in

5 წიგნი არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის — „Wohnung architects“-ის რეკომენდაცია

დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ სტუდია „Wohnung architects“-ის დამფუძნებლების — ეკატერინე ჩხეიძისა და სალომე სიხარულიძის რჩევებს იმ წიგნებთან დაკავშირებით, რომლებიც არქიტექტურასა და დიზაინს შეეხება და დაეხმარება როგორც დარგის წარმომადგენელს პროფესიის შეცნობაში, ასევე ზოგადად ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს, რომელთაც არქიტექტურის უკეთ გაცნობა და დიზაინთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციის მიღება სურთ.

1. „Thinking Architecture“ – Peter zumthor 

Peter zumthor-ის წიგნი გახლავთ მნიშვნელოვანი ნაშრომი არქიტექტურის თეორიული და პრაქტიკული ნაწილის შესახებ, სადაც თავმოყრილია ავტორის ლექციები და ესეები. როგორც ჩვენი რესპონდენტები გვიხსნიან, ტექსტში Peter zumthor აღწერს საკუთარ ხედვას არქიტექტურის ფილოსოფიაზე, მის მიდგომებზე და ამ სფეროს განიხილავს არა მხოლოდ ფორმის, მოცულობის, ფასადისა და ესთეტიკის თვალსაზრისით, არამედ ყურადღებას არქიტექტურის შინაარსზე ამახვილებს და მას ემოციების დონეზე აანალიზებს — თუ რამხელა გავლენა აქვს არქიტექტურას ადამიანზე და როგორ შეუძლია მასში სხვადასხვა შეგრძნებისა თუ მოგონების გაცოცხლება.

„ავტორი საუბრობს ბუნებრივ და ხელოვნურ მასალებზე, მათ თვისებებზე, განათებაზე, როგორც მთავარ ინსტრუმენტზე, რომელიც ძალინ ბევრ რამეს ცვლის. ის ყურადღებას ამახვილებს შენობისა და გარემოს ურთიერთობაზე. ეს წიგნი გვიამბობს არქიტექტურაზე და გამოხატავს მის სინატიფეს. ასევე ტექსტი გვახსენებს არქიტექტურის, როგორც ხელოვნების მნიშვნელობას, სწორ აქცენტებზე გვამახვილებინებს ყურადღებას. ავტორი საუბრობს არქიტექტორის ფუნქციაზეც, რომელიც ერთდროულად ხელოსანი და პოეტი უნდა იყოს. ვფიქრობთ, „Thinking Architecture“ -ის წაკითხვა ძალიან სასარგებლოა არქიტექტორებისთვის, რადგან ის გვაჩერებს სტრესულ გარემოში, გვაფიქრებს თუ რას ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ, რისთვის ან ვისთვის ვქმნით ამ ყველაფერს“, — „Wohnung architects“.

2. „ პირველწყარო“- აინ რენდი  

ჩვენი რესპონდენტები არქიტექტურის სტუდენტებს ურჩევენ აინ რენდის „პირველწყაროს“ წაკითხვას, რადგან მათი თქმით, წიგნში არქიტექტურის გარდამტეხი პერიოდია აღწერილი, ცვლილებების ეპოქა, რამაც ეს სფერო სრულიად შეცვალა. ამასთანავე, ტექსტში კარგად იგრძნობა საზოგადოების დამოკიდებულება სიახლეებისადმი და მისი წინააღმდეგობა არსებული რეალობის მიმართ.

„წიგნი მოგვითხრობს ორ მთავარ პერსონაჟზე, ერთი პროფესიის მეგობრებზე, რომლებიც განსხვავებულ გზებს ირჩევენ, რაც ამ პროფესიის სხვადასხვა მხარეს გვანახებს. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი არ არის არქიტექტორი, მეტ-ნაკლებად მაინც ცდილობს ჩაგვახედოს არქიტექტურის შიდა სამზარეულოში. თუმცა, აქ უფრო მნიშვნელოვანი ჰოვარდ რორკის პერსონა და მისი თვისებებია, რაც ზოგადად ხელოვანისათვის მნიშვნელოვანია, რათა გიყვარდეს  შენი საქმე და გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ. ეს გიჟური ჟინი, თავდადება და საქმისადმი რწმენა ბევრისთვის მოტივაციის წყაროც შეიძლება გახდეს. ამიტომ ვფიქრობთ, ეს ტექსტი კარგი წიგნია დამწყები არქიტექტორებისთვის, რომ კარგად გაიაზრონ საკუთარი პროფესია, მისი არსი, მეტად შეუყვარდეთ ის ან პირიქით, თავი დაანებონ და საქმიანობა შეცვალონ“.

3. „Design 20 century“ – Tashcen

„Design 20 century“ — აღწერს მე-20 საუკუნის დიზაინის ისტორიას და მოგვითხრობს გარდამტეხი მოვლენებისა და მიმდინარეობების შესახებ. ტექსტში თავმოყრილია მნიშვნელოვანი დიზაინერების ნამუშევრები, ბიოგრაფიული ცნობები, დიზაინის განსხვავებული სტილები და მათი განვითარების ისტორია.

