in

თბილისის არქიტექტურული და ურბანული გარემოს შესწავლა — კვლევითი ცენტრი „უბანის“ საქმიანობა

თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი“ მიზნად ისახავს თბილისის არქიტექტურული და ურბანული გარემოს შესწავლას და მის ბუნებრივ მახასიათებლებზე დაკვირვებას. ამ პროცესში ორგანიზაცია საგანმანათლებლო, საგამომცემლო და კვლევითი მიმართულებით მუშაობს, ამასთანავე კი ციფრული კარტოგრაფიისა და კვლევებზე დაფუძნებული გამოფენების მოწყობას გეგმავს. იდეის ავტორები ამ სფეროში მოღვაწე მეგობრები არიან — არქიტექტორი დავით ბროცკი, არქიტექტორი ნატა  ტატუნაშვილი და ხელოვნებათმცოდნე ანა ჩორგოლაშვილი.

როგორც დავით ბროცკი გვიამბობს, იტალიაში სწავლის პერიოდში, საქართველოში არქიტექტურული ჟურნალის დაარსების იდეა გაუჩნდა, რაც  მეგობრებსა და კოლეგებს გაუზიარა, რომლებმაც, თავის მხრივ, საკუთარი თვალთახედვა გააცნეს. ნატა ტატუნაშვილს საერთაშორისო სემინარებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მოწყობა სურდა, ანა ჩორგოლაშვილს თბილისის შესახებ გასული  საუკუნის ნაშრომები აინტერესებდა. საბოლოოდ, მეგობრებმა თბილისის არქიტექტურული მუზეუმის შექმნა და კვლევითი ცენტრის დაარსება გადაწყვიტეს, რომელიც არსებული ცოდნის დამუშავებას, დოკუმენტაციის მომზადებას და მის გაზიარებას შეუწყობდა ხელს. ამავდროულად, ცენტრი საჯარო პლატფორმის როლსაც  ითავსებს, რომელიც ღიაა ამ სფეროთი დაინტერესებული სპეციალისტებისთვის.  „უბანის“ კვლევითი ცენტრისა და მისი საქმიანობის  შესახებ დღეს ორგანიზაციის თანადამფუძნებელი, დავით ბროცკი გვესაუბრება.

დავით, პირველ რიგში, გვიამბეთ  რას საქმიანობს კვლევითი ცენტრი „უბანი“? 

თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი“ არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მთავარი ფოკუსია თბილისი, მის არქიტექტურასა და ბუნებრივ მახასიათებლებზე დაკვირვება. ორგანიზაცია ცდილობს, მოიძიოს და დაახარისხოს ინფორმაცია თბილისის არქიტექტურული და ურბანული გარემოს, მისი წარსულისა და აწმყოს შესახებ. შექმნას ახალი პერსპექტივა მხატვრული და სამეცნიერო მიდგომების საშუალებით,  რათა ხელახლა შეფასდეს თბილისის ლანდშაფტის რთული ქსოვილი, მისი არქიტექტურა და ურბანული განვითარების შესაძლებლობები.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ცოდნა და დისკურსი ფართო აუდიტორიისთვის — დარგის სპეციალისტების, მოყვარულების, ხელოვანებისა და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ.

გვიამბეთ იმ კვლევებისა და პროექტების შესახებ, რომელსაც „უბანი“ ახორციელებს?

ორგანიზაცია რამდენიმე მიმართულებით მუშაობს — საჯარო პროგრამა, რომელიც ლექციებისა და ღია საუბრების ორგანიზებას უზრუნველყოფს; საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც ადგილობრივ და საერთაშორისო უმაღლეს სასწავლებლებთან და ინსტიტუტებთან ვთანამშრომლობთ; საგამომცემლო მიმართულება, რომელიც არქიტექტურული ჟურნალის დაარსებასა და სხვადასხვა  პუბლიკაციების მომზადებას გულისხმობს.

ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს კვლევას, რომელიც ქალაქის შესახებ ფუნდამენტურ ნაშრომს ეთმობა და სადაც ახალ კვლევებთან ერთად, უკვე არსებული ინფორმაციის თარგმნა და ვიზუალური მასალის მოძიება ხდება. ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია ციფრული კარტოგრაფია, რაც ქალაქის ციფრული რუკის შექმნას გულისხმობს და ქალაქის განვითარების ეტაპების აღწერასა და მის თანამედროვეობაზე დაკვირვებას ისახავს მიზნად.

სამომავლოდ ვგეგმავთ თბილისის კვლევებზე დაფუძნებული გამოფენების ორგანიზებას და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებთან თანამშრომლობასაც.

“უბანის ” – სამუშაო სივრცე

როგორც ჩვენთვის ცნობილია, „უბანის“ სამწლიანი გეგმა მოიცავს კვლევას სხვადასხვა თემის ირგვლივ. გვიამბეთ თითოეული მათგანის შესახებ

“უბანის“ კვლევითი ჯგუფი თბილისის ნაშენი გარემოს, ბუნებრივი მოცემულობის შესწავლასა და არსებული ცოდნის გაღრმავებაზეა ორიენტირებული, მისი ძირითადი აქცენტი კი  თბილისის არქიტექტურის ისტორიასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ტექსტებზე კეთდება.

