in

თუნუქის სახურავი — ყველაფერი, რაც გადახურვის ამ მეთოდზე უნდა იცოდეთ

ქანობიანი სახურავის შემთხვევაში ყველაზე გავრცელებული ვარიანტი ზედაპირის თუნუქის ფილებით მოპირკეთებაა. თუნუქი საკმაოდ გამძლე პროდუქტია, ამათსანავე, დიზაინის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.

თუნუქის სახურავი რამდენიმე უპირატესობით ხასიათდება:

გამძლეობა — თუნუქის სახურავი ერთ-ერთი ყველაზე მედეგი პროდუქტია, რომელსაც აქტიურად იყენებენ სახლების მოპირკეთებისას. ის მტკიცეა სხვადასხვა კლიმატური პირობების მიმართ — არ ატარებს წვიმას, თოვლსა თუ სეტყვას და მარტივად არ ზიანდება. განსხვავებით პლასტმასის სახურავისგან, რომლის სიცოცხლისუნარიანობა დაახლოებით 2 წელია, თუნუქი მაღალ ტემპერატურასაც კარგად უძლებს. ამიტომ პლასტმასის სახურავს ძირითადად მხოლოდ ღია ვერანდებზე იყენებენ. ასევე, თუნუქი ბევრად მყარი მასალაა კრამიტთან შედარებით, რომელიც მართალია, ხმაურს არ ატარებს, მაგრამ მზისა და დიდ რაოდენობით ნალექის მიმართ მგრძნობიარეა და შესაძლოა, მარტივად დაზიანდეს.

ენერგოეფექტურობა — თუნუქის სახურავს აუცილებლად ესაჭიროება ხმისა და სითბოს იზოლაცია, რათა შიდა სივრცე გარე ხმაურისგან დაცული იყოს და სითბოს შენარჩუნება ეფექტურად მოხდეს. თბოიზოლაციის დამსახურებით კი ენერგოეფექტური გარემო იქმნება, რაც მაცხოვრებლების კომუნალურ ხარჯებს ამცირებს.

მრავალფეროვნება — თუნუქის სახურავის კიდევ ერთი უპირატესობა მისი მრავალფეროვანი დიზაინია.  არსებობს მეტალოკრამიტისა და პროფილირებული თუნუქის სახურავები, რომლებიც სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი და განსხვავებულ იერსახეს ქმნის. მეტალოკრამიტის სახურავს კრამიტის ფორმა აქვს, პროფილირებული სახურავი კი სწორი, ზოლებიანი, დამრეცი ზედაპირით ხასიათდება. მრავალფეროვანი არჩევანის გამო, თუნუქის სახურავს მარტივად შეუხამებთ ექსტერიერს და სახლს მიმზიდველ ესთეტიკას შესძენთ.

თუნუქის სახურავის ნაკლოვანებები:

მაღალი ხარჯები — თუნუქის სახურავი ხის კონსტრუქციაზე ან მილ-კვადრატზე ეწყობა, რომლის ფასიც ხესთან შედარებით, მაღალია, თუმცა გაცილებით მყარი და მედეგი მასალაა. ასევე, აუცილებელია სახურავი სპეციალური მემბრანითა და თბო-საიზოლაციო მასალით დამუშავდეს, რაც ცხადია, ღირებულებას ზრდის. შესაბამისად, გარკვეულ შემთხვევაში, მასალების მიხედვით,  მაცხოვრებლებისთვის თუნუქის სახურავის მონტაჟი შესაძლოა დიდ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული.

ხმაური — თუნუქის სახურავის მთავარი პრობლემა მისი სუსტი ხმის იზოლაციაა. ხმაურს განსაკუთრებით წვიმის წვეთების ხმა იწვევს, რაც მაცხოვრებლებს დისკომფორტს უქმნის. თუმცა, სათანადო ხმის იზოლაცია და სახურავის სწორი მონტაჟი არასასიამოვნო ხმის შემცირებაში გვეხმარება.

კონდენსატი— თუნუქის სახურავი მიდრეკილია კონდენსაციისკენ, რაც ტენიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა პრობლემას წარმოქმნის, როგორებიცაა ობის გაჩენა და მასალის ლპობა. ამიტომ აუცილებელია, სახურავი კონდენსატის საწინააღმდეგო სპეციალური მემბრანით დამუშავდეს, რათა დროთა განმავლობაში დისკომფორტი არ შექმნას.

როგორია მონტაჟის სპეციფიკა?

თუნუქის სახურავი შესაბამის სამონტაჟო საფეხურებს საჭიროებს. უპირველესად, კონსტრუქციისთვის განკუთვნილი ხის მასალა ჭიის საწინააღმდეგო წამლით მუშავდება, რომელსაც გასაშრობად და ხეში სრულად შესაღწევად გარკვეული დრო სჭირდება. ამის შემდგომ ხის კოჭებით სახურავისთვის კონსტრუქცია ეწყობა, რომელზეც სპეციალური მემბრანა ეკვრება, რათა ცივი და ცხელი ჰაერის ურთიერთქმედების შედეგად, კონდენსატი არ წარმოიქმნას. მომდევნო ეტაპზე მონტაჟდება ფიცრების ფენა, რომელზეც თუნუქის ფირფიტები მაგრდება. აღსანიშნავია, რომ საიზოლაციო მასალები შესაძლებელია თუნუქის სახურავის მოპირკეთების შემდგომ ან მანამდე მოთავსდეს, ეს დამოკიდებულია მაცხოვრებლის სურვილსა და მის ფინანსურ მდგომარეობაზე.

ამას გარდა, ხის კონსტრუქციის ნაცვლად, შესაძლოა გამოყენებული იქნას მილ-კვადრატის კონსტრუქცია, რომელზეც ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მილ-კვადრატის ზედაპირზე მემბრანის დაფიქსირება სირთულეებთან არის დაკავშირებული. ასევე, მონტაჟის დროს გასათვალისწინებელია ფიცრებს შორის მანძილი, სადაც თუნუქის ფირფიტა უნდა მოთავსდეს. მეტალოკრამიტის შემთხვევაში, ფიცრებს შორის მანძილი 35 სმ. უნდა იყოს, პროფილირებული სახურავის დროს კი თუნუქის პროფილი 40 სმ. სიგრძეზე უნდა მოთავსდეს.

რაც შეეხება ღირებულებას, თუნუქის სახურავის ფასი დამოკიდებულია მწარმოებელსა და პროდუქტის ხარისხზე. მაგალითად, კორეული თუნუქის სახურავის 1 მ2-ის ღირებულება 25 ლარია, ფინურის (რომელიც მაღალი ხარისხით გამოირჩევა) — 32 ლარი (მ2), ხოლო ჩინური თუნუქის ფასი (რომლის ხარისხი გაცილებით დაბალია) 18 ლარს შეადგენს. სახურავის მონტაჟის ღირებულება, საშუალოდ, 1მ2-ის გათვალისწინებით, 30-50 ლარის ფარგლებში იანგარიშება. ასევე, გასათვალისწინებელია ხის კონსტრუქციის ფასი, რომელიც 1მ2-ის მიხედვით, 120 ლარია, ხოლო მილ-კვადრატის ღირებულება (1 მ2) 160 ლარას აღწევს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

მონოქრომული გამით შექმნილი ინტერიერი შვედეთში

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროეტირების კულტურის ფორმირება საქართველოში – გიორგი გოგავას ხედვა