Tongass Ledge ალასკას სანაპიროზე მდებარეობს და მეპატრონეებს მიმდებარე ლანდშაფტის თვალწარმტაცი ხედებით უზრუნველყოფს. დატვირთული გრაფიკის მქონე დამკვეთისთვის მნიშვნელოვანი იყო მარტივი ფორმა და პროგრამა, რომელიც უაღრესად მორგებული ინტერიერის საშუალებით არის პერსონალიზებული.
სახლის გეომეტრია განისაზღვრება ორი მაღალი კონსტრუქციით და მათ შორის არსებული დამაკავშირებელი სივრცით. ეს უკანასკნელი სახლის მთავარი შესასვლელის ფუნქციას ასრულებს, ამასთან, კერძო და საჯარო სივრცეებს გარე გემბანთან აკავშირებს.
სახლის დასავლეთ მხარეს საძინებელი და მისაღები ოთახები შენობის ძირითადი სტრუქტურის საზღვრებს სცდება, რაც წყალზე „ცურვის“ ეფექტს ქმნის. იატაკიდან ჭერამდე აღმართული ფანჯრები ყურადღებას ამახვილებს ხედზე და შიდა სივრცეებს გარემოსთან ინტეგრაციის საშუალებას აძლევს.
სახლისთვის განკუთვნილმა ტერიტორიამ პროექტის განხორციელებისას რამდენიმე წინაღობა შექმნა. პროექტის ავტორი არქიტექტურული სტუდია — PBW Architects, როგორც წესი, მშენებლობის დაწყებამდე გარემოზე მინიმალურად ზემოქმედებს, მაგრამ პროცესში მათი ჩართვის დროისთვის გარკვეული ინტერვენციები უკვე განხორციელებული იყო. ბეტონის საყრდენი და მასთან მისასვლელი გზა შექმნილი იყო, რაც სახლის აშენებისთვის შეზღუდულ არეალს ქმნიდა. ამასთან, მშენებლობის პროცესის გახანგრძლივებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კლიმატმა, რადგან, უკიდურესად ქარიშხლიანი ამინდის გამო, მშენებლობა რამდენჯერმე შეჩერდა.
Ledge-ის ინტერიერი, რომელიც ემილი კნუდსენის მიერ არის შექმნილი, ღრმად არის გაჟღენთილი დამკვეთის პიროვნებით. დაუმუშავებელი, ინდუსტრიული არქიტექტურული მასალები ჰარმონიულად ერწყმის დიზაინის უფრო რბილ, დახვეწილ ელემენტებს.
PBW Architects-ისა და ემილი კნუდსენის თანამშრომლობის შედეგია ლამაზად შეხამებული, შეკრული დიზაინი, რომელიც დამკვეთის სურვილებსა და შთაგონებებზეა მორგებული.
პროექტის ავტორი: PBW Architects
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”