in

თვითსწორებადი იატაკის საფარის ტიპები და მახასიათებლები

IPS
IPS

თანამედროვე ბაზარზე იატაკის საფარის დასაგებად საჭირო მასალისა და ტექნოლოგიების მრავალფეროვნებაა. ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა თვითსწორებადი იატაკის საფარი, რომელსაც აქვს შესაბამისი სიმძიმის ძალა და სიმტკიცე და ქმნის იდეალურად ბრტყელ, ჰორიზონტალურ ზედაპირს. თვითსწორებადი იატაკი, მისი სიღრმისეული გაგებით, გულისხმობს ნარევს, რომელიც აღწევს ჩაღრმავებებში, ასწორებს ნაკაწრებს და უზრუნველყოფს ყველა დამატებით საჭიროებას.

ძირითადად გამოყოფენ ასეთი ტიპის იატაკის საფარის ორ სახეობას, ესენია სქელ ფენიანი ნარევი და თხელ ფენიანი ნარევი. სქელი ფენა გამოიყენება მაშინ, როდესაც ზედაპირი შედარებით არათანაბარია და 5მმ ან მეტი ჩაღრმავებები არსებობს. თხელფენიან ნარევს იყენებენ მცირე უთანასწორობების აღმოსაფხვრელად და მას შედარებით უფრო მარტივი გამოყენება აქვს.

თვითსწორებადი იატაკის საფარის არჩევით თქვენ მნიშვნელოვნად შეამცირებთ დაგების პროცესისთვის საჭირო დროს. ამას გარდა, ის საკმაოდ მალე მკვრივდება, დაახლოებით 2-4 საათის განმავლობაში. მისი გამოყენების პრინციპი მაქსიმალურად გამარტივებულია და საშუალებას გაძლევთ, პროფესიონალების ჩარევის გარეშე შექმნათ სასურველი ზედაპირი.

როგორია თვითსწორებადი იატაკის საფარის ძირითადი უპირატესობები?

გამძლეობა – მაღალი ხარისხისა და საიმედოობის ხარჯზე იატაკის საფარის მომსახურების ვადა საკმაოდ დიდია.

წინააღმდეგობა ცვეთის მიმართ – ამ ტიპის იატაკის საფარი ხასიათდება მაღალი გამძლეობით როგორც მექანიკური, ასევე აბრეზიული ზემოქმედების მიმართაც.

ელასტიკურობა – როდესაც იატაკზე დავდივართ, შეხების მომენტში ძალა ნაწილდება დარტყმის წერტილის გარშემო, რაც დამატებით იცავს იატაკის საფარს.

ჰიგიენა – თვითსწორებადი იატაკი ხელს უშლის ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების გავრცელებას.

მოვლის სიმარტივე – იატაკი იდეალურად უმკლავდება მტვრის ნაწილაკებს და საკმაოდ მარტივია მოსავლელად.

ბაზის მომზადება

მომზადება და ნარევის დასხმა უნდა განხორციელდეს ექსპერტების მიერ მოცემული რეკომენდაციების სრული დაცვით. რეკომენდაციები განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ზედაპირზე გსურთ თვითსწორებადი იატაკის საფარის დასხმა.

ბეტონის შემთხვევაში საჭიროა მისი საფუძვლიანად გაშრობა, თუ ბეტონი ახალია, ის უნდა გამოშრეს იქამდე, სანამ სრულად მკვრივი არ გახდება.

ცემენტ-ქვიშის შემთხვევაში ზედაპირი იქნება ფოროვანი, სწორედ ამიტომ სჯობს გამოიყენოთ ღრმად შეღწევადი გამაძლიერებელი პრაიმერი, რათა ფორები საფუძვლიანად შეივსოს, ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ თვითსწორებადი იატაკის საფარის დასხმა.

კერამიკული ფილების შემთხვევაში უნდა შეამოწმოთ რამდენად კარგად ეკვრის ფილები ზედაპირს. თუმცა ამ ტიპის ზედაპირზე წებოს გამოყენება საჭირო არ არის, რადგან ნარევი ისედაც შეავსებს არსებულ სიცარიელეს. ძალიან მნიშვნელოვანია ფილების ჭუჭყისა და ცხიმისგან კარგად გაწმენდა. თუ ფილებს შორის დიდი ნაკერებია, ისინი კარგად უნდა იყოს გასუფთავებული. ნაკერების გაპრიალების შემდეგ გამოიყენეთ შესაბამისი პრაიმერი.

ხის ზედაპირის შემთხვევაში ის კარგად უნდა იყოს გამაგრებული, დაფები არ უნდა მოძრაობდეს. ასევე აუცილებელია საღებავის ან ნებისმიერი სხვა სახის მასალის კარგად მოშორება. ხის ბაზა უნდა იყოს აბსოლუტურად ჰერმეტული, ამ შემთხვევაშიც გვირჩევენ ბაზის შესაბამისი პრაიმერით დაფარვას.

