in

“The Why Not Gallery” ქართული ხელოვნების სადარაჯოზე – ინტერვიუ ელენე კაპანაძესთან

ელენე კაპანაძე და გვანცა ჯიშკარიანი. ფოტო: ანა ბოკო

 

The Why Not Gallery თბილისში მდებარე გალერიაა, რომელსაც ქართული თანამედროვე სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა დარგის პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი შეაქვს. ციფრული ეპოქის თანმდევი ცვლილებებისთვის ფეხის აწყობით The Why Not Gallery-მ შეძლო ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მყარი და პოპულარული გალერიის შექმნა, რომელიც ახალგაზრდა ქართველ არტისტებს საკუთარი შემოქმედების საზოგადოებამდე მიტანაში ეხმარება. homeis.ge  გთავაზობთ The Why Not Gallery-ს თანადამფუძნებელთან, ელენე კაპანაძესთან ჩაწერილ ინტერვიუს, რომელშიც ის თბილისის ყველაზე ორიგინალური სივრცის შესახებ გვიამბობს.

-მოგვიყევით The Why Not Gallery-ს შესახებ, ვინ არიან მისი დამმაარსებლები, რა იდეა უძღოდა წინ გალერიის დაარსებას?

გალერეა დავაარსეთ ორმა მეგობარმა, კურატორმა და ხელოვანმა, ელენე კაპანაძემ და გვანცა ჯიშკარიანმა. მთავარი მიზანი იყო, რომ შეგვექმნა ის სივრცე და გვეჩვენებინა ის ხელოვნება, რომელიც ჩვენ გვაკლდა ქალაქში. თავიდანვე არასტანდარტული მიდგომა გვქონდა საგალერეო საქმისადმი და პირველ ლოკაციად ორბელიანის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში ერთ-ერთი ვიტრინა ავირჩიეთ. ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი გამოვიდა, იმიტომ რომ შევიჭერით ადამიანების ყოველდღიურობაში და ისეთ ადგილას დავახვედრეთ თანამედროვე ხელოვნება, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. შემდეგ კოლაბორაციებს ვაკეთებდით სხვადასხვა გალერეასთან და ახლა უკვე ჩვენი პირველი პერმანენტული სივრცე გვაქვს, რომელიც უფრო ტრადიციულ white cube გალერეას გავს.

ელენე კაპანაძე და გვანცა ჯიშკარიანი. ფოტო: ანა ბოკო

გალერეასთან ერთად გვაქვს სასაჩუქრე მაღაზია, სადაც ვთანამშრომლობთ ქართველ ხელოვანებთან და მათთან კოლაბორაციაში ვაწარმოებთ შეზღუდული რაოდენობის პროდუქტებს, რომლებიც შთაგონებულია მათი ხელოვნებით. ეს ნივთები ძირითადად სახლის დეკორატიული ნივთებია. ეს იდეაც იქიდან გაჩნდა, რომ ლოკალურ ბაზარზე ვერ ვპოულობდით ასეთ ნივთებს და გადავწყვიტეთ, ეს ჩვენით გაგვეკეთებინა. ყველა კოლაბორაციის შედეგად იქმნება ორიგინალური, საინტერესო და მაღალი ხარისხის ნივთები. ძალიან საინტერესო სიმბიოზი გამოვიდა – თან ხელოვანებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გავაჩინეთ, თან მათი შემოქმედება უფრო ხელმისაწვდომი გახდა და თან იმიტომ, რომ ძირითადად ახალგაზრდა ხელოვანებთან ვთანამშრომლობთ, გამოვიდა, რომ მათ პოპულარიზაციასაც ვუწყობთ ხელს.

-საიდან წარმოიშვა გალერიის სახელი – “Why Not?

ასე ვუდგებით ყველაფერს, არასოდეს მივყვებით დაკანონებულ წესებს და ყოველთვის ვცდილობთ დავანგრიოთ დაწესებული ჩარჩოები, იმიტომ, რომ რატომაც არა?! ყველა ახალი იდეა, გამოწვევაა და ჩვენი ფილოსოფიაა “არასდროს თქვა უარი გამოწვევებზე”, რადგან მათ ყოველთვის სიახლე, ცოდნა და გამოცდილება მოაქვთ – ყველაფერი, რისი გაკეთებაც გვიფიქრია – გავაკეთეთ, იმიტომ, რომ რატომაც არა?!- და ჯერჯერობით არაფერი გვინანია.

-როგორც გვითხარით, თავდაპირველად გალერეის გაკეთებას მიწისქვეშა გადასასვლელში გეგმავდით, რა იყო ამის მიზეზი?

მიწისქვეშაში გალერეის გაკეთება გვანცას იდეა იყო და ვფიქრობ, ძალიან სწორი აღმოჩნდა, რომ ეს დამაძალა. თავიდან კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი, ისევ და ისევ ჩარჩოებში მოქცეული აზროვნების გამო. მაგრამ ვფიქრობ, ძალიან დროული და სწორი გადაწყვეტილება იყო. პირველ რიგში, იმიტომ, რომ თბილისში მუზეუმები და ზოგადად სახელოვნებო სფერო ძალიან ჩაკეტილი და ნიშურია. ყველა გამოფენაზე ერთი და იგივე 200 ადამიანი დადის და ელიტურობის, სნობიზმის, გაუცხოების თუ ინფორმაციული ვაკუუმის პრობლემა დგას. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ თუ ფართო საზოგადოება არ მოდის გალერეაში, ჩვენ მივალთ ისეთ ადგილას, რომ მაინც მოვხვდეთ თვალში. რასაკვირველია, ამაში თამაშის და პროვოკაციის ელემენტიც დიდი იყო.

