თითქმის ყველა კარგად ვიცნობთ მოდელ ბეჰატი პრინსლუსა და მომღერალ ადამ ლევინს, რომელთა მხიარული ხასიათი მათ არასტანდარტულ სახლშიც კარგად იგრძნობა. ესაა სახლი, რომელსაც გარშემო თვალწარმტაცი ბუნება აკრავს და შესაბამისად, სახლის გარე სივრცეს საკმაოდ დიდი ყურადღება აქვს დათმობილი. აქ ვხვდებით ბაღს, რომელიც რბილი ავეჯითა და მცენარეებითაა გაწყობილი. ასევე, აუზს თავისი შეზლონგებით. სახლის თითქმის ყველა ოთახს აქვს დიდი, შუშის კარი, რომელიც გარე აურას უხვად უშვებს სახლში.
სახლს არასტანდარტული ვუწოდეთ იმიტომ, რომ აქ არ ვხვდებით სრული სიზუსტით დაცულ მკაცრ სტილს – პირიქით, აქაურობა საინტერესო ნივთების, ფერებისა და ფორმების ნაზავია. როგორც ჩანს, წყვილისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა დიზაინს, არამედ კომფორტს აქვს. ალბათ, სწორედ ამიტომაა სახლში უხვად რბილი ავეჯი.
როგორც ჩანს, ბეჰატი პრინსლუსა და ადამ ლევინს ძალიან უყვართ ხელოვნება – ხელოვნების ნიმუშები თითქმის ყველა ოთახში გვხვდება. როგორც ცნობილია, მათ შესარჩევად წყვილი ხელოვნების მრჩეველ მერედით დეროუსთან თანამშრომლობდა.
ალბათ წყვილის პროფესიებიდან (და, მით უფრო, ბეჰატის პროფესიიდან) გამომდინარე, არაა გასაკვირი, რომ სახლის ორი ოთახი მათ გარდერობს ეთმობა.
სახლის ინტერიერი, ძირითადად ნეიტრალურ ფერებშია გადაწყვეტილი, რასაც იდეალურად ავსებს დიდი ზომის ნამუშევრები კედლებზე. ავეჯის უმეტესობა ხისაა, ეს მასალა კი კარგად ერწყმის სახლისთვის შერჩეულ ტონებს.
ფოტოგრაფი: William Abranowic