„არცერთ ოთახს არ შეიძლება ეწოდოს სრულყოფილი, თუ მას ნამდვილი კომფორტი არ გააჩნია“ — აცხადებს დოროთი დრეიპერი, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინტერიერის დიზაინერი. დღეს კი სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ და განვიხილავთ ფაქტორებს, რომლებიც ჭეშმარიტად კომფორტული სივრცის შექმნაში დაგეხმარებათ.
შესაბამისობა!
„კომფორტული ოთახის შექმნის გასაღები დაგეგმვა და გულწრფელობაა. ვიწყებ ატმოსფეროსა და ხასიათის ფორმულირებით — როგორ გამოიყენებთ ოთახს, როგორ გსურთ იგრძნოთ თავი მასში და რა გინდათ, რომ მან თქვენს შესახებ თქვას?“ — ამბობს ემა ბერნსი — Sibyl Colefax & John Fowler-ის დირექტორი. დოროთი დრეიპერი კი გვეუბნება: „დააპროექტეთ თქვენი ოთახი იმ ადამიანებისთვის, ვინც მასში ცხოვრობს“. ერთი სივრცე შეიძლება შესანიშნავად შეესაბამებოდეს ახალგაზრდა ქალს, მაგრამ ოჯახისთვის სრულიად შეუფერებელი იყოს. ამიტომ მთავარია არა სახლი, არამედ ის, თუ ვინ ცხოვრობს იქ.
დაგეგმარება
ემა ბერნსი ამბობს, რომ ის მუდამ გეგმარებით იწყებს. იგი განსაზღვრავს, თუ სად უნდა განთავსდეს ავეჯი, ჩამრთველები, დენცქვიტები და ა. შ. ემა სვამს ისეთ შეკითხვებს, როგორიცაა: შეგიძლიათ სავარძელში წიგნი კომფორტულად წაიკითხოთ? შეგიძლიათ განათება საწოლიდან ადგომის გარეშე გამორთოთ? და ა. შ. სივრცე ფუნქციურად გამართული უნდა იყოს, რათა მასში კომფორტულად ცხოვრება შეძლოთ.
სკამები და დივნები
„კომფორტი იწყება იმით, რაზეც სხედხართ“ — ამბობს ინტერიერის დიზაინერი — ვერე გრენი. სკამებისა და დივნების შერჩევისას შეცდომის დაშვება ძალიან ადვილია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ ფიზიკურად ნახვის გარეშე შეიძენთ. რასაკვირველია, სხვა ვერ გეტყვით, როგორი უნდა იყოს თქვენი ოჯახის ცხოვრების წესი და მისი საჭიროებები, ასევე ვერც იმას განგისაზღვრავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი უნდა იყოს თითოეული თქვენგანისთვის ესთეტიკა. ეს საკითხები თავად უნდა გაიაზროთ. საუკეთესო საშუალება იმის გასარკვევად, თუ რა მოგწონთ და რა გსურთ, არის მრავალი სხვადასხვა ვარიანტის დათვალიერება, შემდეგ კი მათი რეალურ ცხოვრებაში გამოცდა.
ტექსტილი
XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე მწერალი და დიზაინერი — ედიტ ვარტონი მიიჩნევდა, რომ რაც უფრო ნაკლები ფერია გამოყენებული ოთახში, მით უფრო სასიამოვნო და სიმშვიდის მომგვრელია შედეგი. გარდა ამისა, მისი რჩევა ფარდებისა და სკამების გადასაკრავებისთვის ერთი და იმავე მასალების გამოყენებაში მდგომარეობდა, რაც, მისი აზრით, ერთიანობის ეფექტს ქმნის.
თუ მინიმალიზმის მოყვარული არ ხართ, ედიტ ვარტონის მოსაზრების მკაცრად გათვალისწინება აუცილებელი არ არის. დღესდღეობით ბაზარზე საკმაოდ დიდი არჩევანია და შეგიძლიათ მრავალი სხვადასხვა ვარიანტი მოსინჯოთ, თუმცა მთავარია, შედეგი ამ შემთხვევაშიც სიმშვიდის მომგვრელი იყოს.
განათება და ავეჯი
ჰენრიეტ ფონ შტოკჰაუსენი — VSP Interiors-ის კრეატიული დირექტორი ამბობს, რომ განათება რბილი და მბზინავი უნდა იყოს. რაც შეეხება ავეჯს, არქიტექტორი — უილიამ სმოლი მიიჩნევს, რომ სივრცეებს ზედმეტი ნივთები არაკომფორტულს ხდის. აუცილებელია, რომ თვალი თავისუფალი სივრცით იყოს უზრუნველყოფილი.
და ბოლოს, ზედმეტი მცდელობა საჭირო არ არის. ემა ბერნსი აღნიშნავს: „ყველაზე წარუმატებელი და ნაკლებად კომფორტული გამოდის ის ოთახები, რომლებშიც ყველაფერი ზედმეტად სრულყოფილია. ნაკლებად იდარდეთ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება თქვენი ოთახი ინსტაგრამზე და ფოკუსირდით იმ გრძნობებზე, რომლებსაც ის თქვენში აღძრავს“.