in

წყლის ფილტრი – ყველაფერი, რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ

სუფთა წყალი ჯანსაღი და სრულფასოვანი ცხოვრების აუცილებელი კომპონენტია. სუფთა წყალი არა მარტო სასმელად და საკვების მოსამზადებლად, არამედ  ცენტრალური გათბობისთვის და საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის აუცილებელია, რადგან დაბინძურებული წყალი, ჯანმრთელობასთან ერთად, მასაც აზიანებს. ამ შემთხვევაში გამოსავალი წყლის ფილტრებია, რომლებიც სასმელ წყალსაც წმენდს და გათბობის სისტემასა და ტექნიკასაც იცავს დაზიანებისგან.

რა უპირატესობა გააჩნია წყლის ფილტრს?

წყალს წმენდს მავნე ნივთიერებებისგან – ფილტრი ონკანის წყალს წმენდს ისეთი მავნე ნივთიერებებისგან, როგორებიცაა: ტყვია, პესტიციდები, ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური ნაერთები და ა. შ.

იცავს თქვენს ჯანმრთელობას – ფილტრი არ ატარებს ვირუსებსა და ბაქტერიებს, რომლებიც სხვადასხვა დაავადების (ქოლერა, დიარეა, დიზენტერია) გამომწვევი მიზეზია. ამავე დროს, ის წყალს იცავს ნადების წარმომქმნელი ისეთი ელემენტებისგან, როგორებიცაა: ნატრიუმი, კალიუმი, ქლორიდები და ტყვია.

აუმჯობესებს წყლის გემოსა და სუნს – ფილტრის მეშვეობით წყალი სასიამოვნო სუნსა და გემოს იძენს, რადგან იწმინდება უსიამოვნო სუნისა და გემოს გამომწვევი ქლორისა და სულფიდებისგან.

წყლის ფილტრის სახეობები და მათი ფასები

თანამედროვე ბაზარზე წყლის ფილტრების არაერთ სახეობას ვხვდებით, რომლებიც ერთმანეთისგან ფასითა და ფუნქციით განსხვავდება. საკითხის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად კომპანია „აქვაშენს“ მივმართეთ, რომელიც მომხმარებელს წყლის წმენდისა და ფილტრაციის სხვადასხვა სისტემას სთავაზობს.

დარგის სპეციალისტი გვიხსნის, რომ წყლის ფილტრები ორ ძირითად კატეგორიად იყოფა. პირველი უშუალოდ ერთ წერტილზე, ნიჟარის ქვეშ მონტაჟდება და მას ფილტრაციის სისტემა ეწოდება, მეორე კი ცენტრალურ მილზე თავსდება. მას ძირითადად კერძო სახლებში იყენებენ, რადგან ბინაში, ცენტრალურ მილზე, მსგავსი ფილტრის მონტაჟი ვერ ხერხდება.

„ფილტრაციის სისტემები რამდენიმე ფილტრისგან შედგება და კომპლექსურად ფილტრავს წყალს. ის ნებისმიერი ტიპის სივრცეში, ნიჟარის ქვეშ მონტაჟდება. მსგავსი ფილტრები ცენტრალურ მილზე ვერ თავსდება, რადგან საკმარისი გამტარობა არ აქვს და მხოლოდ ონკანის წყალს ფილტრავს“, – აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

ჩვენი რესპონდენტი გვიხსნის, რომ ნიჟარის ქვეშ დასამონტაჟებელი წყლის ფილტრაციის სისტემები რამდენიმე სახეობად იყოფა.

3-ეტაპიანი ფილტრი სამი ფილტრისგან შედგება. პირველი წყალს ფილტრავს ქვიშისა და უხეში მინარევებისგან. მეორე ეტაპზე, საგანგებო კარტრიჯი წყლის სიხისტესა და რკინის კონცენტრაციას (რკინა, ჟანგი, მეტალები) ამცირებს. მესამე ფილტრი კი, რომელიც წყალს ქლორისგან, ორგანული მინარევებისა და პესტიციდებისგან წმენდს, აუმჯობესებს მის გემოსა და სუნს და ანტიბაქტერიული თვისების წყალობით, ბაქტერიების წარმოქმნის პროცესს აფერხებს. 3-ეტაპიანი ფილტრის მონტაჟი რეკომენდებულია ნიჟარის ქვეშ. ფილტრს მოჰყვება დამატებითი ონკანი, რომელშიც გაფილტრული წყალი გამოედინება. მსგავსი მოდელის ფასი, საშუალოდ, 260 ლარია. მას 6 თვეში ერთხელ ფილტრში არსებული კარტრიჯების გამოცვლა სჭირდება.