„არქიტექტორებისთვის აუცილებელია დიზაინის ისტორიის ცოდნა, რადგან ყველა მნიშვნელოვანი ავეჯი თუ ნივთი კონკრეტული ინტერიერისთვის ან ობიექტისთვის არქიტექტორების მიერ იქმნებოდა. დღეს ისინი ცალკეული დიზაინის ნიმუშებს წარმოადგენს და დამოუკიდებლად განაგრძობს არსებობას, უძლებს დროს და წლების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას. ეს წიგნი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთ-ერთი პირველი მრავლისმომცველი ტექსტია დიზაინის ისტორიაზე და დღემდე შთაგონების წყაროა ბევრისთვის“, — აღნიშნავენ ეკატერინე და სალომე.

4.„მოდულორი“ — ლე კორბუზიე 

„მოდულორი“ ცნობილ არქიტექტორ ლე კორბუზიეს ეკუთვნის და აღწერს ადამიანის სხეულის ზომების, ოქროს კვეთის სისტემას და მის გამოყენებას შენობების, ავეჯისა და ინტერიერის დიზაინში. „მოდულორი“ წარმოადგენს მნიშვნელოვან კონცეფციას მოდერნისტულ არქიტექტურასა და დიზაინში, რომელიც ცდილობს შექმნას ადამიანის სხეულის პროპორციებზე მორგებული უნივერსალური დიზაინის სისტემა.

„ლე კორბუზიემ Modulor შეიმუშავა 1943 წელს. ეს არის კვლევა იმისა, თუ რა სჭირდება ადამიანს, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი საცხოვრისში. მას ჰქონდა იდეა, საცხოვრებელი ერთეულის დაპროექტებისას, მეტრული სისტემის ნაცვლად, ზომის ერთეულად ადამიანის სხეულის პროპორციები გამოეყენებინა და მაქსიმალური ჰარმონია შეექმნა ადამიანსა და მის საცხოვრებელ გარემოს შორის. ლე კორბუზიეს საცხოვრებელი ერთეულის მოდელი მისივე დიზაინის ავეჯით, ნივთებით, ორმხრივი განათებითა და განიავებით, ორ სართულზე განლაგებულ საკმაოდ კომპაქტურ ბინებს წარმოადგენდა. ის ასევე ე.წ. სტუდიოს ტიპის ბინის შემქმნელად შეგვიძლია მივიჩნიოთ. „მოდულორის“ წაკითხვა  ნამდვილად არ არის მარტივი, მაგრამ  მნიშვნელოვანი და მრავლისმომცემია არქიტექტორებისა თუ დიზაინერებისთვის“.

5. „სოციალისტური საქართველოს შენება“ — ნინი ფალავანდიშვილი, ირინა ქურთიშვილი

„სოციალისტური საქართველოს შენება“ აღწერს 1920-1980-იანი წლების საქართველოს არქიტექტურის ისტორიაში არსებულ ნაკლებად ცნობილ ამბებს. ის არ ამახვილებს ყურადღებას ცნობილ არქიტექტურულ ობიექტებზე, არამედ აქცენტს უცნობ არქიტექტურულ მოვლენებზე აკეთებს და მათ პოლიტიკური და გეოგრაფიული კონტექსტით წარმოაჩენს.

„ძალიან გულდასაწყვეტია, რომ საბჭოთა პერიოდის არქიტექტურას საქართველოში არც თუ დიდი დაფასება აქვს და არ იმსახურებს განსაკუთრებულ ინტერესს საზოგადოების მხრიდან. ჩვენ თვალწინ ნადგურდება უნიკალური ძეგლები, როგორიცაა მაგალითად, უნივერმაღის შენობა, რომელიც საინტერესო არქიტექტურას მიეკუთვნებოდა. ამასთანავე, მწირია ის ინფორმაცია და მასალები, რომლებიც  საბჭოთა პერიოდის ქართულ არქიტექტურაზე მოგვითხრობს, ამიტომ ამ წიგნის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დიდი ინფორმაცია მოიპოვება „არტ ნუვო“-სა და 20-ე  საუკუნის ადრეულ არქიტექტურაზე, მაგრამ საბჭოთა პერიოდის არაერთი შენობა, თბილისსა თუ სხვა რეგიონებში, საზოგადოებისთვის უცნობია. ამ წიგნში სწორედ ასეთი უცნობი ობიექტებია თავმოყრილი. ამიტომ ვთვლით, რომ ეს ნაშრომი ნებისმიერი ქართველი არქიტექტორის სამაგიდო წიგნი უნდა იყოს“, — „Wohnung architects“.

ავტორი: მეკო მეტრეველი

3 ბლენდერი, რომლებსაც ველიზე ნებისმიერი ბიუჯეტით შეიძენ

„პალაცანი” — იტალიური სანტექნიკის გამორჩეული ბრენდი ქართულ ბაზარზე