ფერთა პალიტრის უსასრულო არჩევანის პირობებში, ზოგჯერ საუკეთესო გამოსავალი ძირითადი ელფერების ირგვლივ ტრიალია. ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი თეთრია. ის დოზირებულად ყველა ფერს უხდება. თუმცა, თეთრი ფერების სამყაროშიც კი უმნიშვნელო ვარიაციების წყალობით, უსასრულო რაოდენობის ტონი არსებობს.
თეთრი ფერი ყველას უყვარს, ის წყლისა და ჰაერის მსგავსად, ყველგანაა. ფერადი ინტერიერების შექმნა უფრო რთულია. ვინც ამ საქმეს ხელს მოკიდებს ფერთა შეგრძნება, გამოცდილება და წარმოსახვის კარგი უნარი უნდა ჰქონდეს. გაცილებით მარტივია თეთრი, შავ-თეთრი და რუხი ინტერიერის წარმატებული მაგალითების შექმნა. არქიტექტორები ასეც იქცევიან. თეთრი ფერი სივრცეს ვიზუალურად ზრდის, ჰაერით ავსებს და ახალისებს. მის ფონზე აქცენტები უფრო გამოხატული და სახასიათო ჩანს, მას სივრცეში სისადავე და სიმსუბუქე შემოაქვს.
თუმცა, თეთრთან სიფრთხილეა საჭირო და ამ მხრივ გადაჭარბება არ შეიძლება. თუ ყველაფერს თეთრად შევღებავთ, სივრცეში სიმყუდროვეს დავკარგავთ და მოსაწყენ გარემოს მივიღებთ. თეთრი ფერის აღქმა სეზონსა და დღის პერიოდზეცაა დამოკიდებული. გახსოვდეთ, თეთრი სხვადასხვაგვარად გამოიყურება ფანჯრიან სივრცეში და ოთახის შორეული კუთხის კედელზე. ის თავის თავზე სივრცეში არსებული ყველა ფერის „რეფლექსს“ იღებს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სწორი განათება.
ბევრ ადამიანს შეცდომით მიაჩნია, რომ ყველა თეთრი საღებავი ერთნაირია და მას ელფერები არ გააჩნია. სინამდვილეში კი ის შესაძლებელია მოცისფრო, მოწითალო, მოყვითალო ან მომწვანოც კი იყოს. განსხვავების დასანახად საკმარისია რამდენიმე ვარიანტის ქაღალდზე დატანა. თეთრი ფერის უმეტესობა სამ საკვანძო კატეგორიად იყოფა: თბილი (ნეიტრალური და ზომიერად ნათელი), ცივი (ისინი მოცულობას ზრდის) და ე.წ. „გალერეის“ თეთრი (სუფთა ფერი, რომელიც ყველაზე ხშირად მუზეუმებში გვხვდება).
როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი თეთრის ტონი? თუ თქვენ ამ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ, გირჩევთ პირველ რიგში, საღებავების კომპანიის კატალოგის დათვალიერებით დაიწყოთ. დღევანდელი ტექნოლოგიების წყალობით, ფერთა პალიტრა ძალიან მრავალფეროვანია და ყველა გემოვნების დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა. დღევანდელ სტატიაში ჩვენ მიერ შერჩეულ თეთრის რამდენიმე ელფერს წარმოგიდგენთ კაპაროლის კატალოგიდან:
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი