არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის ისტორიაში მრავლადაა იმის მაგალითი, თუ როგორ ხდებოდა დავიწყებული ეპოქების სტილები სუპერტრენდული და პირიქით. ნიჭიერმა არქიტექტორებმა და დიზაინერებმა ბევრჯერ დაგვიმტკიცეს, რომ მთავარი ტრენდი ერუდიცია, ინდივიდუალურობა და დახვეწილი გემოვნებაა. ტრენდების ელვისებური ცვლილება ამ სფეროს “ობივატელის” დაბნეულობას იწვევს, ამიტომაც ჩვენ შემოგთავაზეთ 7 “ანტიტრენდი” და თანამედროვე ეპოქის უახლესი 1 ტრენდი, რომლებიც ვფიქრობთ, ინტერიერში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.
1. სამზარეულო მასიური ხისგან
მასიური ხისგან, ტოსკანურ და პროვანს სტილში შესრულებული სამზარეულოები 90-იან წლებში ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი იყო. ამ სტილებს პატარა ფართებშიც კი, ქალაქგარე სახლის ფუფუნება და მყუდროება უნდა შემოეტანათ. დამახასიათებელი ფასადები, ფრეზები, კარნიზები, შეკიდული კარადების ზედა რიგი და უჩვეულო ფიგურული სახელურები წარსულს ჩაბარდა. თანამედროვე სამზარეულო კულინარული აღმოჩენებისა და ურთიერთობების ფუნქციური, ღია სივრცეა. ხელნაკეთის ქარხნული იმიტაცია და ხის მასიური ავეჯი კეთილშობილური სტატუსის ხასგასმის საუკეთესო საშუალება აღარაა.
2. მოჭიმული და შეკიდული ჭერები
მოჭიმული და შეკიდული ჭერების მიზანი მარტივია – მინიმუმამდე დაიყვანოს ჭერის მოპირკეთების დანახარჯები. როგორც წესი, ყოველი 5-10 წლის შემდეგ მოძველებულ სახლებში მათზე არასასურველი ბზარები ჩდება. მრავალსართულიანი შენობების ბოლო სართულებზე შეკიდული ან თაბაშირ მუყაოს ჭერი გამიზნულია ნესტიანი ლაქების დასაფარად. თუმცა, ხშირ შემთხვევაში გამძლეობის გამოცდას ვერ უძლებს, ხშირად ცუდი სუნი აქვთ, აუარესებს ჰაერის ცირკულაციას, არაეკოლოგიურია და რაც მთავარია, ჭერის სიმაღლის ძვირფასს სანტიმეტრებს ამცირებს.
3. პლინტუსი იატაკის ფერში
გარდა იმისა, რომ იატაკის ფერის პლინტუსის მოძებნა დანახარჯიანი საქმეა, ასევე ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ლამაზი იატაკი მასთან ერთან „გობს“ მოგვაგონებს. უცნაურია ორი სიბრტყის შემაერთებელი ხაზის აქცენტირება, განსაკუთრებით თუ ისინი სხვადასხვა ფერისაა. დღეს შეერთების არამიმზიდველი ღრიჭოების ამოვსების მრავალი საშუალება არსებობს. მიზანშეწონილია პლინტუსი კედლების ფერში შევღებოთ, ამოვირჩიოთ ლაკონური, მინიმალური რელიეფით, ბრტყელი და მაღალი, ან გავაკეთოთ კონტრასტული, ფერის აქცენტირებით. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პლინტუსი კედლის ნაწილია და არა იატაკის.
4. ტულის ფარდები
ის წარსულის რელიქვიაა. ტული რჩეულად იმათთვის რჩება, ვინც სასტუმრო ოთახს ჯერ კიდევ „ზალას“ ეძახის. ტილო მყუდროებას ყოველთვის არ შექმნის. ნებისმიერი ტექსტილი, განსაკუთრებით დიდი ფართის, ავტომატურად იზიდავს მტვერს. შეგახსენებთ, რომ მტვერი – ჯანმრთელი ინტერიერების მთავარი მტერია. ნებისმიერი ნაჭერი წინააღმდეგობას უწევს ბუნებრივი სინათლის შეღწევას, რომელიც მავნე ბაქტერიებს კლავს. როცა ფარდა აუცილებელია, დიზაინერები ლაკონურ ვარიანტებს გვთავაზობენ. ბუნებრივი მასალებისგან (რთული დრაფირებისა და მრავალი ფენის გარეშე) და მარტივს მოსავლელად. მოდური ფარდები ერთ ტონშია. ისინი არ იპყროს ფანჯრებისადმი ყურადღებას და ეხამებიან კედლის ტონს. ფანჯრების ყველაზე ტრენდული დეკორი – დეკორის საერთოდ არ არსებობაა.
