Tizio-ს სახელით ცნობილი სანათის იდეა 1970 წელს წარმოიშვა და ის Artemide-ს ბრენდის დამფუძნებლის, ერნესტო გისმონდისა და რიჩარდ საპერის საუბრის დროს გაჩნდა. მეგობრები განიხილავდნენ ისეთი სანათის აუცილებლობას, რომელიც შესანიშნავად გაანათებდა სამუშაო ზედაპირს სინათლის დახვეწილი სხივით, რომელიც მუდმივად მიმართული იქნებოდა ადამიანის ხელზე.
იმდროინდელი ტექნოლოგიების დახმარებით, რიჩარდ საპერმა შექმნა სანათი, რომელსაც ჰქონდა ფართო განათება, მაგრამ ზოგავდა სივრცეს მისი განსხვავებული დიზაინის წყალობით და იძლეოდა სტაბილურობას ზედმეტი სამაგრებისა და კონსტრუქციების გამოყენების გარეშე. შედეგად, შექმნილ მოდელს ჰქონდა საკმაოდ მარტივი და დახვეწილი გარეგნობა, რომელიც შესანიშნავად ერგებოდა სამუშაო მაგიდის ზედაპირს. ამრიგად, 1972 წელს Tizio წარმოებაში ჩაეშვა და მას შემდეგ ითვლება ფუნქციონალურობისა და ელეგანტურობის სიმბოლოდ.
როგორც ერნესტო გისმონდი იხსენებს, როდესაც ახალი პროდუქტი წარადგინეს, ბაზარზე მსგავსი არაფერი მოიძებნებოდა, რის ხარჯზეც ლამაზი და ჰარმონიული გარეგნობის მქონე სანათი მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში.
იმისთვის, რომ სიმძიმე სანათის მხოლოდ ერთ მხარეს არ განაწილებულიყო, საპერმა ჯემის ქილები გამოიყენა, რომელთა დახმარებითაც შეძლო წონასწორობის წერტილის პოვნა და შენარჩუნება. დიზაინში მცირედი ცვლილება შევიდა მაშინაც, როდესაც სანათის დანიის ბაზარზე გაგზავნა გადაწყდა. დანიის მთავრობამ მოითხოვა სისტემა, რომელიც ხელს შეუშლიდა ნათურის შეხებას საყრდენი მაგიდის ზედა მხარეს, რადგან, მათი აზრით, შეხებას შეეძლო ზედაპირების დაწვა.
კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც ამ დიზაინს გამოარჩევს, არის კაბელების არარსებობა. ფაქტობრივად, ენერგია სანათს დაბალი ძაბვის დახმარებით მიეწოდება, რომელიც არ ქმნის დარტყმის წერტილებს და შესაბამისად, Tizio მაქსიმალურად სანდო და უსაფრთხოა. მკლავებს შორის არსებული სახსარი კი სინამდვილეში კლასიკური სტილის ღილაკებია, რომლებიც დაცემის შემთხვევაში, სანათს გატეხისგან იცავენ.
მომდევნო წლებში შეიქმნა დიზაინის სხვადასხვა ვარიანტებიც, რომლებიც ნაკლებად მოცულობითია და ადვილად ერგება ნებისმიერი სტილის ინტერიერს. თანამედროვე სანათები აღჭურვილია თავით, რომელიც შეიძლება დაიხაროს მომხმარებლის სურვილის შესაბამისად. კვარცხლბეკის წყალობით, Tizio შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც იატაკის სანათიც.
2008 წელს დაინერგა LED ვერსია, რომელიც ამჟამადაც წარმოებაშია. ეს პროდუქტი უცვლელად ინარჩუნებს თავდაპირველ ფორმას.
სანათის შეძენა მსურველებს Artemide-ს მრავალფეროვან კოლექციაში შეუძლიათ, ფასი კი დაახლოებით $400-ია, მაგრამ ვხვდებით მის შედარებით უფრო ბიუჯეტურ და ძვირადღირებულ ვერსიებსაც.