in

Studio 9-ის რესტორანი “წისქვილის” პროექტი მის ვან დერ როეს არქიტექტურული პრიზის ნომინანტია

Alliance Group
Alliance Group

ევროკავშირის მის ვან დერ როეს სახელობის პრესტიჟული არქიტექტურული კონკურსის ნომინანტად წარდგენილი რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“, რომლის პროექტიც ქართულ არქიტექტურულ სტუდია „Studio 9”-ს ეკუთვნის, მდებარეობს ქალაქ თბილისში, აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე. შენობა მდინარე მტკვრის სანაპიროზე, 4825 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზეა განთავსებული. კომპლექსის მშენებლობა 2002  წელს დაიწყო და 2020 წლის თებერვალში დასრულდა. აღსანიშნავია, რომ დეტალი, რაც „წისქვილს“ უნიკალურს ხდის, ისაა, რომ  რესტორანი მდინარე მტკვრის სანაპიროზე რეალურად არსებული წყლის მინი წისქვილის ტერიტორიაზეა აგებული.

“წისქვილის” ლუდის მოედნის შესასვლელი

პროექტის ავტორის, მამუკა ჩხაიძის, შემოქმედებითი ინსპირაციის საფუძველი გახდა სანაპიროს მიმზიდველი ლანდშაფტი,  მოქმედი წისქვილი და მდინარეში ვარდნილი საკმაოდ წყალუხვი ჩანჩქერი.

“წისქვილის” პროექტის ავტორი მამუკა ჩხაიძე

პროექტის მიზანი იყო ამ მიმზიდველ ადგილას, მდინარის სანაპიროზე, ლანდშაფტში მინიმალური ჩარევით, მდინარის გასწვრივ საკმაოდ მოზრდილ მონაკვეთზე შეფენილიყო  დასვენების, გართობისა და საზოგადოებრივი კვების  მრავალფუნქციური კომპლექსი – ეთნო მუზეუმ-რესტორანი. კომპლექსი თანამიმდევრულად ვითარდებოდა წლების განმავლობაში და ის ძალზე პოპულარული გახდა როგორც ქალაქის მოსახლეობაში, ასევე ტურისტებს შორის.

“წისქვილის” ღვინის ეზო

პროექტის არქიტექტურული გადაწყვეტის ღერძად იქცა საპროექტო ტერიტორიაზე მდებარე ჩანჩქერი და ერთ დიდ სივრცედ დაპროექტებული გამწვანებული შიდა ეზო, რომელიც კრავს და აერთიანებს პატარა დასახლების ტიპის სხვადასხვა ნაგებობებს:   ლუდის მოედანსა და დარბაზს,  ღვინის ეზოსა და დარბაზს, ეთნო დარბაზს, წისქვილს წყალზე, მხატვრის სახელოსნო-რესტორანს, მწვადის სახლს, პურის სახლს, მარანს.

“წისქვილის” ლუდის მოედანი

რეალურად მუზეუმ-რესტორანი არის ერთგვარი არქიტექტურის ენით გადმოცემული ისტორიისა და თანამედროვეობის ნაზავი. პროექტის კონცეფციაში ჩადებულია არქიტექტურული გადაწყვეტის კომპლექსურობა: ლანდშაფტის, ექსტერიერის, ინტერიერისა და შიდა ეზოს ერთიან სივრცედ წარმოდგენა, მისი ერთიანი აღქმა. არქიტექტორის ამ მიდგომით ექსტერიერიდან აღიქმება ინტერიერი და პირიქით. მუზეუმ-რესტორანში  ტრადიციული და თანამედროვე მასალების მონაცვლეობით და კომპლექსის თითოეული დეტალით განხორციელებულია ზემოთ ხსენებული არქიტექტურული იდეა.

“წისქვილის” ღვინის ეზოს ინტერიერი

საპროექტო ლოკაციის სირთულიდან გამომდინარე ავტორის მიზანი იყო იერსახის, მასშტაბის, პროპორციის, სტრუქტურის ზუსტი გააზრებითა და ბალანსით, არქიტექტურისა და ლანდშაფტის  შეთანხმებით, ასევე ძველისა და ახლის შერწყმით შექმნილიყო მუზეუმ-რესტორანი, რომელიც გახდებოდა არამარტო კვების თანამედროვე ობიექტი, არამედ ქალაქის ერთ-ერთი საინტერესო ადგილი, ერთგვარი ტურისტული ცენტრი.

მტკვრის ხედი “წისქვილიდან”

რესტორანი „წისქვილი“ ქუჩის გასწვრივ გაშლილი ფასადით, ეგზოტიკური კარიბჭით, ერთგვარ ზღუდესა და კონტრასტს ქმნის ქუჩის მიღმა მდებარე ქალაქის რეალობასა და საკუთარ ცალკე სამყაროს შორის, რომელიც მას ქალაქის გამორჩეულ არქიტექტურულ ობიექტად აქცევს.

მუზეუმ-რესტორნის მშენებლობაში გამოყენებულია ტრადიციული მასალები – აგური, კრამიტი, ქვა, ხე. ყველა მასალა მოძიებული იქნა რეალურად ძველ შენობებზე გამოყენებული მასალებიდან და მათ შენარჩუნებული აქვთ თავდაპირველი ვიზუალი, სიძველის ეფექტი და კოლორიტული იერსახე. აღნიშნული მასალებითვეა აგებული კონსტრუქციული ელემენტები – კოჭები, ჭერი, გადახურვა.  გამოყენებული ძველი მასალები შეხამებულია ახალ, თანამედროვე მასალებთან, რომელთა შორისაა ლითონი, მინა, მოსაპირკეთებელი დეტალები, საინჟინრო ინფრასტრუქტურა. ახალი მასალები ქმნის თანამედროვე კონსტრუქციულ ნაწილსაც: ლითონის ფერმები, ტრანსფორმირებადი სახურავი, მასშტაბური ვიტრაჟები.

ძველი შენობის ახალი სიცოცხლე — N1 პურის ქარხანაში Adjarabet-ის მაღალტექნოლოგიური საერთო სამუშაო სივრცე გაიხსნა

10 სასაჩუქრე იდეა სიყვარულის დღისთვის Homeis.ge-გან