“The Why Not Gallery”-ს გამოფენა “All Your Favorite Bitches And Witches”

თბილისის მიწისქვეშეთში კიდევ ერთი სამყაროა, მაგრამ ის მიწისქვეშა გადასასვლელი, სადაც ჩვენი გალერეა მდებარეობდა, განსაკუთრებით ხალხმრავალია. ნივთი არ არსებობს, რასაც იმ მიწისქვეშაში ვერ იყიდი. პირველი გამოფენის ნამუშევარს, ლარა სმითსონის ვიდეოს „She Spoke Rain“ თან მუსიკაც ახლდა და აბსოლუტურად სხვა, ჯადოსნურ ელფერს სძენდა იმ ქაოსს, რაც გარშემო ხდებოდა.

გარდა ამისა, თვითონ სამეზობლო და კონკრეტულად ეს მიწისქვეშა გადასასვლელი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში; ზუსტად იქ ჰქონდათ ოლეგ ტიმჩენკოს და ნიკო ცეცხლაძეს თავისი ცნობილი პერფორმანსი, „Stand Against“, 1991 წელს. სოფო ტაბატაძემ გააკეთა დიდი კვლევა პირიმზეს ლეგენდარულ შენობაზე, რომლის შედეგადაც ფილმი, ინსტალაცია და წიგნი შექმნა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ნამუშევრების ჩვენებაც შევძელით ამ ლოკაციაზე, მაგრამ ამასთანავე გავაკეთეთ 5 გამოფენა, სადაც 11 ქართველმა და უცხოელმა ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა.

“The Why Not Gallery”-ს გამოფენა “What If You Were In My Garden”

-რის მიხედვით არჩევთ ხელოვანებს, რომელთაც გალერიაში წარადგენთ?

ჩვენ მხოლოდ იმ ხელოვანებს ვფენთ, ვისი ნამუშევრებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და რომელთა სათქმელშიც და საქციელშიც გულწრფელობა ჩანს. ძირითადად ეს არიან ახალგაზრდა ხელოვანები, ვინც ექსპერიმენტირებს სხვადასხვა მედიუმში და ცდილობს იპოვოს საინტერესო და არასტანდარტული ვიზუალი, გამოხატულება.

-გვიამბეთ The Why Not Gallery GIFT SHOP-ის „ქართულ ქსოვილთან“ კოლაბორაციის შესახებ. რას ნიშნავს თქვენთვის ეს პროექტი და რატომ მიიჩნიეთ გალერიის იდეასთან ახლოს მყოფად? რომელია თქვენი ფავორიტი პროდუქტი ამ კოლაბორაციიდან?

-ძალიან გვიყვარს ყველა ახალი კოლაბორაცია და ქართული ქსოვილის პროექტშიც სიამოვნებით დავთანხმდით მონაწილეობას. არაჩვეულებრივი იდეა იყო ამ ფორმით გაეცოცხლებინათ კულტურული მემკვიდრეობა და ფართო საზოგადოებაში პოპულარიზაცია გაეკეთებინათ იმ საგანძურისთვის, რაც გაგვაჩნია. ყველა პროდუქტი ძალიან ძვირფასი იყო – სარკეები, სუფრები და ბალიშები არის ის, რასაც ხშირად ვაკეთებთ ჩვენი შოპის ფარგლებში. მარაოების გაკეთება იყო ძალიან საინტერესო, რადგან ახალი პროდუქტი იყო ჩვენთვის და პატერნების შესაქმნელად რამდენიმე სხვადასხვა ქსოვილიდან ავიღეთ დეტალები. ძალიან კმაყოფილები ვართ შედეგით.

“ქართული ქსოვილისა” და “The Why Not Gallery”-ს კოლაბორაციით შექმნილი ნივთები

-როგორ შეცვალა გალერიის რეალობა პანდემიამ?

-2020 წელს პირველი პერმანენტული სივრცე გავხსენით, რომელიც უფრო კლასიკური white cube ტიპის გალერეაა. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი გამოფენის გაკეთება მოვასწარით,  თუმცა მაინც დატვირთული და მნიშვნელოვანი წელი იყო ჩვენთვის. გავხსენით გვანცა ჯიშკარიანის დიდი და სრულიად არაჩვეულებრივი სოლო გამოფენა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი იყო. ასევე აქტიურები ვიყავით ონლაინ – გავმართეთ გალერეის და ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდი, რისი მეშვეობითაც საგრძნობლად გაიზარდა მუშაობა, ასევე შევიძინეთ კლიენტები უცხოეთიდან და ძალიან კმაყოფილები ვართ.

“The Why Not Gallery”-ში წარმოდგენილი ანდრო დადიანის ნამუშევარი 

-გვიამბეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე.

-ახლა აქტიურად ვემზადებით 2021 წლის საგამოფენო კალენდრისთვის. პირველი გამოფენა ხელოვან ქეუ მეფარიშვილის სოლო შოუ იქნება. ასევე ვალენტინობისთვის ვამზადებთ ახალ პროდუქტებს gift shop-ში და ვფიქრობ, ძალიან ლამაზი ნივთები გვექნება.

“The Why Not”-ის gift shop-ში წარმოდგენილი ხალიჩა “Flying Fish”. ავტორი: გვანცა ჯიშკარიანი

გალერეა „Why Not”-ში წარმოდგენილი ნიმუშებისა და კოლექციების დათვალიერება ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს მათ საიტზე შეუძლიათ. ვებ-გვერდზევეა განთავსებული ონლაინ მაღაზია, სადაც გასაყიდად გამოტანილი ნივთების სრულად დათვალიერებასა და შეძენას შეძლებთ.

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს ექიმთან სიარული – ინტერიერის დიზაინის ძალა

როგორ მოვარგოთ ინტერიერის დიზაინი შინაურ ცხოველებს?