5. ბარი და აკვარიუმი
„ბარი“ სამზარეულო ზედაპირის (კუნძულის) შეკვეცილი ვარიანტია, რომელიც პატარა ბინებისთვის მოიფიქრეს იმისთვის, რომ საუზმის დახლის ფუნქციაც იტვირთოს. საცხოვრებელ ინტერიერში მას არსებობის უფლება არ აქვს. მისი გამოყენების ერთადერთი შესაძლებელი სფერო ალკოჰოლური სასმელების დაწესებულებებია. სამაგიეროდ, დიზაინერები გვთავაზობენ ორ ვარიანტს: დავდგათ კომპაქტური გაერთიანებული მაგიდა ან თუ საკმარისი ადგილია, მოვაწყოთ სამზარეულოს ფუნქციური „კუნძული“, როგორც გაერთიანებული სამზარეულოსა და სასტუმროს ნაწილი. სასტუმრო სივრცისაკენ მიმართული, ის ზონების გადასვლას უფრო ჰარმონიულს გახდის. კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც ზედმეტია სახლში აკვარიუმია. ის საავადმყოფოებში და საბავშვო დაწესებულებებში ხშირად გვხვდება. მაშტაბური აკვარიუმები, ისევე როგორც ტრადიციული შუშის სფეროები, ცოცხალი არსებებისთვის საუკეთესო ადგილს არ წარმოადგენს.
6. ჯაკუზი
ჰიდრო მასაჟის მოუქნელი აბაზანები თანამედროვე ინტერიერში არატრენდულია. მას ლაკონურად ჩაშენებული საშხაპე სისტემები და კომპაქტური მოცულობები ჩაენაცვლა. ზოგჯერ მოუქნელი „ჯაკუზის“ ბინაში დადგმისთვის, აუცილებელი იყო მოჭიმული იატაკის შეცვლა. მძიმე, მონოლითური კონსტრუქციის მოტანა, ამწეკრანით ფანჯრებში შეტანა და მეზობლებისგან მრავალი არასასიამოვნო საუბრის მოსმენა გაუმართლებელი მსხვერპლია. დღევანდელ მსოფლიოში განსაკუთრებულად ანტიტრენდულია წყლისა და პლასტმასის დიდი რაოდენობით მოხმარება.
7. გაბარიტული მძიმე ავეჯი
ახალი თაობა უზარმაზარ საწერ მაგიდებსა და წიგნების კარადებს აღარ ყიდულობს. უარს ამბობს დიდ ავეჯზე, იგნორირებას უკეთებს მას და უპირატესობას ანიჭებს რბილ, მყუდრო და მობილურ ავეჯს. დღეს მთელი სიცოცხლის თან წაღება ერთი ლეპტოპითაა შესაძლებელი. ჩვენ აღარ გვინდა ბევრი ავეჯი, ვინაიდან მივდევთ პრინციპს „ერთი ნივთი ბევრის ნაცვლად“ – ამბობენ ახალი ადამიანები. ასევე არატრენდულია ტექსტილით ან მასიური ხით შესრულებული საწოლის მოზრდილი, მძიმე თავები.
1. ნებისმიერი ტრენდი ანტიტრენდულია
ტრენდები აღარ არის ტრენდული. თუ თქვენ აფიქსირებთ განვითარების ვექტორს, ე.ი. ის უკვე არსებობს მინიმუმ 1-2 წელი და ახალი არაა. ამასთან, დღეს ერთ-ერთი პოპულარული ტრენდი ინტერიერის დიზაინში – დროის „მიღმა“ სწორებაა სივრცეზე, რომელიც არ არის მიბმული რომელიმე კონკრეტულ ეპოქაზე. ინტერიერში, ტრენდების არ არსებობა ასევე უახლესი ტრენდია. აზრს კარგავს წინა საუკუნის სიტყვების გამოყენება: მოდერნი, პროვანსი, არტ-დეკო, ლოფტი ან ჰაი-თექი. არსებობს ერთი თანამედროვე „სტილი“, რომელიც გულისხმობს ჰარმონიულ ნაერთს, საგნის კულტურულ არჩევანს, კომფორტს და ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.