ულტრაფილტრაციის სისტემა – ულტრაფილტრაციის მოდელები, თავის მხრივ, ფილტრების რაოდენობით განსხვავდება. არსებობს ულტრაფილტრაციის 4-ეტაპიანი და 5-ეტაპიანი სისტემები (ეტაპები ფილტრების რაოდენობას მიუთითებს). ულტრაფილტრაციის სისტემა 3-ეტაპიანი ფილტრის მსგავს ფუნქციებს ასრულებს, თუმცა, დამატებით შეიცავს საგანგებო ულტრაფილტრაციის მემბრანას, რომელიც 0,01 მიკრონის დონეზე წმენდს წყალს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ფორები ბაქტერიებისა და ვირუსების ზომაზე წვრილია, რის გამოც ისინი გაფილტრულ წყალში ვერ ხვდება. ამასთან, საგანგებო ტექნოლოგიის წყალობით, წყალს უნარჩუნებს სასარგებლო მინერალებს. ასეთი ფილტრის ფასი, საშუალოდ, 340 ლარია. იგი მონტაჟდება ნიჟარის ქვეშ და 6 თვეში ერთხელ კარტრიჯების გამოცვლა სჭირდება.

ექსპერტი გვიხსნის, რომ არსებობს ზემოჩამოთვლილი სისტემების მსგავსი, შედარებით მცირე ზომის წყლის ფილტრებიც ისეთი შემთხვევებისთვის, როცა ნიჟარის ქვემოთ საკმარისი ადგილი არ არის. ასეთი მოდელები სტანდარტულ ფუნქციებს ასრულებს და, ამასთან ერთად, დახვეწილი დიზაინითაც გამოირჩევა. ამის წყალობით, მათი მონტაჟი კედელზე, ხილულ ადგილასაც შეიძლება. ასეთი ფილტრები შედარებით ძვირია. მაგალითად, პატარა მოდელის საშუალო ფასი  400 ლარია.

უკუოსმოსის ფილტრი – პირველი სამი კარტრიჯი წყალს აშორებს მავნე ნივთიერებებს – ქვიშას, ორგანულ ნაერთებს, რკინას, ჟანგს, მეტალებს, ქლორსა და პესტიციდებს; მეოთხე ეტაპზე წყალი 0,0001 მიკრონის დონეზე იწმინდება ბაქტერიებისგან, ვირუსებისა და ყველანაირი მინერალისგან. შედეგად, წყალში მხოლოდ წყლის მოლეკულა ეტევა. მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ეტაპებზე მონტაჟდება მინერალიზაციის კარტრიჯები, რომლებიც გამოხდილ წყალს სასიამოვნო გემოსა და სუნს სძენს. ასეთი ფილტრის ფასი 600 ლარიდან იწყება და კარტრიჯების რაოდენობაზეა დამოკიდებული: რაც უფრო უფრო მეტი კარტრიჯი აქვს მოდელს, მით უფრო ძვირია. პირველი სამი კარტრიჯი 6 თვეში ერთხელ იცვლება, უკუოსმოსის საგანგებო მემბრანა კი – ორწელიწად-ნახევარში ერთხელ.

ჩვენი რესპონდენტი გვიხსნის: „მონტაჟის დროს გასათვალისწინებელია, რომ მსგავს ფილტრებს მოჰყვება ცალკე ონკანი, რომელიც გაფილტრულ წყალს ატარებს. თუ მომხმარებელს არ სურს ორი ონკანის გამოყენება, არსებობს საგანგებო, სამ-გამტარიანი ონკანები, რომლებიც პირდაპირ უერთდება გაფილტრული წყალს და ორი ონკანის საჭიროებას გამორიცხავს“.

