in

მიმდინარე წლის 5 მთავარი ტენდენცია ინტერიერის დიზაინში

გაზაფხულის მოახლოება კარგი მიზეზია ინტერიერის შესაცვლელად, მასში ახალი ფერების შესატანად ან ახალი ავეჯის შესაძენად. დიზაინერები ხშირად გვირჩევენ, წელიწადის ამ დროს ახალი იდეებით შთაგონებულებმა ვიზრუნოთ ჩვენს საცხოვრებელში ახალი ხასიათების გასაღვიძებლად. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი ახალი ტენდენცია, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, დღევანდელ სტატიაში 5 მათგანის შესახებ გიამბობთ, რომლებიც 2024 წლის გაზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით პოპულარული.

მიჰყევით ფერებსა და ტექსტურებს, რომლებიც აამაღლებს ნეიტრალურ განწყობებს, დაათბობს ინტერიერს და შექმნის თამამ, ფერად განწყობას. გამოყავით ადგილები მომრგვალებული ფორმებისთვის, შექმენით დახვეწილი და ელეგანტური სივრცეები და არ მოერიდოთ თამამი ფერების შერჩევასა და გადაწყვეტილებების მიღებას.

ვარდისფერი ამ სეზონზეც განსაკუთრებით აქტუალურია

ვარდისფერი უკვე დიდი ხანია ფართოდ გამოიყენება ინტერიერის დიზაინში და აერთიანებს ნეიტრალურ ტონებს, რომლებიც ახლა განსაკუთრებით პოპულარულია. ეს ფერი სახლში თბილ და მიმზიდველ შეგრძნებებს აღვიძებს. 2024 წელს დიზაინერები სწორედ ასეთი თბილი, ნაზი და მსუბუქი ფერების გამოყენებას გვირჩევენ.

თბილი ტონების პოპულარობა წელიწადის ბოლომდე გაგრძელდება. ვარდისფერთან გვირჩევენ ატმისფრის, ტერაკოტას და მსგავსი ტონალობების გამოყენებას, რომლებიც დახვეწილ და ელეგანტურ ჩრდილებს ქმნიან. ისინი მყისიერად ათბობენ სახლს და ახდენენ სივრცის მოდერნიზებას.

შეარჩიეთ თამამი ფერები სამზარეულოს კარადებისთვის

ნაცრისფერი, თეთრი ან ხისფერი კარადები უფრო და უფრო იშვიათად გამოიყენება სამზარეულოს მოწყობისას. ახლა დიზაინერები თამამი ფერების შერჩევას გვირჩევენ. ასეთი ფერებია, მაგალითად, მუქი ლურჯი, მწვანე და სხვა. მსგავსი ტონალობები მარტივად ქმნიან ინდივიდუალურ განწყობას და გამორჩეულ ხასიათს.

მწვანე ფერი ახლა ნეიტრალურ ფერად მიიჩნევა, ყვითელი მყისიერად ათბობს სივრცეს, ხოლო ვარდისფერი ორივე მათგანს განსაკუთრებით უხდება. დიზაინერებისთვის მწვანე ახლა მარტივ და ბუნებრივ ფერად მოიაზრება, დამატებით კი საკმაოდ თამამ და გაბედულ გადაწყვეტილებასაც ნიშნავს. მიჰყევით ექსპერტების რეკომენდაციებს და არ შეგეშინდეთ თქვენი საყვარელი მკვეთრი ფერების გამოყენების, შედეგად თქვენს ხასიათსა და გემოვნებაზე ზუსტად მორგებულ სამზარეულოს მიიღებთ.

შექმენით ტექსტურირებული კედლები

2023 წელს ტექსტურირებული ფერები უკვე გამოვცადეთ, თუმცა ახალ სეზონზე დიზაინერები მათ უფრო თამამად და ხშირად გამოყენებას გვირჩევენ. წელს ჩვენ უნდა ვცადოთ, სახლის კედლები მაქსიმალურად მიმზიდველად და გამორჩეულად ვაქციოთ, რაშიც სწორედ ტექსტურირებული კედლები დაგვეხმარება.

კედლებზე ასეთი ფერების გამოყენებით ვშორდებით სტანდარტულ ნაცრისფერ, მომწვანო, თეთრ და კრემისფერ ფერებს, ვიყენებთ სხვადასხვა მასალას, მაგალითად, ვენეციურ თაბაშირსა და სპეციალურად დამუშავებულ შპალერს, შედეგად კი ბევრად უფრო მრავალფეროვან და ელეგანტურ შედეგს ვიღებთ, რომელიც უნიკალურია და იდეალურად ერგება ნებისმიერი სახის ინტერიერს.

შეიძინეთ მომრგვალებული ფორმის მქონე ავეჯი

მინიმალისტური, მრგვალი ფორმისა და სტილის მქონე ავეჯი დიზაინის ერთ-ერთ მთავარ აქცენტად იქცა, რომლის პოპულარობაც ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. ამ სტილის ავეჯი ქმნის უფრო დახვეწილ ატმოსფეროს და სივრცეს ვიზუალურად ზრდის.

დაიწყეთ პატარა აქსესუარებით და შეუხამეთ ისინი შედარებით დიდ დეტალებს, შეიძინეთ თაღოვანი ფორმის სარკეები, მრგვალი დივნები, სანათები და სხვა.

შეარჩიეთ შესაბამისი ჭერი

ძველად ჭერს მხოლოდ უბრალო, თეთრ აქცენტად მიიჩნევდნენ, რომელსაც ინტერიერის დიზაინში ნაკლები როლი ენიჭებოდა, თუმცა ეს დრო უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ახლა ბაზარზე ჭერის მრავალფეროვან არჩევანს ვხვდებით, შეგვიძლია სხვადასხვა ზომის, ფორმის, ფერისა თუ დიზაინის მოდელის შერჩევა და ინტერიერში დამატება.

ოთახის მნიშვნელოვნად შესაცვლელად შეკიდული, გასაჭიმი ან სხვა სახის ჭერის შერჩევა, ტექსტურირებული დიზაინის შექმნა ან თაბაშირის გამოყენება იდეალური გზაა. შეეცადეთ, ჭერზე ჯერ კიდევ მანამ იფიქროთ, სანამ უშუალოდ რემონტისა და ავეჯის შერჩევის ეტაპზე გადახვალთ, ასე თქვენი სივრცე იქნება ბევრად უფრო შეკრული, მთლიანი და ექნება ჰარმონიული სახე.

რუბრიკის წარმდგენია დეველოპერული კომპანია ბლოქსი 

ეკლექტური სახლი ქალაქგარეთ — რუსუდან ლაშხის პროექტი

ალვარო და აანო აალტოების სახლი ჰელსინკიში, რომლის დიზაინი ათწლეულებს უძლებს