არქიტექტორზე ბევრი რამის თქმა შეიძლება იმის მიხედვით, თუ სად არის მისი ოფისი განთავსებული. ცნობილ არქიტექტორს ნორმან ფოსტერს ოფისი შუშის ყუთში აქვს ლონდონის ცენტრში, ჟან ნუველს პარიზთან ძალიან ახლოს აქვს ატელიე, ფრენკ გერი სანტა მონიკაში მდებარე თანამედროვედ გადაკეთებული საწყობის შენობიდან მუშობს. პიტერ ცუმტორის ოფისი შვეიცარიაში, ჰალდენშტეინში, ხის ბეღელში მდებარეობს. ეს დასახლება ჯამში 700 მაცხოვრებლისგან შედგება და იმდენად ღრმად არის ჩაფლული მთებში, რომ ციურიხიდან იქ მისვლას მთელი დღე და კარგი ამინდი სჭირდება. ოფისში დიდი როიალი დგას და სტუდიის ფანჯრები ხეხილის ხეობებს გადაჰყურებს. არ არის გასაკვირი, რომ მსოფლიოს დრო დასჭირდა, რომ ამ არქიტექტორისთვის სათანადოდ მოესმინა. მიუხედავად იმისა, რომ ცუმტორის ცხოვრების სტილი არანაირად არ არის ბოჰემური და მდიდრული, 58 წლის ასაკში დღეს იგი ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო წევრია.
“იმისათვის რომ ისეთი შენობები შევქმნათ რომლებსაც ექნება კავშირი ცხოვრებასთან, დიზაინის პროცესი ფორმასა და კონსტრუქციას უნდა გასცდეს” – პიტერ ცუმტორის ეს გამოთქმა მის ამ პროექტს კარგად ახასიათებს, რადგან საკმაოდ მარტივ ფორმაში ძალიან მისტიური, დამაფიქრებელი შენობაა წარმოდგენილი. პროექტი, რომელიც 2007 წელს დამთავრდა ცნობილია ძალიან საინტერესო მასალის გამოყენებით, შენობის შიგნით 112 ხის დაწვის შედეგად კედლები გამომწვარია, და კიდევ უფრო მაგიურ შთაბეჭდილებას ტოვებს. სამლოცველოში ასევე ძალიან ოსტატური მანიპულაციებია ღიობების და შუქის შეღწევის კუთხით.
Shelters for Roman Archaeological Site, Chur
პროექტი არის ორი რომაული ნაგებობის საძირკვლების ნარჩენებზე აგებული და მოიცავს ასევე მესამე არექოლოგიურ შენობას, რომლის მხოლოდ ერთი კუთხე ჩანს. ეს არის რომაული მოცულობის ძალიან აბსტრაქტული რეკონსტრუქცია, კედლები მსუბუქი ხის ჩარჩოსია, რომელიც შენობას მეტ გამჭვირვალობას სძენს და ჰაერს ატარებს. ინტერიერიც თავიდან ბოლომდე ნაგებობის ისტორიის შესაბამისად არის მოწყობილი.
ეს არის ცუმტორის 1996 წელს დასრულებული პროექტი თერმში, შვეიცარიაში. შენობა დგას გრაუბუნდენის კანტონის ერთადერთ თერმულ წყაროებზე, ეს არის სასტუმრო და სპა და იდეა იყო შექმნილიყო მღვიმის გამოცდილება. შენობა ნახევრად მთის კალთაშია ჩაფლული და აგებულია ადგილობრივი კვარციტის ფილებით.
შვეიცარელი არქიტექტორი 1943 წელს დაიბადა ბეიზელში, ავეჯის მწარმოებლების ოჯახში და თავადაც ამ საქმით იყო დაკავებული სანამ არქიტექტურით დაინტერესდებოდა. 1966 წელს დაამთავრა ნიუ იორკში პრატის ინსტიტუტი, 1979 წელს კი უკვე თავისი სტუდია დაარსა ჰალდენშტეინში. მისი შემოქმედება ცნობილია როგორც სუფთა ფორმების მქონე მკაცრი შენობები, რომლებსაც როგორც მარადიულ, პოეტურ ნაგებობებს ისე ახასიათებენ. მან წლების განმავლობაში მიზანმიმართულად შეინარჩუნა პატარა ოფისი, რადგან საშუალება ჰქონოდა პროექტის დაგეგმვისა და მშენებლობის ყველა დეტალში ჩართული ყოფილიყო. მისი შენობები არც ისე ბევრია, რაც მას ძალიან განასხვავებს სხვა ცნობილი არქიტექტორებისგან. მიუხედავად მცირე შემოქმედებისა, მან 2009 წელს მოიპოვა არქიტექტურის დამსახურებული ჯილდო პრიცკერის პრემია. ცუმტორს ერთგვარი ეგზოტიკური აურა აქვს, მისი შენობები ისე გამოიყურება, თითქოს ხელით არის ნაკეთები, მიუხედავად მათი თანამედროვე ბუნებისა.
Kunsthaus Bregenz, Austria
არქიტექტორის 1997 წელს შესრულებული პროექტი ავსტრიაში, მუზეუმს პერმანენტული კოლექციები აქვს არქიტექტურის და თანამედროვე ხელოვნების. “ხელოვნების მუზეუმი დგას ტბის პირას და შორიდან ლამპარს გავს და შთანთქავს ცის ცვალებად სინათლეს” – ასე ახასიატებს შენობას არქიტექტორი.
ცუმტორის ნამუშევრების უმეტესობა მისი სახლიდან რამდენიმე საათის სავალ გზაზეა. 1997 წელს, როდესაც მისი ორი ყველაზე ცნობილი შენობა დასრულდა – ხელოვნების მუზეუმი ბრეგენცში და თერმული აბანოები ვალში, შვეიცარიაში, იგი არქიტექტურაში საკულტო ფიგურა გახდა. 1999 წელს, როდესაც იგი ლექციებს კითხულობდა ნიუ-იორკის არქიტექტურულ ლიგაში, მისი საუბრები უფრო ფართომასშტაბიანი აუდიტორიისთვის გაიყიდა და იმის გათვალისწინებით, რომ არქიტექტორს ძალიან ცოტა შესრულებული პროექტი ჰქონდა და თავის სამშობლოს ხშირად არც ტოვებდა, სხვადასხვა ხელოვნების სფეროების ძალიან დიდი ყურადღება მიიპყრო. ცუმტორისთვის, როგორც თავად აღნიშნავს, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გამოცდილებას, რომელსაც შენობა იძლევა და არა მის უკან არსებულ თეორიებს. ის ძალიან შორს არის პრაგმატული აზროვნებისგან, ის აკეთებს ექსპერიმენტებს განათების და მასალების მეშვეობით. ძალიან ხშირად მის პროექტებში კარგად ნაცნობი, ტრადიციული მასალები ძალიან განსხვავებული, ახალი გადაწყვეტებით არის გამოყენებული. როგორც თავად აღნიშნავს, არქიტექტურაში ბერვად დიდი მნიშვნელობა აქვს განათებას, სურნელს, ჩრდილებს და შეგრძნებებს, ვიდრე შენობის ფორმას. არქიტექტურულ სამყაროში პიტერ ცუმტორს აქვს ისეთივე მითიური რეპუტაცია, როგორიც მთაში განდეგილ ბერს, ძალიან ცოტა დამკვეთს აქვს იმის მოთმინება, რომ მის უკომპრომისო მიდგომას მოერგოს.