in

წვიმის წყლის შეგროვება და გამოყენება — როგორი პრაქტიკა არსებობს ამ მხრივ საქართველოში?

ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენება და გონივრულად ათვისება დიდ სარგებელს იძლევა როგორც ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე გარემოს გაუმჯობესების კუთხით. ერთ-ერთი ასეთი ბუნებრივი რესურსი წვიმის წყალია, რომლის შეგროვება ხელს უწყობს წყალმომარაგების სისტემების ეფექტურ გამოყენებას, ენერგიის დაზოგვას და საცხოვრებლის ენერგოეფექტურობის ზრდას.

წვიმის წყლის გამოყენება და უპირატესობა 

წვიმის წყალი გამოიყენება სამეურნეო დანიშნულებისა და ლანდშაფტის მორწყვისთვის, სველი წერტილების გასარეცხად, ავტომობილების გასაწმენდად, სამშენებლო სამუშაოებისთვის და საყოფაცხოვრებო საქმიანობისთვის. მის მოხმარებას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია:

წყალმომარაგების დაზოგვა — წვიმის წყალს უმეტესად სარწყავად და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქმიანობის შესასრულებლად იყენებენ, რაც საგრძნობლად ამცირებს მიწისქვეშა და გარე წყალმომარაგების სისტემაზე დამოკიდებულებას და  შედეგად, მათ რესურს ზოგავს.

გარემოზე ზიანის შემცირება — სწორად და რაციონალურად მოხმარებულმა ბუნებრივმა წყლის რესურსმა შესაძლოა შეამციროს წყლის სისტემების გამოყენება და მათი მეშვეობით წყლის მოხმარება, რაც  დადებითად იმოქმედებს გარემოზე და  ნაკლებ ზიანს მიაყენებს მას.

ეკონომიკური სარგებელი — წვიმის წყალი, რომლის მოხმარება სრულიად უფასოა, სარწყავად და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო სამუშაოებისთვის გამოიყენება, რაც ამცირებს ცენტრალური წყლის საჭიროებას და შესაბამისად, კომუნალურ ხარჯებსაც ზოგავს.

წვიმის წყლის პრაქტიკა საქართველოში

„შპს ესკო ესის“ მწვანე ინჟინერიისა და საწარმო ცენტრის ხელმძღვანელი — ზაალ ხელაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოში  წვიმის წყლის შეგროვება უმეტესად იმ რეგიონებში ხდება,  სადაც წყლის გარკვეული პრობლემები არსებობს და მოსახლეობას წყალი არასაკმარისად მიეწოდება. წყლის შეგროვება კი შემდეგნაირად მიმდინარეობს: სახურავზე სპეციალური მილსადენი ან სანიაღვრე ფილტრი ეწყობა, რომელშიც წვიმის წყალი ჩაედინება. შემდეგ წყალი რეზერვუარში ინაცვლებს და ინახება, რეზერვუარიდან კი წყლის რაოდენობა შესაბამის სისტემებს გადაეცემა გამოსაყენებლად.

„საქართველოში, საცხოვრებელ სახლებში, წყლის შეგროვების პრაქტიკა ძირითადად  იმ რეგიონებში გვხვდება, სადაც წყლის მიწოდების პრობლემებია. შეგროვებისთვის კი წყლის რეზერვუარი გამოიყენება, რომელშიც წყალი სახურავიდან ჩაედინება.  ეს წყალი არ იფილტრება, ამიტომ დასალევად და საყოფაცხოვრებო საქმიანობისთვის არ მოიხმარება, მას მხოლოდ სარწყავად და სამეურნეო დანიშნულებით იყენებენ“, — ზაალ ხელაძე.

წვიმის წყლის გამოყენების მნიშვნელობასა და საქართველოში არსებულ პრაქტიკაზე გვესაუბრებიან „პროკრედიტ ბანკშიც“, რომელიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. კომპანია ცდილობს, მაქსიმალურად რაციონალურად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, მათ ეფექტურ მოხმარებას შეუწყოს ხელი.

„ბანკის პასუხისმგებლობიანი მიდგომა საბანკო საქმიანობის მიმართ წარმოუდგენელია გარემოზე ზრუნვის გარეშე. სწორედ ამ მიზნით, კომპანიაში დანერგილია გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა, რომელიც ემსახურება როგორც რესურსების შიდა მოხმარების ოპტიმიზაციას, ასევე ჩვენი კლიენტების გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და ამ ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას“, — აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას „პროკრედიტ ბანკის“ წარმომადგენელი.