თითოეულ პროექტზე მუშაობა თბილისის არქიტექტურასა და ურბანულ გარემოზე არსებული ფუნდამენტური ტექსტის შერჩევით იწყება. მულტიდისციპლინური მიდგომითა და სხვადასხვა მედიუმის გამოყენებით კონკრეტული თემის არსის გააზრება და განხილვა ხდება. ინტერდისციპლინური თანამშრომლობის პროცესში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი და უცხოელი მკვლევრები, ისტორიკოსები, არქიტექტორები და არტისტები, ისეთი მედიუმები გამოიყენება, როგორებიცაა: ტექსტი, ფოტოგრაფია, ვიდეო, ინსტალაცია, რაც არსებული ცოდნის გადაფასებასა და გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ყოველი კვლევითი პროექტის „სასიცოცხლო ციკლი“ 12-18 თვეს მოიცავს. ამ დროის განმავლობაში, ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტების თანამშრომლობით საბოლოო შედეგები ჯამდება. ასევე, კვლევის პროცესში დეტალური დოკუმენტაცია იქმნება, რომელიც „უბანის“ ვებ-გვერდზე (ubani.center) ქვეყნდება.

პირველი წლის კვლევითი პროგრამა თბილისის კომპლექსური რელიეფის და ნაშენი გარემოს ურთიერთმიმართების შესწავლას ეთმობა. ცენტრალურ ნაშრომად კი  ვახტანგ ცინცაძის წიგნი  — „თბილისი. ძველი ქალაქის არქიტექტურა და მე-19 საუკუნის პირველი ნაწილის საცხოვრებელი სახლები” გვევლინება.

მომდევნო, 2025 წლის პროექტის ფარგლებში ქალაქის წყლის რესურსების (როლი, ტიპოლოგია, ზომა, ფორმა, ურთიერთკავშირი) კვლევა მოხდება, სადაც სხვადასხვა პერიოდის  ქალაქის ურბანული განვითარების პროექტებს დავაკვირდებით, რომლებიც თბილისის მდინარეებს, ტბებს, ჩანჩქერებს თუ სხვა წყლის რესურსებს ეხება და ქალაქის ცვლილებასა და თანამედროვე სახის ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას.

2026 წელს მესამე თემა დაეთმობა თბილისის ურბანული სტრუქტურის კვლევას.

საინტერესოა, რა თემებს გააერთიანებს არქიტექტურული ჟურნალი, რომლის მომზადებაზეც მუშაობთ ?

როგორც უკვე აღვნიშნე, ვგეგმავთ ორენოვანი არქიტექტურული ჟურნალის გამოცემას, რომელიც საქართველოსა და კავკასიის რეგიონის თანამედროვე და ისტორიული არქიტექტურის დაკვირვებასა და შესწავლას დაეთმობა. ჟურნალი ითვალისწინებს არქიტექტურის კრიტიკულ ანალიზს სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ კონტექსტებთან მიმართებაში. ეს იქნება წლიური გამოცემები და მიეძღვნება კონკრეტულ თემებს. თავს მოუყრის სხვადასხვა ექსპერტების ნაშრომებსა და სტატიებს.

ჟურნალის რედაქტორი გუნდთან ერთად მასალის ნაწილს ღია კონკურსის საფუძველზე შეარჩევს, ნაწილს კი მუდმივი ავტორები მოამზადებენ. ამასთანავე, ჟურნალში შევა ქართული თარგმანების დანართი, სადაც თემასთან დაკავშირებული არქიტექტურის თეორეტიკოსების მნიშვნელოვანი ტექსტები გამოქვეყნდება.

” უბანის ” – პრეზენტაცია კინოს სახლში

როგორც აღნიშნეთ, ორგანიზაცია ღიაა საზოგადოებისთვის და სასწავლო დაწესებულებებთან აქტიურად თანამშრომლობს, რა პროექტები განხორციელდა ამ მიმართულებით და როგორ შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს კვლევაში მონაწილეობის მიღება?

დიახ, ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ თბილისის რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელთან. მაგალითად, ვენის ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობით და „უბანის“ ორგანიზებით შედგა პროექტი სახელწოდებით —„ჭეშმარიტი სოციალიზმის არქივი, თბილისი“, რაც გულისხმობდა ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტების მონაწილეობით თბილისში საველე სამუშაოების ჩატარებას და ე.წ. საბჭოთა მოდერნისტული გეგმარების შესწავლას სამ არქიტექტურულ კომპლექსზე დაკვირვებით: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივის კომპლექსი, ყოფილი „VDNKH“, ამჟამინდელი “ექსპო ჯორჯიას” შენობა და ყოფილი აკადემქალაქი საბურთალოზე.

” უბანის ” – პრეზენტაცია კინოს სახლში

ასევე, ჩვენს სამუშაო სივრცეში (პეტრიაშვილის N24) ვაგროვებთ წიგნებს, რათა სამომავლოდ შევქმნათ ბიბლიოთეკა თბილისის არქიტექტურის შესახებ. შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შემოგვწიროს წიგნები. რაც შეეხება ჩვენს პროექტებში მონაწილეობის მიღებას, „უბანის“ ვებ-გვერდზე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ჩვენი კვლევების, ღონისძიებებისა და პროექტში მონაწილეობის შესახებ.

დაბოლოს, თქვენი აზრით, რა როლს შეასრულებს „უბანის“ საქმიანობა ქალაქის განვითარებისა და მისი უკეთ შესწავლის მიმართულებით?  

ორგანიზაციის სურვილია, რომ ხელმისაწვდომი გახადოს ცოდნა თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობისა და მისი თანამედროვე ურბანული ფორმის შესახებ. ასევე ჩვენ ვგეგმავთ, ჩავატაროთ ახალი კვლევები და ფართო აუდიტორიას ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. ძნელი გამოსაცნობია, სამომავლო პერსპექტივაში რა ტიპის გავლენას იქონიებს ქალაქზე ცოდნის აკუმულაცია და ხელმისაწვდომობა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს პროცესი ცალსახად პროგრესული იქნება.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ტრადიციულ სტილში მოწყობილი კოტეჯი შვედეთში

კერძო სახლის მშენებლობისას გასათვალისწინებელი ფაქტორები — რუსუდან ლაშხის გზამკვლევი