თუ ზედაპირზე არის მნიშვნელოვანი უთანასწორობა ან განსხვავებები, მაშინ მიზანშეწონილია, გამოიყენოთ თვითსწორებადი იატაკის საფარის სქელი ფენა, რაც საშუალებას მოგცემთ, სწრაფად, ეფექტურად და დამატებითი დროის დაკარგვის გარეშე მიიღოთ აბსოლუტურად ბრტყელი იატაკი.

რა მოცულობის ნარევი გჭირდებათ?

მასალის საჭირო რაოდენობის გამოთვლა ძალიან მარტივია: თუ იატაკზე სტანდარტულად 10მმ სისქის ნარევის გამოყენებას აპირებთ, უნდა განსაზღვროთ რა რაოდენობა დაგჭირდებათ 1 კვადრატულ მეტრზე, რაც, როგორც წესი, დაახლოებით 1,3-ს უდრის. (მითითებულია შეფუთვაზე დამატებითი ინსტრუქციების სახით) მიღებული შედეგი კი უნდა გამრავლდეს ოთახის ფართობზე. მაგალითად, თუ ოთახი 20 კვადრატული მეტრია, გამოდის 10*1,3*20=260. მიღებული შედეგით ვიგებთ, რომ ოთახში 260კგ მასალა გვჭირდება, ეს რაოდენობა შეგვიძლია გავყოთ ტომრების კილოგრამებზე (ბაზარზე საშუალოდ 20-25კგ-იან ტომრებს შეხვდებით), საიდანაც ვადგენთ, რომ გვჭირდება 260/20 ტომარა, ანუ 13 ტომარა მასალა.

რაც შეეხება განზავებას, 20კგ მასალას დაახლოებით 7 ლიტრი წყალი სჭირდება, რათა არ გამოვიდეს ძალიან თხელი ან პირიქით – სქელი.

რეკომენდაციები საერთო შეცდომების თავიდან ასარიდებლად

სანამ ბინის რემონტისას თვითსწორებადი იატაკის საფარის ჩამოსხმას დაიწყებთ, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოს ზრუნვით და პასუხისმგებლობით მიუდგეთ. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მშრალი ნარევები ბაზარზე წარმოდგენილია სხვადასხვა მწარმოებლის მიერ, ამიტომ მაღალია დაბალი ხარისხის პროდუქტის შეძენის ალბათობა. არ გირჩევთ საეჭვო ხარისხის საქონლის შეძენას ფინანსების დაზოგვის მიზნით, რადგან ამან შესაძლოა, მომავალში უამრავი პრობლემა გამოიწვიოს.

ნარევში წყლის გადაჭარბებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს საფარის გახეთქვაზე, ამიტომ სამუშაო ხელახლა უნდა გადაკეთდეს. აქედან გამომდინარე, იატაკის საფარის დასხმამდე აუცილებლად დეტალურად გაეცანით განზავებისთვის საჭირო მასალისა და წყლის რაოდენობებს.

გაშრობის პერიოდში ზედაპირზე არ უნდა იყოს ნაკაწრები, ისევე, როგორც მზის პირდაპირი სხივები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ნარევსა და ბაზას შორის კავშირი დაირღვეს და გამოიწვიოს იატაკის საფარის დეფორმირება.

დამატებითი პრობლემების თავიდან ასარიდებლად ბზარები უნდა შეივსოს პრაიმერის ან სხვა მსგავსი სარემონტო მასალის დახმარებით, რომლებიც აღმოფხვრიან დამატებით დეფექტებს და უზრუნველყოფენ იატაკის საფარის სიმტკიცეს.

როგორია თვითსწორებადი იატაკის საფარის ღირებულება?

უშუალოდ მასალის ღირებულება დამოკიდებულია ხარისხსა და დიზაინზე და 20კგ-სთვის, საშუალოდ, 40 ლარიდან იწყება. ამას გარდა, დაგჭირდებათ პრაიმერიც, 15კგ პრაიმერის შემთხვევაში შედარებით ბიუჯეტური მასალის ღირებულება დაახლოებით 80-90 ლარია. იმ შემთხვევაში თუ იატაკის საფარის დასაგებად პროფესიონალების დახმარებას აპირებთ, სარემონტო მასალისთვის შესაძენ ხარჯებს დაემატება შესაბამისი ღირებულებაც, რაც კვადრატული მეტრისთვის დაახლოებით 15-30 ლარს შორის მერყეობს.

ესთეტიკური გარეგნობის, მაღალი სიმტკიცის და ცვეთის მიმართ წინააღმდეგობის გამო, თვითსწორებად იატაკის საფარზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება და ბინებში უფრო და უფრო ხშირად გვხვდება, რადგან ფერი და დიზაინი ჰარმონიულად ერგება სასურველ ინტერიერის დიზაინს.

სამზარეულო კუნძულით – რჩეული პროექტები საქართველოდან

9 ადგილი თბილისში, სადაც კარის სახელურს შეიძენთ