კომპანიაში ხაზს უსვამენ წვიმის წყლის შეგროვების და კულტივაციის აუცილებლობას და მის უპირატესობას მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის. რადგან ეს მეთოდი ამცირებს ტრადიციული გზით მოწოდებულ წყალზე დამოკიდებულებას, მფლობელს ანიჭებს მეტ ავტონომიას და მდგრად განვითარებას უწყობს ხელს.

„წვიმის წყლის რეზერვუარი ბანკის მიერ ბუნებრივი რესურსების ეფექტური მოხმარების ერთ-ერთი მაგალითია. წვიმის წყლის შეგროვება მოიაზრებს წყლის შეგროვების და შენახვის პროცესს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ საწარმოო მიზნებისათვის. აღნიშნული ხელს უწყობს ჰიდრო რესურსების მდგრად მართვასა და მენეჯმენტს. ეკოლოგიურ ასპექტთან ერთად კი მნიშვნელოვანია ფინანსური მხარეც, ვინაიდან ამგვარი პრაქტიკა საგრძნობლად ამცირებს გადასახადებს“.

როგორც „პროკრედიტ ბანკში“ განმარტავენ, წვიმის წყლის შეგროვება ძირითადად ხორციელდება შენობა-ნაგებობების სახურავებიდან, საიდანაც წყალი თავს იყრის სპეციალურად მოწყობილ წყლის რეზერვუარებში. გარდა ამისა, წვიმის წყლის შეგროვება შესაძლებელია მოხერხდეს ზედაპირიდანაც, სტაციონარულად არსებული რეზერვუარებით.

ჩვენ რესპონდენტი  საუბრობს საქართველოში წვიმის წყლის გამოყენების პრაქტიკაზე და ამბობს, რომ ამ მეთოდის დანერგვა განსაკუთრებით ეფექტური იქნება უხვი ნალექის მქონე რეგიონებში, ზღვისპირა ქალაქებში, სადაც შესაძლებელია დიდი რაოდენობით  წყლის შეგროვება და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება.

„პროკრედიტ ბანკის საპილოტე პროექტის წარმატებამ ცხადყო, რომ შესაძლებელია წვიმის წყლის გამოყენებით ბიზნესმა დაზოგოს ხარჯები და შეამციროს გარემოზე მავნე ზეგავლენა. ანალოგიური ტექნოლოგია საინტერესო აღმოჩენად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ზღვისპირა რეგიონებისთვის, რომლებიც უხვი ნალექით გამოირჩევა და შესაძლებლობას აჩენს დიდი რაოდენობის ჰიდრო რესურსის შეგროვებისა და გამოყენებისთვის. უხვი ნალექისგან შეგროვებული წვიმის წყალი შეიძლება ეფექტურად გამოიყენონ სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოშიც აგრო სექტორში, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ამავე დროს, დაზოგავს სასოფლო სამეურნეო საქმეზე დახარჯული წყლის რესურს“, —  აცხადებს „პროკრედიტ ბანკის“ წარმომადგენელი.

თუმცა, ჩვენი რესპონდენტების თქმით, წვიმის წყლის ეფექტური გამოყენების პოტენციალის მიუხედავად, რომელიც წყლის რესურსის დაზოგვას, გარემოზე ზიანის მინიმუმამდე შემცირებას და კომუნალური ხარჯების შემცირებას უწყობს ხელს, საქართველოში ეს პრაქტიკა ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, რაც პირველ რიგში, წვიმის წყლის მოპოვების პოპულარიზაციისთვის საჭირო ტექნიკური ბაზის არარსებობით არის გამოწვეული, ეს კი ამ მიმართულებით მომსახურე კომპანიების სიმცირიდან გამომდინარეობს. არასაკმარისი ცნობადობა  და ტექნიკური რესურსის ნაკლებობა კი წვიმის წყლის გამოყენებას ართულებს და ამ მიმართულებით განვითარებას აფერხებს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

მომხიბვლელი კაფე ნიუ-იორკში — ლიზა ტიმჩენკოს ნამუშევარი

თანამედროვე ინტერიერი ისტორიულ შენობაში