in

თოიბოქსი – კერამიკული ფილებისგან შექმნილი ინტერიერის ობიექტები

თოიბოქსი” – ასე ჰქვია ახალ ქართულ სტარტაპს, რომელიც თეო თოიძემ და ნინა გვასალიამ ცოტა ხნის წინ შექმნეს. ბრენდი კერამიკის ფილების ფერად-ფერად ინტერიერის ობიექტებს აერთიანებს, იქნება ეს სარკე, სათავსო, თუ უბრალოდ ფილებისგან აწყობილი ყუთი, რომელზეც ნებისმიერი საგნის განთავსებაა შესაძლებელი.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თოიბოქსის მიღმა შემოქმედებითი ადამიანები დგანან. თეო და ნინა ერთმანეთს სამხატვრო აკადემიაში შეხვდნენ, იქ ორივე გრაფიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.

“სწავლის დამთავრების შემდეგ განსხვავებული პროფესიები ავირჩიეთ. თეო პროფესიით გრაფიკული დიზაინერია, ბოლო წლებია, ძირითადად, ამ სფეროში მუშაობს. ჩემი ძირითადი საქმიანობა ანიმაციას უკავშირდება, ამ ეტაპზე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის კეთების პროცესში ვარ, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება. თუმცა, პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, ყოველთვის გვაქვს freelance პროექტები ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით, რომლებზეც პარალელურად ვახერხებთ მუშაობას.”

– თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის ფესვები ბავშვობაში ხომ არ უნდა ვეძებოთ? რისი კეთება გიყვარდათ ამ პერიოდში?

მე და თეო ბავშვობიდან შემოქმედებითი ადამიანები ვართ, ხატვა ორივესთვის საყვარელი თავშესაქცევი იყო. მოგვიანებით, როცა ერთმანეთს შევხვდით, ზუსტად ხატვის სიყვარულმა და გამოხატვის ახალი გზების ძიების სურვილმა გაგვაერთიანა. ჩვენი გუნდი ძალიან ბუნებრივად შეიკრა. რაღაც მომენტში გადავწყვიტეთ, ერთად გვეცადა კედლის მხატვრობა, პირველივე პროექტი ძალიან ჰარმონიული და ძალდაუტანებელი აღმოჩნდა ორივესთვის, მივხვდით, რომ ერთად მუშაობა ძალიან სასიამოვნო პროცესია. ამ მოცემულობაში ყოველთვის გაქვს მეორე ადამიანის იმედი, და ყოველთვის ახალი იდეებით ავსებთ ერთმანეთს.

– როგორ მოხვდით თოიბოქსის საქმიანობაში – საიდან წამოვიდა იდეა, შეგექმნათ თქვენი სტარტაპი, რომელიც მსგავს დეკორს გააკეთებდა?

თოიბოქსის იდეა ძალიან სპონტანურად გაჩნდა. რამდენიმე თვის წინ ორივეს ახალ სახლში გადასვლა მოგვიწია, რასაც ინტერიერის დეტალებზე აქტიური დაკვირვება და დაინტერესება მოყვა. ვეძებდით ახალ, საინტერესო ნივთებს, რომლებიც ჩვენს სახლებს განსაკუთრებულად მყუდროს და განსხვავებულს გახდიდა. ამ პროცესში აღმოვაჩინეთ კერამიკული ფილებით დამზადებული ავეჯის ტრენდი, რომელიც ქვეყნის გარეთ უკვე საკმაოდ პოპულარული იყო, თუმცა, ხანგრძლივი ძიების მიუხედავად, საქართველოში მსგავსი პროდუქტი ვერ ვიპოვეთ. ამიტომაც გადავწყვიტეთ შეგვექმნა სტარტაპი, რომელიც ყველას მისცემდა საშუალებას, სახლში ის ფერადი და თბილი დეტალი შეეტანა, რასაც თოიბოქსი წარმოადგენს.

– რას ქმნის თოიბოქსი კონკრეტულად? რას სთავაზობს ის მომხმარებლებს?

თოიბოქსი მიზნად ისახავს შეიქმნას უნიკალური, თანამედროვე და გამორჩეული დიზაინის მქონე ავეჯი ფერადი, კერამიკული ფილებით. მომხმარებლებს კი როგორც ფუნქციური, ასევე დეკორატიული დატვირთვის მქონე პროდუქტს სთავაზობს.

– როგორ ფიქრობთ, როგორი სივრცეებისთვისაა გათვლილი თქვენი პროდუქტი? და ვის შეიძლება მოეწონოს ის?

ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროდუქტი, ძირითადად, თანამედროვე დიზაინის მქონე სივრცეებისთვისაა გათვლილი. თუმცა, მთავარია სწორი ადგილის შერჩევა, რადგან ამგვარი დეტალი ყოველთვის შეიძლება გამოიყენოთ როგორც განსაკუთრებული აქცენტი ინტერიერში. სეგმენტს რაც შეეხება, ვფიქრობთ, რომ ჩევნი ავეჯი თავისუფლად შეიძლება მოერგოს როგორც სახლის, ასევე რესტორნების, კაფეებისა და სასტუმროების ინტერიერებსაც.

– რა ეტაპზეა ამჟამად თოიბოქსი?

თოიბოქსმა საკმაოდ მცირე დროში მოხიბლა მომხმარებელი. ჯერ კიდევ ახალი გამოჩენილები ვიყავით ბაზარზე, როცა გვთხოვდნენ დამატებითი დიზაინების შექმნას. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაცია იყო იმისთვის, რომ დაგვემატებინა ახალი პროდუქტები. ამ ეტაპზე ვმუშაობთ განახლებულ კოლექციაზე და დიდ სიახლეებს ვპირდებით ჩვენს მომხმარებელს.

– სამომავლოდ როგორი გეგმები გაქვთ? სხვა ტიპის პროდუქტის დამატებას ხომ არ გეგმავთ?

რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ გაჩერებას და აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას. ვგეგმავთ, დავამატოთ განსხვავებული ფუნქციისა და დიზაინის მქონე ინტერიერის აქსესუარები. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ გვქონდეს ისეთი სივრცე, სადაც მომხმარებელი შეძლებს ადგილზე მოსვლას და სასურველი ნივთის შერჩევას.

თანამედროვე ტიპის რანჩო ვაშინგტონში

როგორ გარდავქმნათ სამზარეულო ე.წ. მეტროს ფილებით?