in

თეთრი ფერის ალტერნატივები ინტერიერში

თეთრი ინტერიერის დიზაინში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ თუ ეს ფერი მოგბეზრდათ, დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო ალტერნატივებს, რომლებიც სახლის გალამაზებაში დაგეხმარებათ.

ნაცრისფერი

თუ თქვენთვის თეთრი არც ისე მყუდრო ფერია, კრემისფერი კი – ზედმეტად მოძველებული, გირჩევთ, არჩევანი ნაცრისფერ ელფერებზე შეაჩეროთ. მათი დახმარებით შეძლებთ, სივრცეს მრავალფეროვნება შესძინოთ, ღია და მუქი ტონები გააერთიანოთ და შექმნათ კონტრასტული კედლები, რომლებიც ექსტრავაგანტური არ იქნება, თუმცა ყურადღებას მაინც მიიპყრობს. მოსაზრება, რომ ნაცრისფერი ცივი და არასასიამოვნო ფერია, მითია. მისი პალიტრა საკმაოდ ფართოა და აერთიანებს როგორც ცივ, ასევე თბილ ტონებს.

შეგიძლიათ, ეს ფერი არა მხოლოდ კედლებისთვის, არამედ ჭერისთვის, კარებისა და იატაკისთვისაც გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში 3-4 განსხვავებული ელფერი ჰარმონიულად შეერწყმება ერთმანეთს.

ნათელი ცისფერი

ცისფრის სხვადასხვა ელფერი შესანიშნავი საბაზო ფერია, რომელიც არც მოსაწყენია და არც – ზედმეტად კომპლექსური. ცისფერი ნაცრისფერზე ოდნავ რთული ვარიანტია, რადგან მას ყველა ფერს ვერ შეუხამებთ. მაგალითად, ცისფერი ფონის შემთხვევაში უმჯობესია, მწვანე ავეჯისა და აქსესუარების გამოყენებას მოერიდოთ (ეს არ ეხება მცენარეებს). გარდა ამისა, ამ ფერის მისადაგება წითლისა და ნარინჯისფრის თბილ ტონებთან საკმაოდ რთულია.

თუ ასეთ ბაზას შეარჩევთ, კონტრასტული კედლისა და ავეჯისთვის საუკეთესო ფერი მუქი ლურჯი ან ლიმონისფერი ყვითელი იქნება.

ვარდისფერი

ვარდისფერს ხშირად სრულიად უმიზეზოდ ერიდებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ის მხოლოდ გოგონების ოთახს შეეფერება. სინამდვილეში, ვარდისფერს ძალიან მრავალფეროვანი ელფერები აქვს, რომლებიც შესანიშნავად ანაცვლებს კრემისფერს. ამის მიზეზია ვარდისფრის პალიტრაში არსებული შედარებით თბილი ელფერები. ამავე დროს, ის ბევრად უკეთ აახლებს სივრცეს, ვიდრე, მაგალითად, კრემისფერი.

ვარდისფრის ცივი ელფერები ელეგანტურად გამოიყურება, შესანიშნავად ერწყმის თეთრს, ნაცრისფერს, ყავისფერს და, სკანდინავიურის გარდა, ნებისმიერ სტილს უხდება.

მწვანე

წინა ვარიანტებთან შედარებით, მწვანე უფრო კომპლექსური ფერია. ამის მიუხედავად, მისი გამოყენებით საკმაოდ საინტერესო სივრცის შექმნა შეგიძლიათ.

მწვანის მუქი ელფერები აქცენტებისა და კონტრასტული ელემენტების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ინტერიერში მისმა წილმა 30%-ს არ უნდა გადააჭარბოს.

მწვანის უპირატესობა ისიცაა, რომ მის პალიტრაში, ძალიან ცივთან ერთად, თბილი ყვითელნარევი ელფერებიც მოიპოვება.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ჭერის შეფუთვა ფუნქციური მასალით – რა უნდა ვიცოდეთ

1930-იანი წლების გრანდიოზული საოჯახო სახლი ამსტერდამში