ყოფილი რანჩო განლაგებულია სანტა ბარბარას ტოროს კანიონის ერთ-ერთ მწვერვალზე, საიდანაც წყნარი ოკეანის გასაოცარი ხედები იშლება. დაახლოებით 24,000მ2 მიწის ნაკვეთზე განთავსებული თავშესაფარი განმარტოებულია. „ამას განსაკუთრებით ღამით ხვდებით, მაშინ, როდესაც ქარი უბერავს… განსხვავებული ტიპის ადამიანი უნდა იყო, რომ იქ, ძალიან მაღლა ყოფნა მოინდომო“ – ამბობს ჯონი.
მელენკამპმა საკუთარი ტექნიკური ჯგუფი დაიქირავა იმისთვის, რომ სამ ოთახიანი სახლი სამ კვირაში გარდაქმნილიყო. სათავსო მომღერლის სამხატვრო სტუდიად გადაკეთდა. „მე მომღერალი და სიმღერების ავტორი ვარ, ეს ჩემი ნამდვილი საქმეა, მაგრამ ყოველდღე ვხატავ. ძალიან გამიმართლა, რომ ხელოვანის ცხოვრებით ვიცხოვრე.
როგორც მისი სხვა სახლების შემთხვევაში, (რეზიდენციები ინდიანასა და ნიუ-იორკში) მელენკამპი თავის დიდი ხნის მეგობართან – ტრევორ გოფთან თანამშრომლობდა. აქ გოფმა თავისი ხელწერის გამოყენებით ინტერიერი ხელახლა შექმნა: მამაკაცური, მოუვლელი ავეჯი და სივრცეში მიმოფანტული ინდუსტრიული მინიშნებები (მაგალითად, Ridley-ის ფირმის მოტოციკლი მისაღებ ოთახში). ავეჯის ნაწილი მოტანილ იქნა ბლუმინგტონში (ინდიანას შტატი) მდებარე მელენკამპის ავეჯის სამი საწყობიდან, დანარჩენილი ნაწილი კი შეიძინეს ისეთი მომწოდებლებისგან, როგორიც არის Big Daddy’s Antiques. „მათ მართლაც უცნაური, ძველი და უნიკალური პროდუქტი აქვთ, ისეთი ნივთები, რომლებსაც ყველგან ვერ ნახავ და ტრევორმა კარგად იცის, რა მომწონს“ – განმარტავს მელენკამპი.
ჯონს განსაკუთრებით უყვარს მისაღები ოთახი, რომელიც ყავისფერი ტყავის სკამებითა და ძველი ხალიჩებით არის მორთული. ისეთი მუქი დეტალები, როგორიც არის ფოლადის საკიდი განათება, ხაზს უსვამს სივრცეს. კედლებზე გამოფენილია მუსიკოსის ზოგიერთი ნამუშევარი, რომელიც ხელოვნების სხვა ნიმუშებთან არის შერწყმული. თუმცა, ინტერიერის განმსაზღვრელი ფაქტორი პროექტორი და ეკრანია. „ეს ფანტასტიკურია! ძველი ფილმების ყურებას დიდ დროს ვუთმობ” – ამბობს ჯონი.
საინტერესოა, რომ მელენკამპს მონტესიტოს სახლის შეძენა შთააგონა 1961 წლის ვესტერნმა, რომელშიც მთავარ როლს მარლონ ბრანდო ასრულებს. მომღერალი იხსენებს, რომ ეს იდეა პირველად გოფთან განიხილა: „მე ვუთხარი, ნახე ფილმი სახელწოდებით “One-Eyed Jacks”. ფილმში კარლ მალდენი ოკეანის პირას აშენებულ პატარა ალიზის სახლში ცხოვრობს. ვუთხარი, იცი რა, ასეთი პატარა ესპანური სახლი ჩემთვის სავსებით საკმარისია.“