით, სხვადასხვა სივრცეში გამოვიყენეთ თითქმის ყველა ტიპის სისტემა. ეს იყო პირველი და საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება ჩემთვის. შეიძლება ითქვას, გადამწყვეტიც კი. სწორედ ამ პერიოდში დავიწყე პროდუქციის შესწავლა, ვეცნობოდი სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქტს და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს. მიუხედავად იმისა, რომ  რადიკალურად განსხვავებული პროფესია მაქვს, ყოველთვის ვთვლიდი, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის ის საქმე უნდა აკეთო, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობ.

გვიამბეთ განვლილ გზაზე, როგორ დაიწყეთ და რა ეტაპზე ხართ ახლა?

„თერმოლაბის“ შექმნის იდეა 2020 წელს გაჩნდა. პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენი საქმიანობა სოციალური ქსელებით დაიწყო, თუმცა დაახლოებით ერთ წელიწადში „შოურუმი“ გავხსენით, რათა მომხმარებელს შესძლებოდა, წინასწარ ენახა და შეეფასებინა პროდუქტი, რომელზეც ვმუშაობთ. როდესაც მომხმარებელი გვიკვეთავს რაიმეს, მე და ჩემი მეუღლე მივდივართ და საკუთარი ხელით ვაკეთებთ ყველაფერს, რაც მუშაობის პროცესს ბევრად უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის. თავდაპირველად, ჩვენი მთავარი  მიზანი იყო პოტენციური მომხმარებლისთვის ჩვენი საქმიანობის გაცნობა, მათი ყურადღების მიქცევა, ნდობის მოპოვება და რაც მთავარია, მათი მოლოდინების გამართლება. ასე თუ ისე, ჩემი მოლოდინები გამართლდა და დღეს “თერმოლაბს” ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს. ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ მივიღოთ დადებითი შეფასებები იმ ადამიანებისგან, რომლებისთვისაც ჩვენი პროდუქცია იქმნება.

რამდენად რთულია ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება?

არსებული კონკურენციის პირობებში, რთულია მარტივად მოიპოვო დამკვეთის ნდობა, თუმცა ყოველდღიურად ვმუშაობთ განვითარებაზე და იმ დადებითი მხარეების წინ წამოწევაზე, რაც განგვასხვავებს კონკურენტებისგან.

სირთულეები ნებისმიერ საქმიანობას ახლავს თან. რა თქმა უნდა, არც ჩვენ გაგვივლია ეს გზა დაბრკოლებების გარეშე. მეც და ჩემი მეუღლეც ვმუშაობთ საქმისადმი დიდი სიყვარულით და ვფიქრობ, ეს არის სწორედ ის საკვანძო მიზეზი, რომლითაც შევძელით და ქართულ ბაზარზე განვვითარდით. დღეს უკვე ნებისმიერ სირთულეს ვიღებთ, როგორც გამოწვევას. დაგვემთხვა კოვიდის პერიოდიც, რაღაც მომენტებში მოთხოვნა არ იყო, მაგრამ ცუდი და კარგი დრო ალბათ ყველა წამოწყებას აქვს, მუდმივად შრომითა და მონდომებით შევძელით და ყველა დაბრკოლება შეძლებისდაგვარად გავიარეთ.

რა გზას გადიხართ მუშაობის პროცესში, როგორ ხდება პროდუქციის შერჩევა და მომხმარებლისთვის შეთავაზება?

თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად და დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით. ვცდილობთ, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ დამკვეთის საჭიროებები და შევუქმნათ მას  კომფორტული გარემო.

სანამ უშუალოდ მონტაჟის პროცესამდე მივალთ, რამდენიმე ეტაპს გავდივართ. ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტირებაა, რასაც პირადად მე, დიდ ყურადღებას ვუთმობ.

დღესდღეობით, პროცენტულად ყველაზე მეტი დარღვევა სწორედ ამ ეტაპზე გვხვდება. სამწუხაროდ, ამ დროს დაშვებული შეცდომების გამოსწორება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

რაც შეეხება პროდუქციას, ხშირად გვინაწყენდებიან, როდესაც უარს ვამბობთ ამა თუ იმ მასალით მუშაობაზე. იმის გამო, რომ ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას შესრულებულ სამუშაოებზე, გვაქვს ზღვარი ხარისხთან მიმართებაში, რომელსაც არ ვარღვევთ. სწორედ ამიტომ ვიყენებთ მხოლოდ ჩვენ მიერ რეკომენდებულ პროდუქციას და მომხმარებელს საუკეთესოს ვთავაზობთ.

გქონიათ შემთხვევა როდესაც ფიქრობდით, რომ გარკვეული წინააღმდეგობების გამო ამ სფეროში მუშაობისთვის თავი უნდა დაგენებებინათ?

პირიქით, წინააღმდეგობები მოტივაციას მაძლევს და ვთვლი, რომ არასდროს უნდა დანებდე, როცა საყვარელ საქმეს ემსახურები. თუ რაიმე ისეთს აკეთებ, რაც არ მოგწონს და არ გიყვარს, ალბათ წარმატებას ვერ მიაღწევ რადგან მთავარი გასაღები საკუთარი საქმიანობის სიყვარულითა და დადებითი ენერგიით გაკეთებაა. ამიტომ ყველას ვურჩევდი, იპოვონ საქმე, რომელიც უყვართ და ბოლომდე გაყვნენ მას.

22 დეკემბერს ჟურნალ Homeis.ge-ს პირველი ღონისძიება გაიმართება  

7 ფერი ექსტერიერში, რომელთა გამოყენებასაც დიზაინერები ყველაზე ხშირად გვირჩევენ