ღუმელის გაწმენდა არც თუ ისე მარტივი პროცედურაა და ხშირად არასასიამოვნოც კი, თუმცა სისუფთავისა და უსაფრთხოების დაცვისთვის, მისი რეგულარული გასუფთავება ერთ-ერთი მთავარი პირობაა. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ტექნიკის მწარმოებლებმა უკვე შექმნეს ე.წ თვითგამმწმენდი ღუმელი, რომელიც ამ პროცესს საგრძნობლად გაგიმარტივებთ. თვითგამწმენდი ღუმელი ნამდვილი ტექნოლოგიური ინოვაციაა.
ასეთი ღუმელი ძალიან სწრაფად ცხელდება და ტემპერატურა 500 გრადუსამდე აღწევს, რა დროსაც საკვებისა და ცხიმის ნარჩენები იშლება და ნაცრად იქცევა. პროცესის დასრულების შემდეგ ღუმელის შიდა ნაწილის გაწმენდა მარტივად, ნოტიო ქსოვილის დახმარებითაა შესაძლებელი.
როგორც წესი, თვითგამწმენდ ღუმელებს ერთზე მეტი სახის დასუფთავების პროგრამა აქვთ და მათ შორის განსხვავება საათებშია. შედარებით უფრო რთული ცხიმის ნაწილაკების ამოსაყვანად შეგიძლიათ 3 საათიანი ციკლი აირჩიოთ, მარტივის შემთხვევაში კი ერთი საათიც საკმარისია. ერთი საათის განმავლობაში ღუმელი ახერხებს უსიამოვნო სუნის გაქრობას, რომელიც ცხობის შედეგად ჩნდება.
სტანდარტულ ღუმელებთან შედარებით, თვითგამწმენდ ღუმელებს რამდენიმე უპირატესობა გააჩნიათ. იმის გარდა, რომ ისინი ყოველდღიურ საქმეებს შეგიმსუბუქებენ, ისინი ასევე თავიდან გვარიდებენ ღუმელის გასაწმენდად საჭირო ქიმიური საშუალებების გამოყენების აუცილებლობას.
თვით გამწმენდი ღუმელის ღირებულება დამოკიდებულია მის ზომაზე, დიზაინზე, სიმძლავრესა და სხვა ფაქტორებზე და ის დაახლოებით 1500 ლარიდან განისაზღვრება.