წერტილოვანი ფილტრაცია ასევე მოიცავს წყლის დოქებისა და ბოთლებს. მისი უპირატესობაა ისაა, რომ პორტატიულია, არ სჭირდება მონტაჟი და გადასაადგილებლად მარტივია. მსგავსი ფილტრები წყალს წმენდს ქლორისგან, მძიმე მეტალებისა და მავნე ნივთიერებებისგან. დოქების საშუალო ფასი 62-135 ლარია, ბოთლებისა კი – 33-55 ლარი.

რაც შეეხება მეორე ფილტრაციის ტიპს, ის უშუალოდ ცენტრალურ მილზე მონტაჟდება და სახლისთვის საჭირო წყალს მთლიანად ფილტრავს. ჩვენი რესპონდენტი გვირჩევს, ამ კატეგორიიდან თავდაპირველად უხეში ფილტრაცია დავამონტაჟოთ

„კერძო სახლში, ჭის/ჭაბურღილის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია უხეში ფილტრაციის დაყენება, რადგან, უმეტესად, წყალი ბაქტერიებითა და ვირუსებითაა დაბინძურებული. უხეში ფილტრაცია ცენტრალურ მილზე მონტაჟდება. ის წყალს ქვიშასა და მავნე ნივთიერებებს აშორებს. ამ მოწყობილობის ფასი 55 ლარია, რაც ნამდვილად არ არის ძვირი და სასურველია, ყველა სახლში განთავსდეს. თუ წყალი ძლიერადაა დაბინძურებული, უმჯობესია, ორი აპარატი დამონტაჟდეს. მოდელის კარტრიჯი 8 ლარი ღირს და 6 თვეში ერთხელ სჭირდება შეცვლა. ამის შემდეგ ცენტრალურ მილზე უნდა განთავსდეს დამარბილებელი ფილტრი. წყალს სიხისტე ახასიათებს, რაც ნადებს წარმოქმნის. ნადები ტექნიკას აფუჭებს და ადამიანის სხეულის სიჯანსაღეზეც უარყოფითად მოქმედებს. დამარბილებელი ფილტრი წყალს არბილებს, აქრობს სიხისტეს და, შესაბამისად, ნადებსაც. ფილტრის ფასი ზომაზეა დამოკიდებული. ყველაზე მცირე მოცულობის მოდელი 4-ლიტრიანია, პროდუქტის ფასი კი1400 ლარიდან იწყება. დამარბილებელი ფილტრი, თუ რეგულარულად ირეცხება ტექნიკური მარილით, 7 წლის განმავლობაში უპრობლემოდ მოგემსახურებათ“, – აღნიშნავენ „აქვაშენში“.

მონტაჟის სპეციფიკა

წერტილოვანი ფილტრების მონტაჟის ღირებულება ქალაქის მასშტაბით 80 ლარია. თუ მომხმარებელი თავად გადაწყვეტს მონტაჟს, კომპანია შესაბამის კონსულტაციას უწევს. ფილტრაციის სისტემები მარტივად დასამონტაჟებელია (საშუალოდ, 40 წუთი სჭირდება) – მხოლოდ ნიჟარის ან სამზარეულოს ზედაპირის გახვრეტაა საჭირო (სამგამტარიანი ონკანის შემთხვევაში ესეც არ არის აუცილებელი). რაც შეეხება ცენტრალურ მილზე ფილტრის მონტაჟს, მისი ფასი ინდივიდუალურად გამოითვლება.

არსებობს წყლის ფილტრების განსხვავებული სისტემები. ზოგიერთი წყლის მთელ სისტემას წმენდს და ცენტრალურ მილზე მონტაჟდება, სხვები კი ნიჟარის ქვეშ თავსდება და ონკანის წყალს ფილტრავს მავნე ნივთიერებებისგან. ბინაში ცენტრალური მილის ფილტრს ვერ დაამონტაჟებთ, ამიტომ გამოსავალი ფილტრაციის სისტემებია, რომლებიც ერთმანეთისგან ფუნქციებითა და ფასით განსხვავდება.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

შთამაგონებელი იდეები ორ ტონში გადაწყვეტილი სამზარეულოს კარადების შესაქმნელად

სააბაზანო ოთახის გეგმარების ძირითადი პრინციპები – ნინო გოგილიძის რჩევები